კარლოს საინს უმცროსი, რალის ორგზის ჩემპიონ კარლოს საინსის შვილი, „რედ ბულის“ მრბოლთა განვითარების პროგრამაში ჩაერთო. 18 წლის ესპანელმა კონტრაქტი გააფორმა „რედ ბულ რეისინგის“ შეფ ქრისტიან ჰორნერთან და მარკ უებერის ფ3-ის გუნდთან, რომლის მანქანითაც, ბრიტანეთის და ევროპის ფორმულა 3-ის ჩემპიონატებში იასპარეზებს.
ესპანელმა პილოტმა ფ3-ის ბრიტანულ და ევროპულ სერიებში შარშანაც იასპარეზა. ახალ სეზონში კი კონკურენტუნარიან გუნდში იქნება. სხვათა შორის, „რედ ბულის“ გარდა, მისი სპონსორია ესპანური ნავთობკომპანია „ცესპა“, რომელიც ფ1-ში „რედ ბულის“ მეორე გუნდის, „ტორო როსოს“ სპონსორიცაა.
„ახლა ჩემი მთავარი მიზანი სტაბილურობაა, რადგან ფ3-ში ძალიან კონკურენტული გარემოა, ეს მანქანები კი წრეს ფ1-ის მანქანებზე მხოლოდ ექვსი წამით ნელა გადიან. ჩემზე პასუხისმგებლობა ქრისტიან ჰორნერმა აიღო, რაც იმას ნიშნავს, „რედ ბულის“ გუნდთან უშუალო კავშირი მექნება. ამიტომ, ერთი სული მაქვს, ახალი სეზონი როდის დაიწყება“, - ამბობს საინსი, ვინც საცხოვრებლად „რედ ბულის“ ფ1-ის გუნდის ბაზის სიახლოვეს, მილტონ კეინსში გადადის.







