მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი კარლ-ჰაინც რუმენიგე, გერმანულ გამოცემა Bild-ს ესაუბრა და ის მიზეზები ახსნა, რის გამოც, დაკავებული თანამდებობიდან გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლუის ვან გაალი გაათავისუფლეს. ის ამბობს, რომ გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა გუნდის მიერ დაკავებულ ადგილზე არაა დამოკიდებული.
რუმენიგეს ფიქრიც კი არ უნდა იმაზე, რომ “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს და ასეთ ალბათობას ტრაგედიად აღიქვამს, მაგრამ ის ყველაფრისთვის მზადაა. გარდა ვან გაალის გათავისუფლებისა, “ბაიერნის” პრეზიდენტმა გუნდის მომავალ თავკაც იუპ ჰაინკესზეც ისაუბრა.
- თუ გეძინათ იმ ღამით, როდესაც ლუის ვან გაალის გაშვების გადაწყვეტილება მიიღეთ?
- რა თქმა უნდა. ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. წინა დღეები ნაკლებად სასიამოვნო იყო, ისევე, როგორც მთელი სეზონი, რომლის დროსაც მხიარული მუსიკა მუდამ სხვის ქუჩაზე ისმოდა.
- შეცდომა იყო ის, რომ ვან გაალი ჯერ კიდევ შვიდ მარტს არ დაითხოვეთ და მას მუშაობის გაგრძელების საშუალება სეზონის ბოლომდე მიეცით?
- ვერ გეტყვით. ჩვენ მართლაც გვსურდა მასთან თანამშრომლობა სეზონის ბოლომდე გაგვეგრძელებინა, ოღონდ ერთი პირობით - თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა, ზუსტად ისე მოვიქცეოდით, როგორც გასულ შაბათს მოვიქეცით.
- მომხდარში რა დანაშაული მიუძღვის კლუბის ხელმძღვანელობას?
- ჩვენ, ყველანი ერთად, კლუბში მომხდარ ნებისმიერ მოვლენაზე ვართ პასუხისმგებელნი, როგორც კარგზე, ასევე ცუდზე.
- რაში მდგომარეობას ვან გაალის წარუმატებლობის მიზეზი?
- ვან გაალის წარუმატებლობის მიზეზი ცხადზე ცხადია და ის თავად მის ხასიათსა და ქცევაში იკითხება. თუ მსგავს სტილს დატოვებ, ისევე, როგორც ფელიქს მაგათის შემთხვევაში, ის შესაბამისი წარმატებით უნდა იყოს გამყარებული. როდესაც წარმატებები არ არის, მაშინ მსგავსი სტილის პოზიტიურობა იკარგება. ამაში დასარწმუნებულად, საკმარისია, რომ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს და დანარჩენ ტურნირებს გადავავლოთ თვალი და ყველაფერი ნათელი გახდება.
- სწორედ ამის გამოა, რომ ჰაინკესი გუნდის მთავარი მწვრთნელი აგერ უკვე მესამედ გახდება?
- იუპზე ფანტასტიკური წარმოდგენა ჩამომიყალიბდა. ის კლუბის ხელმძღვანელობას და ფეხბურთელებს ერთი საერთო მიზნისთვის აერთიანებს. ის ისეთი ადამიანია, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებში მომენტალურად დაგარწმუნებს.
- თუ უახლოეს ტურში მისი “ლევერკუზენი” მიუნხენში მოიგებს, თავად საჩემპიონო შანსს შეინარჩუნებს, “ბაიერნი” კი პირიქით, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტან მესამე ადგილს კიდევ უფრო დაშორდება...
- მოცემულ მომენტში მისი ამოცანა სწორედ ესაა. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ბუნდესლიგის XXXIV ტურამდე, ის მხოლოდ “ლევერკუზენის” საქმეებითაა დაკავებული. საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება მისთვის დამახასიათებელია.
- ული ჰიონესმა გულშემატკივრებში “ანტინოიერისტული” განწყობილების შექმნა ვან გაალს დააბრალა, რომელმაც კარის დაცვა ბუტის ნაცვლად ტომას კრააფტს მიანდო. თუკი “ბაიერნის” კარში ბუტი დაბრუნდება, ეს პროტესტი შეწყდება?
- ბოლო პერიოდში ფანებისგან იმდენი წერილი მივიღე, რამდენიც აქამდე არასდროს ყოფილა. ყველა ერთი და იმავე შინაარსის იყო. უწინარესად, ყველა აღნიშნავს ჰიონესის “ბაიერნისადმი” დამსახურებას, ხოლო მეორე, ყველა მოითხოვს, რომ თუკი მცირედი შანსი მაინც არსებობს, ნოიერის ხელში ჩასაგდებად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.
- “ბაიერნის” პრეზიდენტი ჰიონესი ირწმუნება, რომ გუნდის წარუმატებლობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვან გაალმა მეკარის როტაცია გადაწყვიტა. ეს სიმართლეს შეესაბამება?
- ვან გაალმა კარგად იცოდა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, ასეთი გადაწყვეტილება აფეთქების საშიშროებას შეიცავდა და მას ამის შესახებ ჩვენც ვაცნობეთ. ბუტი გუნდის იერარქიაში ძალიან დიდ, დამაკავშირებელ როლს თამაშობს. ასეთმა გადაწყვეტილებამ ნოიერის შეძენასთან დაკავშირებით გამართულ ცხარე დისკუსიაზე, ცეცხლზე ნავთის დასხმასავით იმოქმედა. თუკი ბუნდესლიგის მეორე წრეში “ბაიერნის” კარში ბუტი იდგებოდა, მსგავსი სიტუაცია საერთოდ არ შეიქმნებოდა.
- თქვენ გაქვთ ლუის ვან გაალის მიერ ნაჩუქარი წიგნი, რომელზეც ეწერა - “მისგან ჯერ კიდევ ბევრი რამის სწავლა შეიძლება”?
- არა, მე ის სხვას ვაჩუქე, ისე, რომ ვერც კი გამოვიყენე.
- “ბაიერნის” მომავალი სატრანსფერო პოლიტიკა, თუნდაც იმავე ნოიერის, დამოკიდებულია იმაზე, ითამაშებს თუ არა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე?
- არა, ჩვენი სატრანსფერო გადაწყვეტილებები ამაზე არანაირად არ იქნება დამოკიდებული. 2007 წელს, ჩვენ მხოლოდ უეფას თასზე ვთამაშობდით, მაგრამ ფრანკ რიბერისთან, ტონისთან, კლოზესთან და ალთინთოფთან კონტრაქტერბი მაინც გავაფორმეთ. ტრანსფერების შესახებ გადაწყვეტილებებს იუპთან ერთად მივიღებთ, მაგრამ ახლავე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურები ვიქნებით.
- შეუძლია “ბაიერნის” მწვრთნელს წარმატების იმედი ჰქონდეს, თუკი ის თქვენი, ანაც ული ჰიონესის მეგობარია?
- სულაც არაა აუცილებელი ჩემი, ანდაც ჰიონესის მეგობრობა. ამასთან, კლუბი ისეთად უნდა აღიქვა, როგორი წარმატებულიც უკანასკნელი 30-40 წლის განმავლობაში იყო. ჩვენ ყველა მწვრთნელს გვერდში ვუდგავართ, მაშინაც კი, როდესაც მას პრობლემები აქვს. შესაძლოა, ის ჩემპიონიც ვერ გახდეს. ჩვენი კლუბი იმითაა დიდი, რომ აქ ერთი ოჯახივით ვცხოვრობთ. ვალდებულები არ ვართ, ყოველ წელს ჩემპიონები გავხდეთ, მაგრამ აუცილებელია, რომ ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ. ამის შესახებ ვან გაალმაც იცოდა, მაგრამ რამდენიმე ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომლებმაც ამ მიზნის მიღწევას ხელი შეუშალეს.
- წინდაწინ არ იცოდით ვან გაალს როგორი ხასიათი ჰქონდა?
- ვიცოდით, რომ მას ეკლიანი და არცთუ იოლი ხასიათი ჰქონდა. როდესაც მის კანდიდატურას განვიხილავდით, ხმა ყველამ ერთად დავუჭირეთ, მათ შორის ფრანც ბეკენბაუერმაც, რადგანაც გვსურდა მწვრთნელად ფეხბურთის მასწავლებელი გვყოლოდა. მან მოლაპარაკებების დროს გვითხრა: “მე ვიცი, როგორ ფუნქციონირებს “ბაიერნი”. ჩვენ ერთად წარმატებულად და ჰარმონიულად ვიმუშავებთ”. საწინააღმდეგო ჩვენი მიზეზის გამო არ მომხდარა.
- არ ნანობთ, რომ 2008 წელს არჩევანი კლოპის ნაცვლად კლინსმანზე შეაჩერეთ?
- იურგენ კლოპი დიდებული სპეციალისტია. მან ეს კარგად დაგვანახა, როდესაც “დორტმუნდი” სრულიად ახალ გუნდად აქცია. ეჭვი მეპარება, რომ “ბაიერნს” ამხელა დრო ჰქონოდა. ახლა ისეთი მწვრთნელი გვეყოლება, რომელიც “ბაიერნს” ჩინებულად მოერგება.
- რას გააკეთებთ მაშინ, თუკი მიმდინარე სეზონის ჯამში “ბაიერნი” მესამე ადგილს ვერ დაიკავებს და შესაბამისად, 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის შანსსაც (2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენში გაიმართება - რედ.) დაკარგავს?
- ეს იქნება ძალიან დიდი და სამწუხარო იმედგაცრუება. ვიმედოვნებ, რომ ანდრეას იონკერის გუნდი მსგავს საშინელებას თავიდან აგვარიდებს.
- რიბერი და რობენი გუნდში იმ შემთხვევაშიც დარჩებიან თუ მხოლოდ ევროპის ლიგაზე ითამაშებთ?
- ამის გარანტია შემიძლია ახლავე მოგცეთ და არა მხოლოდ ამ ორ ფეხბურთელთან დაკავშირებით. ჩვენ არ გავყიდით ძირითადი შემადგენლობის არცერთ ფეხბურთელს, რომლის შესაძლებლობებშიც დარწმუნებული ვართ.
- მიგაჩნიათ, რომ “ბაიერნის” თავმოყვარეობაზე გარკვეული დარტყმა განხორციელდა?
- ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის არ ვიბრძოლოთ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ იუპ ჰაინკესთან და იმ ტრანსფერებთან ერთად, რომლებსაც განვახორციელებთ, ჩემპიონის ტიტულის გარეშე დავრჩეთ. ჩვენ საჩემპიონო ამბიცია გვაქვს და ამ კუთხით არაფერი არ შეიცვლება.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა









