ინტერვიუები

16:30 | 12.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: “ვალენსიასთან” ღია თამაშს ველი”

დღეს, ვალენსიას “მესტალიაზე” ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში ადგილობრივ “ღამურებს” პარიზის პსჟ შეხვდება. დედაქალაქელები თავიანთი ქვეყნის პირველობას ექვსქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობენ და ევროასპარეზზეც წარმატებით გამოსვლაზე ფიქრობენ. ამის თაობაზე ესპანელ ჟურნალისტებს პარიზელთა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განუცხადა.

 
- რა განწყობით ელოდებით “ვალენსიასთან” ჩასატარებელ პირველ მერვედფინალურ შეხვედრას? უპირველესად, როგორი ორთაბრძოლა გაჩაღდება “მესტალიაზე”?
- ჩემი აზრით, პსჟ-სა და “ვალენსიას” მატჩი უფრო გუნდების ტაქტიკისა და ფეხბურთელების ტექნიკური კომპონენტების ჭიდილი იქნება, ვიდრე ფიზიკურად მძლავრი მოთამაშეების დაპირისპირება. ღია თამაშს ველი. ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ამ ტურნირში წარმატების მისაღწევად კი უპირველესად მტკიცე ხასიათია საჭირო.
- ვალენსიას შემადგენლობაშესუსტებული ეწვიეთ. რამდენად მტკივნეულია თქვენთვის ტიაგო სილვასა და ტიაგო მოტას არყოფნა?
- პსჟ დიდი გუნდია და მიუხედავად იმისა, თქვენ მიერ ნახსენები ბრაზილიელები მაღალი დონის ფეხბურთელები რომ არიან, ჩვენ ნებისმიერი მოთამაშის სათანადოდ შეცვლა შეგვიძლია. გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ტიაგო სილვასა და ტიაგო მოტას პოზიციაზე არანაკლები წარმატებით გამოსვლა რომ ხელეწიფებათ.
- მთლიანობაში სეზონის მიწურულამდე გუნდის პერსპექტივა როგორ გესახებათ?
- ბოლო თვეების განმავლობაში ფეხბურთელები თავდაუზოგავად მუშაობდნენ. მე ძალიან მომწონს მათი დამოკიდებულება საწვრთნელი პროცესისადმი. ამან პსჟ-ს გუნდური თამაშის გაუმჯობესება გამოიწვია. თუმცა, გარკვეული სახის პრობლემემიც გვაქვს. პსჟ ჯერჯერობით ბოლომდე ჩამოყალიბებული გუნდი არაა და ფეხბურთელთა ადაპტაციის პროცესი დასრულებული არაა. ამის მიუხედავად, ჩვენ ყველამ ერთად საერთო ენის გამონახვა შევძელით როგორც მინდორზე, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. გუნდის შესაძლებლობების მწამს და “ვალენსიასთან” ორრაუნდიან დაპირისპირებას იმედიანად ვუცქერ.
- კლუბთან მოქმედი საკონტრაქტო ვადა 2013 წლის ივნისში გეწურებათ. თუ გქონდათ ხელმძღვანელობასთან საუბარი ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე?
- მართალია, კონტრაქტს ვადა მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისისთვის გასდის, მაგრამ ხელშეკრულებაში ერთი პუნქტიცაა ჩაწერილი. თუკი პსჟ საფრანგეთის პირველი ლიგის მოწინავე სამეულში მოხვდება და ჩემპიონთა ლიგის საგზურს დაისაკუთრებს, ორმხრივი შეთანხმებით კიდევ ერთი სეზონით შემეძლება გუნდში მთავარ მწვრთნელად დარჩენა. ჯერჯერობით ამ თემაზე არავისთან მისაუბრია, მაგრამ ყველაფერი მარტივადაა – თუკი კლუბის მესვეურები ჩემი მუშაობით კმაყოფილები იქნებიან, თანამშრომლობის გახანგრძლივებას წინ არაფერი დაუდგება. 
- პსჟ ჩემპიონი რომ ვერ გახდეს, პარიზში დარჩენის იმედი მაინც გექნებათ?
- პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი აუცილებლად უნდა გახდეს. საამისოდ გუნდს ყველაფერი აქვს. ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული ჩემზე. თუკი სათანადოდ ვიმუშავე და შეცდომები არ დავუშვი, პირველობას ვერავინ შეგვეცილება. მეტსაც გეტყვით, ჩემპიონობის გარდა სხვა შედეგი პსჟ-სთვის აშკარა ჩავარდნად შეფასდება. თუმცა, ისიც კარგად მესმის, რომ ამის გაკეთება ურთულესი საქმეა. ჩემ გუნდებთან ერთად ჩემპიონატი იტალიაშიც მომიგია და ინგლისშიც, ამასთან საფრანგეთის ლიგაში გამარჯვება ამ ქვეყნების დივიზიონების პირველობაზე უფრო იოლი სულაც არაა. გავიმეორებ, გუნდში ბოლოხანს ბევრი ცვლილება განხორციელდა, სხვაგვარი ხდება საკლუბო მენტალობაც და ყველანი უწინდელთან შედარებით სხვაგვარ სტილში ვმუშაობთ.
- ზლატან იბრაჰიმოვიჩს როგორ დაგვიხასიათებთ?
- შვედი ფორვარდით აღტაცებული ვარ. იგი ნამდვილი მტაცებელივითაა და არასდროს უქრება ბრძოლისა და გოლის გატანის ჟინი. ბევრ თავდამსხმელს ვიცნობ, რომლებიც გუნდის წარმატებით მხოლოდ მაშინ ხარობენ, როდესაც თავად გააქვთ გოლი. ზლატანი ასეთი ეგოისტი ადამიანი ნამდვილად არაა.
- არსენ ვენგერმა განაცხადა, პსჟ აუცილებლად შეეცდება კრიშტიანუ რონალდუს ხელში ჩაგდებასო...
- ვერცერთი ფეხბურთელი ვერ წავა მადრიდიდან თუ საამისო სურვილი არ ექნა “რეალს”. თანაც, სადღეისოდ პსჟ-ს პორტუგალიელის გამოსასყიდი თანხა არ აქვს.
- პსჟ-ში დევიდ ბექჰემის დებიუტი როდის შედგება?
- დევიდი ვალენსიაში ჩვენთან ერთადაა, ოღონდ ჯერჯერობით გულშემატკივრის სტატუსით. სავარაუდოდ, ბექჰემი პირველად პსჟ-ს მაისურს 17 თებერვალს, “სოშოსთან” საგარეო მატჩში მოირგებს.
 
გოჩა კაჭარავა 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09799