ინტერვიუები

11:13 | 21.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

კახა კალაძე: "ევროპაზე გასვლა სლოვენიასაც შეუძლია და საქართველოსაც"

სლოვენიურმა zurnal24-მა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტან კახა კალაძეს კოპერის მატჩის შემდეგ, ინტერვიუ ჩამოართვა. 32 წლის ქართველი მცველი “ჯვაროსნების” შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩებს ოპტიმისტურად უყურებს და სლოვენიელებსაც აიმედებს – იმედია, ევრო-2012-ზე ითამაშებთო.

- რას ფიქრობთ სლოვენიის ნაკრებზე?
- კარგი გუნდია, რომლის ფეხბურთელებიც კარგა ხანია, ერთად თამაშობენ. დღეს მოხდა ისე, რომ მოვიგეთ. კარგად ვითამაშეთ, შემართულები ვიყავით და დაგვიფასდა, მაგრამ ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩი იყო, ხომ ასეა? გახარებულები ვართ, რომ გავიმარჯვეთ.
- თქვენი აზრით, სლოვენიას აქვს ევრო-2012-ზე გასვლის პოტენციალი?
- ჩემი აზრით, აქვს. შანსები აქვს საქართველოსაც. ფეხბურთი ხშირად უცნაურია და მომენტებზეა დამოკიდებული. შესაძლებლობა გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ.
- სლოვენიაში პირველად არ ხართ. გახსოვთ აქ პირველი სტუმრობა?
- დიახ. კიევის “დინამოში” ვთამაშობდი (1998 წელს “მარიბორს” მოუგეს ჩემპიონთა ლიგაზე 2:1 და გადამწყვეტი გოლი რებროვმა გაიტანა პენალტით, რომელიც კახას წაქცევისთვის დაინიშნა _ ი.ნ.). თუმცა დღევანდელი და მაშინდელი მატჩი სხვადასხვაა. ის კლუბი იყო, ახლა კი – ნაკრებში ვითამაშე.
- სლოვენიაში ნაკრების სახელითაც გითამაშიათ.
-  რა თქმა უნდა, მახსოვს. 1:2 წავაგეთ (1999 წელს – ი.ნ.). დეტალები კი არ მახსოვს, ძალიან დიდი დრო გავიდა.  
- საქართველოს ნაკრებმა კარგი სტარტი აიღო შესარჩევ ციკლში. ელოდით ასეთ შედეგს?   
- მოსალოდნელი იყო, რადგან ჩვენ ბევრი კარგი ახალგაზრდა გვყავს. ასევე, გვყავს ახალი მწვრთნელი, ნაკრები მუდამ შემართული და კონცენტრირებულია. წლეულს თამაში არ წაგვიგია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი შეხვედრები გაისად გვექნება. უკეთესის მოლოდინში ვართ.
- სერია A-ში 5 სლოვენიელი ფეხბურთელი თამაშობს. იცნობთ მათ?
-  ვიცნობ იოსიპ ილიჩიჩს და არმინ ბაჩინოვიჩს.…ორივენი “პალერმოში” თამაშობენ. მეკარე სამირ ჰანდანოვიჩსაც ვიცნობ. თითქმის ყველა ფეხბურთელი ვიცი, რომელსაც სერია A-ში უთამაშია.
- “მილანის” ლეგენდად ითვლებით და კვირას, ალბათ, “დერბი დე ლა მადონინას” ნახავდით.
- დიახ, ტელევიზორში ვუყურე. “ჯენოამ” იმ  დღეს კალიარიში მოიგო, მეც ვითამაშე და “სან სიროზე” თამაშის დასასწრებად ნამდვილად არ მეცალა. კარგია, რომ “მილანმა” მოიგო, ამ სეზონში “როსონერი” მაგარ გუნდად ჩამოყალიბდა და ვფიქრობ, სკუდეტოს მოგების დიდი შანსიც აქვს.
- “მილანში” ხანგრძლივი პერიოდი გაატარეთ. წასვლა არ გაგიჭირდათ?
- რა თქმა უნდა, რთული იყო. თითქმის 10 წელი ვიყავი ‘მილანში”, მოვიგე ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა, ამიტომაც გამიჭირდა წასვლა. მაგრამ კარგია, რომ მოვხვდი “ჯენოაში”, სადაც მშვენიერი ატმოსფეროა, სადაც თბილად მიმიღეს... “ჯენოა” მეგობრული გუნდია, მეც თითქმის მუდმივად ვთამაშობ და ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის.

მოამზადა ილია ნანობაშვილმა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089769