ქართული საჭიდაო კლუბის, “თბილისი 2007”-ის ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე გამოსვლას საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ სპორტის დეპარტამენტში საგანგებო პრესკონფერენცია მიუძღვნა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კანდიდატებით სახელდახელოდ დაკომპლექტებულმა კლუბმა, თურქეთის ქალაქ ბურსაში, 4 შეხვედრიდან 3 მოიგო და მეორე ადგილი დაიკავა. ჯგუფურ ეტაპზე დავით ხურციას შეგირდებმა აზერბაიჯანელებსა და ბელარუსებს ერთნაირი ანგარიშით - 4:3 მოუგეს, 1/2-ფინალში რუმინელებს 6:1 აჯობეს, ფინალში კი მასპინძლებთან 2:5 დამარცხდნენ.
“ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის მეორე ადგილზე გავედით და ეს დიდი წარმატებაა ჩვენი ფედერაციისთვის. საკლუბო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისთვის 2009 წლის ბოლო შეჯიბრი იყო. ამ გუნდში არ იყვნენ ნაკრების ლიდერები და ლიდერობა ახალგაზრდებმა გასწიეს. მათ კიდევ ერთხელ დაგვანახეს თავიანთი შესაძლებლობები და დაგვარწმუნეს, რომ მალე ძირითად ნაკრებში დამკვიდრებაც შეუძლიათ. ფინალში თურქეთის ძლიერ კლუბთან დავმარცხდით, მაგრამ იმ შეხვედრაში აშკარად გამოჩნდა ტენდენციურობის მომენტები მასპინძელთა სასარგებლოდ. ჩემი აზრით, საკლუბო ევროპის ჩემპიონატი ჩვენმა გუნდმა მოიგო, მაგრამ ვერცხლის მედლები გადმოგვცეს“ – განაცხადა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ.
პრესკონფერენციას თავად მოჭიდავეებიც დაესწრნენ და მათ თურქული მეორე ადგილი სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით ნამგალაურმაც მიულოცა:
“უპირველესად, დიდი მადლობა ბიჭებს, კარგად ჭიდაობისთვის. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ შემადგენლობა ახალგაზრდებით იყო დაკომპლექტებული. წინ საქართველოს ჩემპიონატია და იმედია, ეს სპორტსმენები უკვე ძირითად ნაკრებში მოსახვედრად იბრძოლებენ. მძიმე კონკურენცია ელით, მაგრამ მიუღწეველი არაფერია. გილოცავთ სეზონის ლამაზად დასრულებას და გპირდებით, სპორტის დეპარტამენტი წარმატებებს საკადრისად დაგიფასებთ“.
“თბილისი 2007”-მა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით იჭიდავა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), მალხაზ ქურდიანი (60 კგ), გოგა ხუჭუა (66 კგ), მალხაზ მუზიაშვილი (74 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ), ბელდუხ გავაშელიშვილი (96 კგ), გიორგი საკანდელიძე (120 კგ).
ოთარ მაღლაკელიძე
გიორგი ჭანიშვილის ფოტო







