დიდი შანსია, რომ კახა კაჭარავა "ზესტაფონის" მწვრთნელი გახდეს. "მსოფლიო სპორტი" საქართველოს 19-წლამდე ნაკრების თავკაცს დაუკავშირდა და მისგან შევიტყვეთ, რომ ეს საკითხი დღე-დღეზე გადაწყდება. ამიტომაც ვერ ვწერთ ჯერ დამტკიცებით...
- "ზესტაფონთან" მოლაპარაკება გქონდათ?
- დიახ. ვისაუბრეთ და ცოტაც მოვიცადოთ, სანამ საბოლოოდ გადაწყდება.
- ეს რაზეა დამოკიდებული?
- უახლოეს ტურში "ზესტაფონის" თამაშს დავაკვირდები (იმერლები 15 დეკემბერს 'სიონს" მასპინძლობენ) და მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას.
- "ზესტაფონში" თუ დაიწყებთ, 19-წლამდე ნაკრებში მუშაობას შეეშვებით?
- დიახ. ორივეგან ერთად მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. გინდა თუ არ გინდა, ყურადღება მოაკლდება "ზესტაფონს" და 19-წლამდე ნაკრებსაც.
- "დინამოს" მწვრთნელის რანგში, "ზესტაფონი" რამდენჯერმე გაგიმწარებიათ, ახლა კი...
- რას იზამ, სპორტია და ასეც ხდება.
შეხსენებისთვის, "ზესტაფონი" ამჟამად მეექვსე ადგილზეა და 2 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ "მეტალურგს". სწორედ მხოლოდ ამ ორ გუნდს შორის მიმდინარეობს ბრძოლა ზედა ექვსეულში მოხვედრისთვის.
ფეროელებს სეზონის დასაწყისში გია ჭიაბრიშვილი წვრთნიდათ, რომელიც დავით მუჯირისა და ზაზა ზამთარაძის ტანდემმა შეცვალა. მუჯირი და ზამთარაძე კი რამდენიმე დღის წინ წამოვიდნენ კლუბიდან.
ილია ნანობაშვილი









