მიუნხენის “ბაიერნს”, საშინაო არენაზე საქმეები ცუდად მისდის. გერმანიის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, ბუნდესლიგის მორიგი გათამაშების სტარტი წარუმატებლად აიღო და 13 ტურის გასრულების შემდეგ, ლიდერ დორტმუნდის “ბორუსიას” 14 ქულით ჩამორჩება. ამას, გუნდის ჰოლანდიელ მწვრთნელ ლუის ვან გაალსა და კლუბის ხელმძღვანელობის წევრებს შორის განხეთქილებაც დაერთო. “ბაიერნის” მმართველი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, “ტაგეზცაიტუნგისთვის” მიცემულ ინტერვიუში კლუბში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და გუნდის სამომავლო პერსპექტივასაც სახავს.
- ამასწინათ, ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ბასტიან შვაინშტაიგერის გაყიდვას ურჩევს. ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებმა გაგაკვირვათ?
- დიახ, ასეა. ვან გაალის სიტყვები ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ეს საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის, ამიტომაც, ბასტის გასხვისებაზე საუბარს არ ვაპირებ.
- გავიხსენოთ ული ჰიონესისა და ვან გაალის უთანხმოება. რამდენიმე კვირის წინ, ჰიონესმა “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი მკაცრად გააკრიტიკა. იმ ისტორიის გათვალისწინებით, რატომ მოიქცა ჰოლანდიელი კიდევ ერთხელ დაუფიქრებლად და გუნდისთვის მნიშვნელოვანი რამ, კლუბის ხელმძღვანელებთან შეუთანხმებლად განაცხადა?
- ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – კლუბში ფუნქციების მკაცრად გადანაწილების მომხრე გახლავართ. მთავარი მწვრთნელის საქმე სავარჯიშო პროცესის ეფექტურად წარმართვა, ტაქტიკის შემუშავება და მატჩზე შემადგენლობის განსაზღვრაა. საკადრო საკითხს რაც შეეხება, მისი წარმართვა კლუბის მმართველი საბჭოს პრეროგატივაა.
- თუკი, ვან გაალი კიდევ ერთხელ გამოთქვამს შვაინშტაიგერის გასხვისების სურვილს და ამ მიზნით უშუალოდ თქვენ მოგმართავთ, რას უპასუხებთ მთავარ მწვრთნელს?
- ამ შემთხვევაში, მწვრთნელის აზრს არ გავიზიარებ. ბასტიანთან მიმართებაში, კლუბის ხელმძღვანელობის პოზიცია ნათლადაა გამოსახული და მის რევიზიას ვერავინ გვაიძულებს. შვანშტაიგერის საკითხი კლუბის მმართველთა საბჭოზე განვიხილეთ და მისი “ბაიერნში” დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება ერთხმადაა მიღებული. მეტსაც გეტყვით, შვაინშტაიგერთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვმუშაობთ და თუ ეს არ გამოგვივიდა, ბასტიანი, ყველა შემთხვევაში, ჩვენთან 2012 წლის 30 ივნისამდე მაინც დარჩება.
- ადრე აცხადებდით, რომ ვან გაალს მოთამაშეთა შერჩევაში ხელს არ შეუშლიდით. მწვრთნელს სატრანსფერო საქმეებში ჩარევის უფლება, არ აქვს?
- ცხადია, ფეხბურთელთა ყიდვა-გაყიდვისას მწვრთნელის თვალსაზრისზე ვიქნებით ორიენტირებულნი, მაგრამ ბასტიან შვაინშტაიგერის საქმე განსაკუთრებული შემთხვევაა.
- ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, ფეხბურთელების ყიდვას თუ აპირებთ?
- მოსაფიქრებლად დრო კიდევ გვაქვს. დაველოდებით მოვლენათა განვითარებას, შექმნილ მდგომარეობას სერიოზულად გავაანალიზებთ და საჭიროების შემთხვევაში, მოთამაშეებსაც შევიძენთ.
- ვან გაალსა და ფრანკ რიბერის შორის წამოჭრილ უთანხმოებას რა კომენტარს გაუკეთებდით?
- ეს კი, უკვე მთლიანად ვან გაალის გადასაწყვეტი საკითხია და ამ შემთხვევაში, კლუბი დამრიგებლის პოზიციას დაუჭერს მხარს.
- დორტმუნდის “ბორუსიას” 14 ქულით ჩამორჩებით. ბუნდესლიგის მოგებაზე, უკვე ხელი გაქვთ ჩაქნეული?
- ასე ნამდვილად არაა. ცხადია, სატურნირო ცხრილში ჩვენი მოკრძალებული მერვე ადგილი არ გვახარებს, მაგრამ ისიც მსურს ვთქვა, რომ ლევერკუზენსა და მიონხენგლადბახში ურიგოდ არ გვითამაშია, ქულები კი დაცვაში დაშვებული ბავშვური შეცდომების გამო დავკარგეთ. ვიმედოვნებ, ანალოგიური რამ მომავალში არ განმეორდება, მითუმეტეს, ხსენებული ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად, გუნდი მუშაობს.
- როდის მიულოცავთ დორტმუნდელთა მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს ჩემპიონატში გამარჯვებას?
- მხოლოდ მაშინ, როცა “ბორუსიას” დაწევის თეორიულ შანსს დავკარგავთ. გარწმუნებთ, სანამ “ბაიერნს” პირველობის მოპოვების მცირედი შანსი მაინც ექნება შერჩენილი, საჩემპიონო ტიტულის შესანარჩუნებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ









