ინტერვიუები

10:40 | 7.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

კარლ-ჰაინც რუმენიგე: "ბაიერნი” აღარავის შეიძენს"

მიუნხენის “ბაიერნი”, მიმდინარე იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, პასიური იქნება და კლუბი აღარავის დაიმატებს. გერმანულ გამოცემა Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ, გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუნხენელები მხოლოდ ისეთ ფეხბურთელებს ყიდულობენ, რომლებიც გუნდის თამაშს გარანტირებულად აძლიერებენ. ამასთან, “ბაიერნის” მაღალჩინოსანმა, მიმდინარე სეზონის მიზნებიც გაამხილა.  
- ყატარში გამგზავრების წინ, ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ შეტევის ხაზში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდებოდნენ...
- ალბათ, მას მხედველობაში არიენ რობენი ჰყავდა, რომელიც ტრავმის შემდეგ მინდორს უბრუნდება (იცინის). სერიოზულად რომ გიპასუხოთ, იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას, აღარავის შეძენას არ ვაპირებთ.
- გამოდის, რომ “ევერტონის” ფეხბურთელ ბეინსს არ დაიმატებთ?
- მას ბედნიერებას ვერ დავაძალებთ. ბეინსს ლივერპულში ცხოვრება ურჩევნია და ძალადობით არაფერი გამოვა.
- “ბაიერნის” პოტენციურ ახალწვეულად ედინ ჯეკოც მიიჩნევა. მისთვის ბრძოლაში თუ ჩაერთვებით?
- ჯეკო დიდებული თავდამსხმელია, თუმცა, მარიო გომესი ჩვენთან ბრწყინვალედ განვითარდა, ჩვენ მას ვენდობით და მისით სრულიად კმაყოფილნი ვართ.
- გუსტავო, რომელსაც საერთაშორისო შეხვედრების გამოცდილება არ აქვს, “ბაიერნისთვის” რეალურ გაძლიერებას თუ წარმოადგენს?
- რა თქმა უნდა! ჩვენ მხოლოდ იმ ფეხბურთელებს ვყიდულობთ, რომლებიც გუნდის თამაშს გარანტირებულად აძლიერებენ. გუსტავოს შეუძლია დაცვის ცენტრში, ან მარცხენა ფლანგზე დაგვეხმაროს. ამასთან, მას ნახევარდაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში. ამ ბიჭს ხასიათი აქვს, თანაც, ლუის ვან გაალის სასურველი მოთამაშე იყო.
- როგორ მოახერხეთ “ჰოფენჰაიმთან” შეთანხმების ასე უცებ მიღწევა?
- ჯერ კიდევ წლის დასრულებამდე, ამ შეთანხმების გაფორმება ორივე მხარეს სურდა. დიმიტრი ჰოპთან მოლაპარაკებამ მშვენივრად ჩაიარა. ის საიმედო, სერიოზული და სასიამოვნო ადამიანია. ასეთი ხალხი ბუნდესლიგას ალამაზებს. საქმე ბოლომდე ორიოდე დღეში მივიყვანეთ.
- მარკ ვან ბომელი თქვენთან რჩება?
- მხოლოდ ამის თქმა შემიძლია - მარკი წარჩინებული კაპიტანია და მოხარული ვიქნები, ჩვენთან თუ დარჩება.
- რას უნდა ველოდეთ სეზონის მეორე ნახევრიდან?
- სამივე ტურნირზე ბოლომდე ვიბრძოლებთ. რობენთან და გუსტავოს-თან ერთად, ბევრად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე პირველ წრეში. ჩვენ გვსურს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე “ინტერი” დავამარცხოთ, მოვიგოთ გერმანიის თასი, რაც შეეხება ბუნდესლიგას, ვნახოთ...
- ფიქრობთ, რომ “დორტმუნდთან” 14 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეგიძლიათ?
- ჩვენ კონცენტრაციას მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვახდენთ. დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე წრეში იმაზე ბევრ ქულას მოვაგროვებთ, ვიდრე პირველში. ფრანც ბეკენბაუერმა სწორედ შენიშნა - “დორტმუნდს” იქამდე ვაქებთ, სანამ კრიზისში არ აღმოჩნდება”.
- ალაბა “ჰოფენჰაიმში” სეზონის ბოლომდე არენდით გაუშვით. რატომ არ გაყიდეთ?
- ჩვენ მისი გვჯერა. ის უმოკლეს დროში, შესაძლოა, ძალიან კარგი ფეხბურთელი გახდეს. ასეთი მოთამაშეები არ იყიდებიან.
- ჰუმელსთან დაკავშირებით, განსხვავებული სიტუაციაა. თქვენ ის “დორტმუნდში” გაუშვით და შეთანხმებაში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, 2012 წელს მისი 8 მილიონ ევროდ დაბრუნება შეგიძლიათ. ის დაბრუნდება?
- ასეთი საქციელი არასამართლიანი იქნება. ამ გზით დორტმუნდელთა რიგებში არეულობის შეტანა არ შეიძლება. ჰუმელსის თემა ამ ეტაპზე დახურულია.
- ყველასათვის ცნობილია, რომ “ბაიერნი” “შალკეს” მეკარე ნოიერითაა დაინტერესებული. თუ აგრძნობინეთ გელზენკირხენელებს, რომ მასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების დაწყებას აპირებთ?
- მოცემულ მომენტში, ამ ფაქტის კომენტირებას არ ვაპირებთ. ფაქტი ისაა, რომ ბუტისა და კრაფტის სახით, ორი დიდებული მეკარე გვყავს. ახლა მშვიდად უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.10126