თბილისის “დინამოს” ყოფილი კაპიტანი გურამ კაშია, საკმაოდ წარმატებულად შეეთვისა თავის ახალ გუნდს. სეზონის მსვლელობისას, “ვიტესის” ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და საკუთარი წვლილი შეიტანა ჰოლანდიურ ერედივიზიონში არნემელთა ადგილის დამკვიდრებაში. ამ დღეებში, 23 წლის ქართველი მცველით უეფას ოფიციალური ვებ-გვერდიც დაინტერესდა. ქვემოთ, სწორედ აღნიშნულ მასალას გთავაზობთ. თექვსმეტ აპრილს, “გრონინგენის” ძლევით (2:1), “ვიტესმა” მომავალი სეზონისთვის ელიტურ ჰოლანდიურ დივიზიონში ადგილი პრაქტიკულად შეინარჩუნა.
ბოლო ტურში, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება, შავ-ყვითლებს “ექსელსიორთან” საშინაო შეხვედრაში 3 ბურთით წაგების უფლებაც აქვთ. ზემოთ ნახსენებ მატჩს რაც შეეხება, მასში მასპინძელთათვის გამარჯვების მომტანი, ქართველი მცველის გატანილი გოლი გახდა.
თბილისის “დინამოს” წამყვანი მცველი და კაპიტანი, არასოდეს მალავდა ხარისხობრივად ახალ დონეზე თამაშის გაგრძელების სურვილს. ერთი წლის წინათ, კაშიამ, როგორც იქნა, მიიღო საქართველოზე გაცილებით ძლიერ ჩემპიონატში ძალების მოსინჯვის შანსი. შედეგად, ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, ელიტაში “ვიტესის” დარჩენაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ არნემულ კლუბს, თბილისის “დინამოსა” და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია ხელმძღვანელობს.
რამდენად იმოქმედა ამ ფაქტორმა კაშიას “ვიტესში” ჩარიცხვაზე? “გუნდში სინჯებზე მოხვედრაში ჩემი აგენტები, წარსულში საქართველოს ნაკრების მოთამაშეები - გიორგი ქინქლაძე და გოგა გახოკიძე დამეხმარნენ. ჟორდანია საერთოდ არ მიცნობდა, ამიტომ მათ რეკომენდაციებს დაეყრდნო. ვფიქრობ, ისინი არ შემირცხვენია და ჩემი შანსი გამოვიყენე. თავდაპირველად, 6-თვიან საცდელ ვადაზე იყო საუბარი, მაგრამ უკვე ერთი სეზონი გავიდა და ახლახანს კონტრაქტი კიდევ 2 წლით გავახანგრძლივეთ”.
“ვიტესს” ელიტაში დამკვიდრება საკმაოდ გაუჭირდა, რამაც სხვებთან ერთად, ქართველი მცველიც შეაშფოთა. “თავდაპირველი მიზანი საფლეიოფე ზონაში მოხვედრა იყო, რაც მინიმუმ, ევროლიგის საგზურის გარანტიას იძლევა, მაგრამ ისე ცუდად ვიასპარეზეთ პირველ წრეში, მიზანიც შეიცვალა. კლუბის ამბიციები, გუნდის ზოგიერთი ფეხბურთელისთვის საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა. ბევრი წავიდა და მათ ადგილზე ახლები მოვიდნენ - სეზონის განმავლობაში 2 მწვრთნელიც შეგვეცვალა. “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელის, ალბერტ ფერერის მოსვლით, ბევრი რამ უკეთესობისაკენ შეიცვალა. იმედი მაქვს, ახალ სეზონში გაცილებით დამაჯერებლად ვითამაშებთ”, - გვპირდება კაშია.
უკეთესი მომავლის იმედის ნაწილი უკავშირდება ახალგაზრდა ქართველი ტალანტის, გიორგი ჭანტურიას თამაშს, რომელიც “ვიტესში” “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდიდან გადავიდა. “ჭანტურია - საკმაოდ ნიჭიერი და იმედისმომცემი მოთამაშეა. სავსებით შესაძლებელია, მომავალში სწორედ მასზე აეწყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაში. თუმცა, საამისოდ მას ჯერ კიდევ ზრდა და ახალგაზრდულ ნაკრებში თავის გამოჩენა სჭირდება. “ვიტესში” ყველა იმედოვნებს, რომ ახალ სეზონში, იგი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იქნება.
