სტატიები

10:29 | 16.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: “ჩემი აზრით, საუკეთესო მწვრთნელი ალექს ფერგიუსონია”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, ელექტრონულ ფოსტაზე, კვირაში ერთი-ორჯერ სტეფანო ბორგონოვოსგან წერილებს იღებს “არისტოკრატთა” თამაშის დეტალური შეფასებით. ლონდონელთა თავკაცი ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობს “მილანში” მისი ყოფილი პარტნიორის აზრს. ანჩელოტიმ იცის რამდენად სკურპულოზურად უდგება მსგავსი წერილების შედგენას ბორგონოვო, რომელიც ლუ გერიგის დაავადებითაა პარალიზებული.
დღესდღეობით, იტალიელი სპეციალისტი სათავეში უდგას კამპანიას, რომლის მიზანია ფინანსური საშუალებების მოძიება, რათა აღნიშნული დაავადება შეისწავლონ, რომ მისი განკურნება შესაძლებელი გახდეს.  
“ის კარგი ფორვარდი იყო. შესაძლოა, საჯარიმო მოედნის გარეთ თამაშის უნარი იმდენად არ ჰყოფნიდა, მაგრამ მეტოქის კარის წინ, ფილიპო ინძაგის მსგავსად, ძალიან სახიფათო იყო. მას დიაგნოზი 2006 წელს დაუსვეს და ეს ნერვული სისტემის დაავადებაა, რომლის დროსაც, კუნთები ატროფიას განიცდიან. ერთადერთი, რაც ამ დროს მუშაობს, ტვინია. ბორგონოვო თვალებით საუბრობს და კომპიუტერს უყურებს, რომ ასოების საშუალებით მონიტორზე სიტყვები შეადგინოს”, – ამბობს ანჩელოტი მეგობრის თაობაზე.  
“ჩელსის” დამრიგებლის თქმით, რომელმაც “მილანთან” ერთად ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასი ორჯერ მოიგო, მიმდინარე სეზონში, მისი გუნდისთვის უპირატესი, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაა:
“ჩემპიონთა ლიგა იტალიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია. “მილანმა” მის ფინალში 11_ჯერ ითამაშა და 7-ჯერ გაიმარჯვა. ინგლისში ყველაფერი სხვაგვარადაა – პირველ ადგილზე პრემიერლიგა დგას. თუმცა, მიმდინარე სეზონში, “ჩელსისთვის” უფრო მნიშვნელოვანი, ჩემპიონთა ლიგაა, რადგან გაზაფხულზე ინგლისის ჩემპიონატი და თასი უკვე მოვიგეთ. ასე რომ გუნდი, ისევე, როგორც კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი, მთავარ მიზნად სწორედ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისახავს”.
ლონდონის “ჩელსის” ზოგიერთი “ვარსკვლავი”, ევროტურნირზე საკვანძო შეხვედრების წინ, შიდა ჩემპიონატის მატჩებს გამოტოვებენ, რასაც ანჩელოტი ასე ხსნის:
“ეს, ჩვენი შეგნებული არჩევანია. შემადგენლობის როტაციას ვაპირებთ. სეზონის განმავლობაში ისედაც ბევრი შეხვედრაა ჩასატარებელი”.
“არისტოკრატთა” თავკაცი არ მალავს, რომ კვლავ ენდობა ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც ჯონ ტერი, ფრენკ ლემპარდი და ეშლი კოული არიან:
“ინგლისელებს საქმისადმი ფანტასტიური მიდგომა აქვთ. მსგავსი არსად შემხვედრია. ისინი მართლაც მუხლჩაუხრელად შრომობენ. როგორც კაპიტანი, ჯონ ტერი, პირადად, პაოლო მალდინის მაგონებს. ის პარტნიორებს წინ მიუძღვის და საკუთარი მოქმედებებით აჩვენებს სხვებს, როგორ უნდა ითამაშონ და არასოდეს ყვირის. მართალია, ის ახალგაზრდა არაა და ამიტომ, მას ყურადღებით უნდა მოვეპყროთ, ისევე, როგორც ფეხბურთელი საკუთარ თავს. ჩვენ ტერის საწვრთნელ პროცესს გავაკონტროლებთ, ისევე, როგორც მალდინის შემთხევვაში ვაკეთებდით. თუმცა, პაოლოს უფრო მეტი პრობლემა ჰქონდა, ვიდრე ტერის. მალდინის ხშირად მუხლების ტრავმები აწუხებდა. ასე რომ, ჯონს თავისუფლად შეუძლია ჰქონდეს ისეთივე ხანგრძლივი კარიერა, როგორიც პაოლოს, რომელმაც 39 წლისამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. როდესაც ჯონი კარიერას დაასრულებს, მას მწვრთნელად გახდომა შეუძლია, ხოლო თანაშემწედ, ვურჩევ ეშლი კოული წაიყვანოს”  

ანჩელოტის ინგლისელი ფეხბურთელები იმისთვის უყვარს, რომ ისინი მზად არიან გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯონ:
“ძალიან ძნელია ისეთი მოთამაშის მოძებნა, რომელიც საკუთარ თავს გუნდის მიზნებს დაუქვემდებარებს. მალდინი ასეთი გახლდათ. ვან ბასტენი ცოტა სხვა იყო, რადგან უფრო მეტს საკუთარ თავზე თამაშობდა. ზიდანი თავის ოსტატობას გუნდის კეთილდღეობისთვის იყენებდა. კაკა საერთოდ უნიკალური ბრაზილიელია. თავისი გონებისა და ხასიათით ის, უფრო ევროპელია. საერთოდ, ბრაზილიელებს ვარჯიში არ უყვართ და საწვრთნელი პროცესის დროს კონცენტრირება უჭირთ. მე ბევრ ბრაზილიელთან მუშაობის გამოცდილება მაქვს. მაგალითად, “მილანში” რონალდოსთან პრობლემები მქონდა. ძალიან ძნელი იყო ის მეიძულებინა, რომ სათამაშო ფორმაში შესულიყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ 100 კილოგრამს იწონიდა, 10 მეტრ დისტანციაზე სირბილში გუნდში ყველაზე სწრაფი იყო.
