ინტერვიუები

13:22 | 18.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

კარლეს პუიოლი: “ესპანეთის თასის ფინალში მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდი ითამაშებს”

ტრავმით გამოწვეული სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, “ბარსელონას” კაპიტანი კარლეს პუიოლი კატალონურ გრანდს გასულ შაბათს, მადრიდის “რეალთან” პრინციპულ მატჩში დაუბრუნდა. “ბლაუგრანას” უკანახაზელმა, 58-ე წუთზე, “სანტიაგო ბერნაბეუს” მინდორი საკაცეთი დატოვა, თუმცა, როგორც პუიოლი “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში ირწმუნება, საგანგაშო არაფერია და შესაძლოა, იგი გვარდიოლამ ოც აპრილს, ესპანეთის “სამეფო თასის” ფინალში ძირითად შემადგენლობაში დააყენოს.


- რა კომენტარს გააკეთებთ “სანტიაგო ბერნაბეუზე” შაბათს ცატარებული პრინციპული დაპირისპირების შესახებ? გულშემატკივართა და სპეციალისტთა სოლიდური ნაწილის აზრით, “რეალი” ისევ ფრთხილ ტაქტიკას აირჩევს სამეფო თასის ფინალსა და ჩემპიონთა ლიგის ორ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში...
- ჟოზე მოურინიოს გუნდის ამგვარი თამაში ჩვენთვის მოულოდნელი არაა. “რეალი” კონტრშეტევით ცდილობდა სასურველი შედეგის მიღწევას. ეს გასაკვირი არაა. “ბარსელონას” წინააღმდეგ გამოსვლისას, მეტოქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ამგვარ ტაქტიკას ირჩევს ხოლმე. შესაძლოა, ეს ფეხბურთის ქომაგებს ნაკლებად მოსწონდეთ, მაგრამ პირადად მე, მეტოქეთა სიფრთხილე არ მაკვირვებს. თუკი სხვები ამგვარად გვიპირისპირდებიან, “რეალი” რატომ უნდა იყოს გამონაკლისი? ნებისმიერი მწვრთნელი თავის გუნდს ისე ათამაშებს, როგორც საჭიროდ თვლის შედეგის მისაღწევად. კონკრეტულად “რეალს” რაც შეეხება, კასტილიელების ძალა დაცვაში თამაში და მწვავე კონტრიერიშების განხორციელებაა.
- ნამატჩევს ჟოზე მოურინიო არბიტრის მოქმედებით უკმაყოფილებას არ მალავდა...
- სიმართლე გითხრათ, პორტუგალიელი სპეციალისტის გამონათქვამი მსაჯობასთან დაკავშირებით, არ წამიკითხავს. ამიტომაც კომენტარს ვერ გავაკეთებ. ასევე არაფერს ვიტყვი არბიტრზეც. ჩემი საქმე ფეხბურთის თამაშია და არა მსაჯებზე საკუთარი თვალსაზრისის გამოთქმა.
- როგორ გგონიათ, “ბარსელონა” უკვე ესპანეთის ჩემპიონია?
- საამისოდ კარგი შანსი გვაქვთ, მაგრამ ჯერჯერობით დამშვიდების უფლება არ გვაქვს. ფეხბურთში რამდენჯერ მომხდარა, რომ გუნდებს ლამის განაღდებული პირველობა დაუკარგავთ. “ბარსამ” თავისი უპირატესობა უნდა გამოიყენოს და მორიგი საჩემპიონო ტიტული გაინაღდოს. პირველობის მოპოვებასთან ახლოს ვართ, მაგრამ დასახული მიზნისკენ სვლისას ბოლომდე მონდომებით და ყურადღებით თამაში გვმართებს.
- ზოგმა ისიც აღნიშნა, “ბარსელონამ” “სანტიაგო ბერნაბეუზე” მთელი ძალით არ ითამაშა და აქცენტს “რეალთან” სამომავლო ბატალიებზე აკეთებსო...
- ცხადია, მომდევნო შეხვედრებს უდიდესი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით, მაგრამ ეს იმას სრულებითაც არ ნიშნავს, რომ გასულ შაბათს თავი დავზოგეთ. მადრიდში მინდორზე მოსაგებად გავედით. სხვა საქმეა, მხოლოდ ქულა რომ ავიღეთ. თასის მოახლოებულ ფინალს რაც შეეხება, ვალენსიას “მესტალიაზე” გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლება ორმა უდიდესმა კლუბმა მოიპოვა, რაც თამაშს განსაკუთრებულ ელფერს სძენს. 20 აპრილის მოლოდინით ვარ – ესპანეთის თასის ფინალში ერთმანეთს მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდი შეხვდება.
- მინდორს სამთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდით. როგორ გრძნობთ თავს?
- სამი თვის განმავლობაში მოსვენება დაკარგული მქონდა, მოუთმენლად ველოდი “ბარსას” შემადგენლობაში დაბრუნებას. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ტკივილის ოდნავი გრძნობაც არ მაწუხებდა და როდესაც გვარდიოლად მკითხა, მზად ვიყავი თუ არა სათამაშოდ, უყოყმანოდ დადებითი პასუხი გავეცი. მართალია, მეორე ტაიმის დასაწყისში კუნთი წამომტკივდა, რაც ჩემი შეცვლის საბაბი გახდა, მაგრამ სადღეისოდ მწყობრში ვარ.
- გამოდის, ოთხშაბათ საღამოს “მესტალიაზე” “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობაში გიხილავთ...
- ასე კატეგორიულად ნუ ვიტყვით. ყველაფერი მთავარ მწვრთნელზეა დამოკიდებული. პეპ გვარდიოლამ ყველაზე კარგად იცის, კონკრეტულ მატჩში რომელი ფეხბურთელი უნდა ათამაშოს.
- აგერ უკვე ათი მატჩია, რაც დავიდ ვილია მინდორს უგოლოდ ტოვებს. მისთვის “მესტალიაზე” დაბრუნება ფეხბედნიერი ხომ არ აღმოჩნდება?
- დავიდის უმთავრესი ფუნქცია გოლის გატანაა, თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ვილიას “ბარსაში” სხვა დანიშნულება არ აქვს. იგი მშვენივრად ეხმარება გუნდს როგორც შეტევის დროს, ასევე დაცვაში თამაშისას. გატანილ ბურთებს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, დავიდი სეზონის ფინიშზე ამ მხრივ თავს გამოიჩენს.
 

გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171806