“გიორგი თითქმის ერთი წელია გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ამხანაგურ მატჩებში თამაშობს. მას ახლახანს 18 წელი შეუსრულდა და კლუბთან პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. ასე რომ, ჭანტურიას ყველაფერი წინ აქვს”, - ჰყვება კაშია ჭანტურიაზე, რომელმაც ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩში, “ბარსას” ძირითად გუნდში ლიონელ მესისთან ერთად ითამაშა და გატანილი გოლითაც გამოირჩა.
კაშია არც საკუთარ თავზე საუბარს ერიდება: “თავდაპირველად, მთავარი იყო გუნდის ძირითადში დავმკვიდრებულიყავი. სხვათა შორის, ჯერ ჩემთვის უჩვეულო პოზიციაზე - მარჯვენა მცველად დამაყენეს. რა გაეწყობა, ყველა ფეხბურთელს უნდა შეეძლოს თავის გუნდს იქ მოუტანოს სარგებელი, სადაც გუნდის ინტერესები მოითხოვს. ახალ წლამდე ფლანგის გამაგრება მიწევდა და იმის მიუხედავად, რომ რამდენჯერმე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოვხვდი, ვთვლი, რომ მხოლოდ დამაკმაყოფილებლად ვითამაშე. დაცვის ცენტრში დაბრუნების შემდეგ კი, ძველი დამაჯერებლობა დამიბრუნდა. მე-2 წრეში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გავხდი, ისეთი, როგორსაც ჩემს ძველ კლუბში მიცნობდნენ. ახლა შემიძლია იმის თქმა, რომ “ვიტესში” ჩემი ადგილი ვიპოვე. შესაძლოა, ეს გატანილი გოლის სიხარულის გახსენებასაც უკავშირდება. ამაყი ვარ, რომ გუნდის ბედი რამდენჯერმე მე გადავწყვიტე”. მართლაც, გურამ კაშია ცენტრალური მცველის პირობაზე საკმაოდ შედეგიანია. წინა წლებში მან “დინამოს” მაისურით 11 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონში, “ვიტესის” მეტოქეებს უკვე 3 გოლი გაუტანა.
არის უსიამოვნო მომენტებიც - მაგალითად, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კაშიამ ჯერ მხოლოდ 5 მატჩი ითამაშა. “მართლაც ძალიან განვიცდი, რომ ასე ცოტას ვთამაშობ ნაკრებში. რაც არ უნდა კარგად გრძნობდე თავს კლუბში, ნებისმიერი მოთამაშის უპირველესი ოცნება მაინც მშობლიური ქვეყნის ღირსების დაცვაა. როგორც ჩანს, კიდევ უფრო უკეთ უნდა ვითამაშო, მანამდე კი, იმითაც მოხარული ვარ, რომ ეროვნული ნაკრების წევრი ვარ”, - მოკრძალებულად საუბრობს ქართველი მცველი.
“ძალიან მიხარია, რომ თემურ ქეცბაიას თავკაცობით, ნაკრების თამაში და შედეგი მკვეთრად გაუმჯობესდა. ამიტომ, კიდევ უფრო მეტად მინდა ამ პროგრესის მონაწილე გავხდე. ვიდრე ჩემი დრო არ მოსულა, თავდაუზოგავად ვიშრომებ და მინდა მჯეროდეს, რომ ნაკრებში თამაშის შანსს კიდევ დავიმსახურებ”, - იმედოვნებს კაშია.
ბუნებრივია, ყველა თბილისის დინამოელის გულში სამუდამოდ რჩება მისი მშობლიური კლუბი. “ყოველთვის ვპოულობ დროს, თვალი ვადევნო ჩემი პირველი გუნდის თამაშებს. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ ძალიან მინდა, კარიერა იქ დავასრულო, სადაც დავიწყე. რა თქმა უნდა, ყოფილ თანაგუნდელებთან მჭიდრო კონტაქტები მაქვს, ხშირად ვურეკავ “დინამოს” თავკაც კახა კაჭარავას და ძალიან მიხარია, რომ “დინამოში” თანდათან ყველაფერი უკეთესობისაკენ იცვლება. ბედნიერი ვიქნები, თუ ასეთი ტრადიციების მქონე კლუბი ძველ დიდებას მალე დაიბრუნებს და ახალი სიმაღლეების მიღწევას შეძლებს”.
მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა









