იტალიასა და ინგლისში წარმატებული სამწვრთნელო კარიერის შემდეგ აპენინელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი პარიზის პსჟ-ს მოძღვრავს. ამ კლუბს დიდი ამბიცია აქვს და ჯერჯერობით პარიზელებს მთავარ მწვრთნელთა საპრეტენზიო ბევრი არაფერი უნდა ჰქონდეთ.
- თქვენი აზრით, რა აკლია პსჟ-ს, ნამდვილი ევროგრანდი რომ გახდეს?
- დრო, მხოლოდ და მხოლოდ, დრო. სწორი გეზი გვაქვს არჩეული, რასაც ბოლო დროს განხორციელებული ტრანსფერები და გუნდის თამაში ადასტურებს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე ტიაგო მოტა გადმოვიყვანეთ, მაქსველი და ალეკსი ბრწყინვალე ფეხბურტელები არიან და ისინი იაფად ვიყიდეთ.
- სატრანსფერო პოლიტიკას კი აქებთ, მაგრამ პარიზში პატოს, ტევესისა და კაკას ჩაყვანა ვერ მოახერხეთ...
- კარლოს ტევესთან სახელფასო თანხის ოდენობაზე ვერ შევთანხმდით. ეს ყველასთვის საიმისო ნიშნად უნდა იქცეს, რომ პსჟ ფულს ჰაერში არ ისვრის.
- არგენტინელ ფორვარდთან არც წინასწარ კონტრაქტთან დაკავშირებით მიგიღწევიათ შეთანხმებაზე?
- არა. ჩვენი პრიორიტეტი ცენტფორვარდით გუნდის გაძლიერებაა. ვაკვირდებით დამიაოს, ისე კი ივნისამდე საკმარისი დროა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.
- პსჟ-ში გადმოსასვლელად კაკას დარწმუნებას ვერ ახერხებთ?
- მასთან ხშირი კონტაქტი მაქვს. თუკი მადრიდის “რეალი” კაკას გასხვისებას გადაწყვეტს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შევთავაზებთ მას ჩვენთან თამაშს. კაკას პოზიციაზე პსჟ-ში პასტორე და მენეზი ასპარეზობენ. აქედან გამომდინარე, მისი გადმობირება ჩვენი პრიორიტეტი არაა. ვიმეორებ – ყველაზე მეტად თავდამსხმელი გვჭირდება.
- გუნდში ბლომად გყავთ ფეხბურთელები, რომელთაც სერია A-ში გამოსვლის გამოცდილება უმაგრებს ზურგს. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პსჟ “იტალიური” კლუბია...
- არა. პსჟ ფრანგული გუნდია, რომელსაც ევროპაში თავის სათანადოდ წარმოჩენის საფუძვლიანი ამბიცია აქვს.
- საფრანგეთის პირველი ლიგაში პსჟ-ს უმთავრეს კონკურენტებად რომელი კლუბები მიგაჩნიათ?
- სატურნირო ცხრილში ჩახედვის შემდეგ ცხადია, რომ ეს გუნდი “მონპელიეა”. ვუფრთხი დიდიე დეშამის “მარსელს” და ასევე დიდად გამოცდილ “ლიონს”, თუმცაღა ამ უკანასკნელს საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშეებიც არ აკლია. ანგარიშგასაწევი ძალაა “ლილიც”. ყველაზე მეტად სწორედ ამ გუნდების თამაშს ვაკვირდები.
- იტალიაში “იუვენტუსი” და “მილანი” ერთნმანეთის კონკურენტები ორივე ფრონტზე არიან...
- ტურინელთა და მილანელთა გუნდების თამაში მათი მწვრთნელების ხასიათის ანარეკლია. კონტემ “იუვეში” ბრძოლისუნარიანობა აამაღლა, ამასთან ახალმა სტადიონმა “ბებერ სინიორას” ძველებური ენთუზიაზმი დაუბრუნა. მატჩების მსვლელობისას ტრიბუნები მუდამ სავსეა, გულშემატკივრები დადებით მუხტს გადასცემენ მოთამაშეებს. “მილანი” უდიდესი ტრადიციის და გამოცდილების კლუბია. “როსონერიმ” კარგად იცის კრიზისიდან თავის დაღწევის გზის მოძებნა. მასიმილიანო ალეგრიმ “მილანის” მთავარმწვრთნელობის პირველსავე წელს სკუდეტო მოიგო, რაც მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მომენტია. ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე “იუვენტუსი” როგორც თასზე, ასევე ჩემპიონატში ფავორიტია, თუმცა, მოდით ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გაკეთებას – გიგანტთა ბრძოლა ბოლომდე დრამატული იქნება.
- ანდრეა პირლოს წასვლით “მილანმა” ბევრი რამ დაკარგა?
- არა, “როსონერის” საკმარისი რაოდენობის მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავს, აი, პირლოსა და კონტეს მისვლით “იუვენტუსმა” ბევრი რამ მოიგო.
- “იუვემ” მარკო ბორიელოზეც გააკეთა არჩევანი. თქვენი აზრით ეს სწორი გადაწყვეტილებაა?
- მარკო კარგი ფეხბურთელია, ოღონდ მან ძირითადში რეგულარულად უნდა იასპარეზოს. არ ვიცი, რამდენად მოხერხდება ეს ამბავი. “იუვენტუსში” მძაფრი კონკურენციაა, მატრი კი ბრწყინვალე ფორმაშია.
- “მილანი” მაქსი ლოპესით გაძლიერდა...
- ლოპესი იმიტომ იყიდეს, რომ ტევესს ვერ გაურიგდნენ. მაქსი გუნდს სარგებლობას მოუტანს. “მილანს” სირთულეს პატოს, ბოატენგისა და გატუზოს ტრავმები უქმნის. მათთან და მათ გარეშე “როსონერი” სხვადასხვაა.
- სოლიდურად გამოიყურება ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც მარკო ვან ბასტენსაკ კი ადარებენ...
- პარალელის გავლება ძნელია, მაგრამ იბრა ბრწყინვალე ცენტრფორვარდია. ზუსტად ასეთი ტიპის ფეხბურთელს ვეძებთ. ასევე მაღალ დონეზე ათამაშების შესაძლებლობა ბორიელოსაც აქვს.
- ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალები მოგვიახლოვდა. რა ბედი ეწვა იტალიურ კლუბებს?
- მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში “რეალი” და “ბარსელონა” გამორჩეულად ძლიერები არიან. იტალიელებს კი ურთულესი მოწინააღმდეგეები ერგოთ. განსაკუთრებით “ნაპოლის” გაუჭირდება, თუმცა, არც ნეაპოლელები ჩააგდებენ “ჩელსის” კარგ დღეში.
- ამბობენ, ჟოზე მოურინიო ინგლისურ პრემიერლიგას დაუბრუნდებაო...
- ვისაც კი ინგლისში უმუშავია, დაბრუნებაზე ოცნებობს. თუკი მოუ ალბიონზე დაბრუნდა, ამით ინგლისური ფეხბურთი მოიგებს.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ









