მსოფლიო რეიტინგ-სიის ლიდერის მაგნუს კარლსენის (2861) ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა ვეიკ-ან-ზეეში გამართული პრესტიჟული ტურნირი Tatal Steel Chess 2013. ნორვეგიელმა დიდოსტატმა 13-დან 10 ქულა დააგროვა (7 გამარჯვება და 6 ყაიმი) და საკუთარ რეიტინგს 11 ქულა შემატა.
მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და ტრადიციული საჭადრაკო ფესტივალი Tatal Steel Chess 2013 რიგით 75-ე იყო. ეს ტურნირი პირველად 1938 წელს ქალაქ ბევერვეიკში გაიმართა, ხოლო 1968 წლიდან უცვლელად ტარდება ვეიკ-ან-ზეეში.
წლევანდელ წელს მის ფარგლებში სამი დახურული ტურნირი ჩატარდა, თითოეულში 14 მოჭადრაკის მონაწილეობით. უძლიერესი A ტურნირი მეოცე კატეგორიის გამოვიდა და მონაწილეთა საშუალო რეიტინგი 2732 ქულას შეადგენდა.
ტურნირი შემდეგი კონტროლით გაიმართა: 100 წუთი პირველ 40 სვლაზე, შემდეგ 50 წუთი 20 სვლაზე და ბოლოს 15 წუთი მთელ პარტიაზე, 30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან.
კარლსენის კვალად, 8.5 ქულით დაასრულა ასპარეზობა სომეხმა ლევონ არონიანმა (2802), ხოლო მესამე-მეოთხე ადგილები 8-8 ქულით ინდოელმა ვიშვანათჰან ანანდმა (2772) და რუსმა სერგეი კარიაკინმა (2780) დაიკავეს.