მსგავსი ტალანტი, როგორიც რონალდოა, არასოდეს მინახავს. ის მოედანზე გადიოდა და გაქონდა, გაქონდა, გაქონდა... “მილანში” გასამართი მისი პირველი მატჩის წინ “სიენასთან”, მას ვუთხარი: “არ შემიძლია შემადგენლობაში დაგაყენო, რადგან 100 კილოგრამს იწონი”. მან კი მიპასუხა: “მისტერ, ნუ ნერვიულობთ, მე გავიტან”. ის მოედანზე გავიყვანე და მართლაც გაიტანა. რონალდო ფანტასტიური ბიჭია. თავმდაბალი, ძალიან გულღია და მხიარული. ერთხელ, “კალიარის” წინააღმდეგ ვთამაშობდით და მატჩამდე მას ვკითხე, იცნობდა თუ არა მოწინააღმდეგის ცენტრალურ მცველებს. “არა”- მიპასუხა მან. “ეს, როგორ? ეს ხომ არაპროფესიონალურია. შენთვის აუცილებელია, რომ ოპონენტის ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე მისი სახელი იცოდე”, – გამიკვირდა მე. “მისტერ, მე არ ვიცი ფეხბურთელის სახელი, ვის წინააღმდეგაც ვთამაშობ. სამაგიეროდ, ის მიცნობს მე”, –მითხრა რონალდომ”.
ანჩელოტი გაკვირვებული დარჩენილა კაკას ნიჭით, როდესაც ის “მილანის” პირველ ვარჯიშზე უნახავს:
 “მანამდე, საქმეში კაკა არასოდეს მენახა, ვიდრე მას “მილანი” შეიძენდა. თუმცა, მის მიერ ჩატარებული პირველივე ვარჯიშის შემდეგ, კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის განვუცხადე: “ის ფანტასტიური ფეხბურთელია”. კაკა ძალიან სწრაფი და ძლიერია. ის განსხვავდება სხვა ბრაზილიელებისგან. შესაძლოა, ის იმდენად ნიჭიერი არაა, სამაგიეროდ, ძალიან ეფექტურია. კაკას ძლიერი ხასიათი აქვს. ამიტომ, ის ევროპელს მაგონებს. მას უყვარს გულმოდგინედ ვარჯიში და მუდმივად სათამაშო ტონუსში იმყოფება. ისეთივეა, როგორიც გატუზო. ის პარტნიორებს  არ პატიობს, როდესაც ისინი თამაშისა თუ ვარჯიშის დროს, ცოტა მოისუსტებენ. რაც შეეხება გატუზოს, ის ნამდვილი ლიდერია, შესაძლოა, ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ დიდი გული აქვს”.
როგორც აღმოჩნდა, ანჩელოტის იტალიის სერია A-ში მუშაობა არ ენატრება:
“იტალიაში ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. იქ მუდმივი ზეწოლაა ფეხბურთელებზე, მწვრთნელებსა და კლუბის ხელმძღვანელებზე. თუმცა, ახლა იტაილურ ფეხბურთს საუკეთესო დრო არ უდგას. სტადიონები არ ივსება. ტრიბუნებზე გახშირდა ძალადობის ფაქტები, მუდმივად იქნება პრობლემები რადიკალურად განწყობილი გულშემატკივრების გამო. ხალხი ფეხბურთზე იმისთვის კი არ დადის, რომ 90 წუთის განმავლობაში სანახაობით დატკბენ, არამედ - იჩხუბონ და ჩხუბში გაიმარჯვონ. ინგლისში სულ სხვა ატმოსფეროა. მარგარეტ ტეტჩერმა, თავის დროზე, ფანტასტიური სამუშაო გასწია. მისი ხელშეწყობით, სტადიონებზე მკაცრი წესები შემოიღეს, რომელსაც ყველა იცავს. იტალიაში კი კანონებს პატივს არავინ სცემს”.  
3 მატჩში გატანილი 14 გოლით, “ჩელსი” მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის ყველაზე სანახაობერივი გუნდია, თუმა მისი დამრიგებელი თვლის, რომ სასწავლი კიდევ ბევრი აქვს:
“ჩვენი მიზანი მწვერვალზე დარჩენა და ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენებაა. ჩვენი სამუშაო ხალხისთვის სიხარულის მინიჭებაა. თუმცა, ფეხბურთი ისეთ მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს. ფეხბურთი პოლიტიკა არაა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გუნდი კარგად თამაშობს. მე იმ ხალხს არ ვეკუთვნი, რომლებიც სარკეში იხედებიან და ამბობენ: ”მე საუკეთესო ვარ”. მე კიდევ ბევრ სათამაშო მომენტებზე მომიწევს მუშაობა, რათა ისინი გავაუმჯობესო. კერძოდ, ტაქტიკის საკითხებში უნდა მოვუმატოთ. ამ კომპონენტში, საუკეთესო სპეციალისტად არ ვითვლები.   
ჩემი აზრით, საუკეთესო მწვრთნელი ალექს ფერგიუსონია. ამაზე მისი ფანტასტიური გამოცდილება მეტყველებს. ის 24 წელიწადია “მანჩესტერ იუნაიტედს” ხელმძღვანელობს. ამდენი ხნის განმავლობაში რომ თანამდებობა შეინარჩუნო, საკუთარი სამუშაო ფანტასტიურად უნდა აკეთო. იტალიაში მსგავსი რამ შეუძლებელია. “მილანს” 8 წელიწადი ვწვრთნიდი და ეს ყველას უკვირდა. მაგალითად, “ბოლონიაში” მწვრთნელს ყოველი სეზონის წინ ცვლიან. ეს ხომ საგიჟეთია”
ცოტა ხნის წინ, მსოფლიო ფეხბურთის წამყვანი სპეციალისტების შეხვედრაზე ჟენევაში, ანჩელოტომ შესაძლებლობით ისარგებლა და “ჩელსის” ყოფილ დამრიგებელ ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობის დალაგება გადაწყვიტა:
“მილანში” მუშაობის ბოლო წელიწადს, მოურინიოსთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა. ხან ის იტყოდა რაღაცას მასმედიაში, ხან მე ვუპასუხებდი. ჩვენი ურთიერთობა იდელურისგან ნამდვილად შორს იყო. იგივე ხდებოდა ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშებაში “ინტერთან” დაპირისპირების წინ.
მას თამაშამდე ვესაუბრე. ახლა უკვე აღარ მოგვიწევს პრესაში ერთმანეთზე აუგად საუბარი. სჯობს, ეს თემა დავხუროთ. დღესდღეობით, მოურინიოსთან კარგი ურთიერთობები მაქვს. მან პრემიერლიგაში “ჩელსის” გაჩემპიონება მომილოცა - ამ სეზონის სტარტის წინ, ტელეფონზე შეტყობინება გამომიგზავნა. თავის მხრივ, მას “რეალში” წარმატება ვუსურვე”.
ბევრი თვლის, რომ მოურიონიოს ანჩელოტის შურს, რამაც იტალიელი გააოცა:
“ჩემი  შურს?! არა მგონია - მას ხომ თავადაც ბევრი ტიტული აქვს. არც მგონია, რომ მას ჩემი, როგორც ფეხბურთელის მიღწევების შურდეს. მე მსურს მოურინიოს, ფერგიუსონისა და ვენგერის ვარჯიშებს ვუყურო. ვფიქრობ, ეს სარგებლობას მომიტანს. ამიტომ, თუ ისინი მიმიწვევენ, სიამოვნებით ვესტუმრები. 3 წლის წინ,  ჟენევის შეხვედრის მსგავს მწვრთნელების სემინარზე ვიკითხე, თუ შემიძლია მე, ან ჩემს თანაშემწეს, სხვა სპეციალისტების ვარჯიშებს დავესწროთ, მაგრამ ზოგიერთი გუნდის თავკაცი ამ წინადადებას ენთუზიაზმით არ შეხვდა. როდესაც საფეხბურთო კარიერა დავასრულე, ჯოვანი ტრაპატონის, მარჩელო ლიპის  და როი ჰოჯსონის ვარჯიშებს ვუყურებდი”.     
როგორც გაირკვა, იტალიელ მწვრთნელს ინგლისის დედოფალთან შეხვედრის დიდი სურვილი აქვს:
“დედოფალი ინგლისში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. შესაძლოა, როდესაც სილვიო ბერლუსკონი ინგლისში ჩამოვა, ვთხოვო, რომ დედოფალს შემახვედროს”.  

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.125316