ინტერვიუები

21:51 | 31.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

კახა კალაძე: “არ დაგვავიწყდეს - გრანდებიც ბევრჯერ დამარცხებულან!”

ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრის შედეგებზე კომენტარის გასაკეთებლად, “მსოფლიო სპორტი” საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტან კახა კალაძეს დაუკავშირდა. იგი, სერია A-ს მორიგი სეზონისთვის, “ჯენოას” ახალი თავკაცის, ალბერტო მალესანის ხელმძღვანელობით ემზადება. ნაკრებს რაც შეეხება, კალაძე 10 აგვისტოს, პოლონეთის ნაკრებთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, “ჯვაროსანთა” მეთაურისგან, თემურ ქეცბაიასაგან გამოძახებას ელის.
- კახა, საინტერესოა, როგორ შეაფასებს ნაკრების კაპიტანი მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე საქართველოს მოხვედრის შანსებს?
- რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. ერთის მხრივ, ესპანეთთან და საფრანგეთთან ჯგუფში თამაში ძალიან კარგია - ბიჭებს, თავიანთი შესაძლებლობების გამოსავლენად უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ.
მიმაჩნია, რომ არ უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი - ვაი, რა გვეშველება, გრანდები არიან და მათთან ტოლსწორად თამაში არ შეიძლება. ჩვენი ნაკრების მიზანი იქნება, თითოეული მატჩისათვის მაქსიმალურად მოემზადოს. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი შემთხვევები, როცა გრანდებიც დამარცხებულან.
ფეხბურთს სახელი არ თამაშობს. მინდორზე გასვლა და მწვრთნელის დავალებების შესრულებაა საჭირო და შედეგიც იქნება. იფიქრებდა ვინმე, რომ ბელარუსი საფრანგეთს მოუგებდა? ასე რომ, თამაში ყველასთან შეიძლება და ყურები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოვყაროთ.
- ნაკრებში უკვე 15 წელია თამაშობთ და ის დროც გემახსოვრებათ, როცა გრანდებთან თამაში თითქმის მატჩის დაწყებამდე გვქონდა წაგებული. ფაქტია, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა და საქართველოს ნაკრები იოლი გასავლელი ბარიერი აღარაა...
- გეთანხმებით. ნაკრებში სულ სხვა ჟინი და შემართებაა. ბოლო თამაშებში ნაჩვენებმა შედეგმაც თავისი გავლენა იქონია იმ მებრძოლი სულის დამკვიდრებაში, რაც ახლაა ჩვენთან. აღარაა ის დრო, როცა წაგებულის ფსიქოლოგია თრგუნავდა ფეხბურთელებს. ყველაფრის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, საქართველოსთან იოლი გასეირნება არც ესპანეთს ექნება და არც საფრანგეთს.
- ახლა, ევროშესარჩევში დარჩენილ მატჩებში საქართველოს შანსებზეც ვთქვათ.
- რაც ნაკრებში ვთამაშობ, საქართველოს ნაკრებს რომ ბოლო ტურებამდე ჰქონოდეს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი, ჯერ არ ყოფილა. იქიდან გამომდინარე, რომ მეტოქეების ურთიერთშეხვედრებსაც აქვს მნიშვნელობა, ჩვენთვის მთავარია 3-ვე დარჩენილი შეხვედრა მოვიგოთ და ჯგუფში მე-2 ადგილი არცთუ მიუღწეველია.
- პოლონეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის სათამაშოდ უკვე გამოგიძახეს?
- როგორც ვიცი, თემურ ქეცბაიას ჯერ არ დაუსახელებია მისთვის სასურველი შემადგენლობა.
- იტალიაში სეზონის დაწყებამდე ერთი თვე დარჩა. მზადების რა ეტაპზეა ამჟამად “ჯენოა”?
- ათდღიან შეკრებაზე ვიყავით ავსტრიის მთებში და დღეს დავბრუნდით. 2-3 დღე დავისვენებთ და ისევ მთებში, ოღონდ ამჯერად, იტალიაში გავემგზავრებით. ესპანეთში გასამართ ტურნირზე მივიღებთ მონაწილეობას, უკან დაბრუნებულები კიდევ ერთ სპარინგს ვითამაშებთ და 28 აგვისტოს ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გვექნება ნეაპოლში.
- კახა, “ჯენოაში” გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ხართ. მალესანი კაპიტნად დანიშვნას ხომ არ გიპირებთ?  
- სიმართლე გითხრათ, სამკლავურის გაკეთებას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, თუმცა, გამორიცხული არაფერია. “ჯენოაში” გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ჩემზე გაცილებით დიდ ხანს არიან გუნდში და სტაბილურად თამაშობენ. ჩემთვის მთავარია, ვიყო ლიდერი და ფეხბურთელების მატჩისთვის განწყობა შემეძლოს.
- ახალ მწვრთნელთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ. მისთვისაც ხომ არ გიწევთ თქვენი შესაძლებლობების დამტკიცება?
- მე ახლაც და ყოველთვის ვცდილობ, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმესთვის რამე მაქვს დასამტკიცებელი. უბრალოდ, როცა გუნდში ლიდერის პოზიცია გაქვს, საუკეთესო და სანიმუშო უნდა იყო. მწვრთნელი რას და როგორ გადაწყვეტს, ეს უკვე მისი საქმეა.
- ახალი სეზონისთვის როგორი მიზნები ექნება “ჯენოას”?
- ჩვენ ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს და ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები “ფიორენტინადან” ფრეისა და ჯილარდინოს დამატებაზე. თუკი ამ 2 ფეხბურთელის საკითხი ჩვენთვის დადებითად გადაწყდა, ვთვლი, რომ უკეთესი გუნდი ვიქნებით. ამ ეტაპზე, დაცვა და ნახევარდაცვა უკეთაა დაკომპლექტებული “ჯენოაში” და თუ ეს შევსება განხორციელდა, ნამდვილად გვექნება პირველ ექვსეულში მოხვედრის პრეტენზია.    

 

ფრიდონ კერვალიშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096498