მიუნხენის “ბაიერნი” დამაჯერებლად გახდა გერმანული ბუნდესლიგის “ზამთრის ჩემპიონი”, ევროარენაზეც ჯგუფური ეტაპი წარმატებით ჩაატარა და საბოლოოდ პირველ ადგილზე დამკვიდრდა. ევროპის კლუბების ასოციაციის თავმჯდომარე, კლუბის ექსთავკაცი კარლ ჰაინც რუმენიგე ბავარიულ გრანდში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და ბავარიული გრანდის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში მთლიანობაში გერმანული საკლუბო ფეხბურთის პროგრესზე ამახვილებს ყურადღებას.
- ჰერ რუმენიგე, მიუნხენის “ბაიერნმა” ზედიზედ მესამედ დაასრულა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ საფეხურზე...
- ეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რამდენად წარმატებით და სტაბილურად გამოვდივართ საფეხბურთო ევროსცენაზე. უეფას საკლუბო რეიტინგში ამასწინათ “მანჩესტერ იუნაიტედს” გავასწარით და მხოლოდ “ბარსელონას” ჩამოვრჩებით. ეს ფაქტი ძალიან მახარებს. ჩვენთვის პრესტიჟის საქმეა ესოდენ მაღალი პოზიციის დაკავება.
- მთლიანობაში როგორ შეაფასებთ “ბაიერნის” გამოსვლას ჯგუფურ ეტაპზე? პირველ ადგილზე გასვლის მიუხედავად, მინსკში, ბატე-სთან დამარცხდით...
- მთავარია, ფინიში კარგი გამოგვივიდა. მინსკში წაგება მოულოდნელი უსიამოვნება იყო, თანაც იმ მომენტში 2 მატჩიდან აქტივში მხოლოდ 3 ქულა გვქონდა. მთლიანად თუ განვიხილავთ ჩვენ გამოსვლას პირველ სტადიაზე, ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია, რასაც დაკავებული პოზიციაც ადასტურებს.
- “დორტმუნდმა” და “შალკემაც”ჯგუფური სტადია სალიდერო ადგილზე დაასრულეს...
- ეს გერმანული ბუნდესლიგის ძლიერებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. დორტმუნდელებმაც და გელზენკირხენელებმაც რთულ ჯგუფებში იპირველეს, რითაც გერმანული კლუბების რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდა.
- მოდით ბუნდესლიგა ევროპის წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებს შევადაროთ...
- ესპანეთში ჩემპიონობისთვის 2 კლუბი იბრძვის, ინგლისში 3-4. გერმანიაში “ბაიერნი”, “დორტმუნდი”, “ლევერკუზენი” და “შალკე” დომინირებენ, თუმცა, ამ კვარტეტიდან ნებისმიერი შეიძლება დამარცხდეს თუნდაც აუტსაიდერთან. სხვა ჩემპიონატებში ამგვარი ტენდენცია არ შეინიშნება. ბუნდესლიგაში სტაბილური ფინანსური პოლიტიკა ტარდება, ამასთან გერმანული ფეხბურთის ფუნქციონერები ერთმანეთთან სოლიდარულები არიან. ბუნდესლიგას ყველა შანსი აქვს საიმისოდ, რათა ევროპულ ფეხბურთში პოზიცია კიდევ უფრო გაიმყაროს.
- 20 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის კენჭისყრა ჩატარდება. კლუბების წარმომადგენლები დაუფარავად ამბობენ, რომ “ბაიერნთან” “დაჯახება” არ სურთ...
- მეტსაც გეტყვით – ყველა უნდა მოერიდოს არა მარტო “ბაიერნთან”, არამედ გერმანულ გუნდებთან დაპირისპირებას. ჩვენ რაც შეგვეხება, შესაძლო მეტოქეების შესაძლებლობებს ვაანალიზებთ. ჩვენ სავარაუდო მოწინააღმდეგეთა შორის ევროგრანდებიც არიან.
- ამასწინათ მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა 64-მდე სურს. ეს ნოვაცია თქვენთვის მისაღებია?
- ხარისხის გაუარესების ხარჯზე რაოდენობის გაზრდა სასურველი არაა. სადღეისოდ ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია. ამ შეჯიბრების დონე გულშემატკივარსაც მოსწონს, კლუბების შემოსავალი კი ყოველწლიურად იზრდება. კარგი იქნება, თუკი ჩემპიონთა ლიგას ხელს არ ვახლებთ.
- უეფას პრეზიდენტი ევროპის ლიგის გაუქმების მომხრეა...
- პირდაპირ გეტყვით – ეს გადაწყვეტილება მცდარი და ფეხბურთისთვის საზიანო იქნება. უეფას მოთმინებისკენ მოვუწოდებ. კარგად მახსოვს, გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩემპიონთა ლიგას აკრიტიკებდნენ. იმხანად ამ შეჯიბრების ფინანსური მოგება განუზომლად უფრო მცირე იყო.
- მოდით “ბაიერნს” მივუბრუნდეთ. ზამთრის არდადეგების პერიოდში გუნდის შემადგენლობის ცვლილება იგეგმება?
- გუნდი კარგადაა დაკომპლექტებული, მაგრამ სელექციის თაობაზე გუნდის მთავარ მწვრთნელს იუპ ჰაინკესსა და კლუბის სპორტულ დირექტორს მათიას ზამერს მოვეთათბირებით.
გოჩა კაჭარავა









