ინტერვიუები

15:27 | 24.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

კახა კალაძე: “ფეხბურთში ფულს არასოდეს ვუყურებდი”

გასული წლის ზაფხულს, “მილანიდან” “ჯენოაში” გადასვლის შემდეგ, კახა კალაძისთვის უთამაშებლობის პერიოდს წერტილი დაესვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გენუურ კლუბში ფეხი მყარად მოიკიდა და იტალიის სერია A-ში სტაბილურად გამოდის. უკრაინულ გამოცემა segodnya.ua-სთან საუბრისას, კალაძეს არ დაუმალავს, რომ “ჯენოაში” გადასვლის მთავარი მიზეზი, სტაბილური სათამაშო პრაქტიკის მიღება იყო, რათა ეროვნულ გუნდს გამოდგომოდა. ამის გამო, ფეხბურთელი ახალ გუნდში იმაზე ნაკლები ანაზღაურების მიღებასაც დათანხმდა, ვიდრე “მილანში” ჰქონდა.
- “მილანის” შემდეგ “ჯენოაში” თავს როგორ გრძნობთ?
- მადლობა ღმერთს, თავს კარგად ვგრძნობ. სტაბილურად ვთამაშობ და ეს ჩემთვის  ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო სეზონში “მილანში” მხოლოდ 8 მატჩი ჩავატარე, რაც კატასტროფა იყო. თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი. ახლა ვთამაშობ და კარგადაც. მიხარია, რომ გუნდი შევიცვალე, რაც მჭირდებოდა კიდეც. თუმცა, არ დაგიმალავთ, რომ თავდაპირველად, ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმედ და არასასიამოვნოდ მეჩვენებოდა.
- “მილანი” ჩემპიონობისთვის იბრძვის, ხოლო “ჯენოა” – ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის. ეს არ გაწუხებთ?
- ბუნებრივია, ეს თავის როლს თამაშობს. “მილანში” 10 წელი ვითამაშე და ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც შეიძლებოდა. თან, ეს არა ტრიბუნაზე ან სათადარიგოთა სკამზე ჯდომით, არამედ, მოედანზე ყოფნით მოვახერხე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მეთამაშა, რადგან საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარ. მისი ინტერესებიდან გამომდინარე გადავედი გუნდში, სადაც მუდმივად მექნებოდა თამაშის საშუალება. კარგად მესმოდა, რომ თუ არ ვითამაშებდი, ნაკრებში პრობლემები შემექმნებოდა. ამიტომ, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება არ მინდოდა. როდესაც ნაკრების კაპიტანი საკუთარ კლუბში არ თამაშობ, ეს ეროვნული გუნდის სხვა წევრებისთვის კარგი მაგალითი არ არის.
- “მილანს” როგორ დაემშვიდობეთ?
- სილვიო ბერლუსკონისთან, ადრიანო გალიანისთან და გულშემატკივრებთან კვლავ კარგი ურთიერთობა მაქვს. როდესაც “ჯენოა” სტუმრად “მილანს” ეთამაშებოდა, “სან-სიროზე” გულშემატკივრებმა ბანერი გაშალეს წარწერით: “Gracias Kaladze”. მადლობა გადამიხადეს იმისთვის, რაც კლუბს გავუკეთე. შესაძლოა, უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.
- საცხოვრებლად გენუაში გადახვედით თუ მილანში დარჩით?
- ბინა გენუაშიც მაქვს და მილანშიც. ამ ქალაქებს შორის დიდი მანძილი არაა –სულ რაღაც 120 კილომეტრი. ხან მილანში ვარ, ხან გენუაში. მაგალითად, 3-4 დღე გენუაში ვჩერდები, შემდეგ მილანში ვბრუნდები ან პირიქით.
- თუმცა, ალბათ, მეტ დროს გენუაში ატარებთ?
- არა, მილანში. თუმცა, იქიდან გენუაში ერთ საათში ჩავდივარ.
- ახალ გუნდში როგორ მიგიღეს?
- ფანებიც და კლუბის ხელმძღვანელობაც ჩემით კმაყოფილნი არიან. გაზეთებში წერდნენ, რომ მძიმე ოპერაციის შემდეგ გამიჭირდებოდა, მაგრამ ფეხი არ მაწუხებს და ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. თავიდანვე ისე დავიწყე თამაში, როგორც ამას 2-3 წლის წინ ვაკეთებდი.  
- სათამაშო პრაქტიკის მიღების სანაცვლოდ, ხელფასის შემცირებაც მოგიწიათ?
- რა თქმა უნდა. “ჯენოაში” ისეთი ხელფასები არ არის, როგორც “მილანში”. ეკონომიური თვალსაზრისით, ეს კლუბები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. თუმცა, ფეხბურთში ფულს არასოდეს ვუყურებდი, არც თბილისის “დინამოში”, არც კიევის “დინამოში” და არც “მილანში”. ფული თავისთავად მოდიოდა. მე ყველაფერს მოედანზე ვამტკიცებდი. შემდეგ პრეზიდენტები გამომიძახებდნენ ხოლმე და ხელფასს მინიშნავდნენ. იგივე ეხება “ჯენოას” – ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს.
- “მილანის” ექს-მწვრთნელმა ლეონარდომ “ინტერი” ჩაიბარა და ყოფილი კლუბის ფანებისგან “მოღალატის” იარლიყი მიიღო...
- ვფიქრობ, ეს წმინდა პროფესიონალური გადაწყვეტილებაა. ეს სპორტია. კარგად მესმის, მისმა საქციელმა რატომ გაანაწყენა ბევრი ადამიანი. მან არაერთხელ განაცხადა, რომ “მილანი” მისი ოჯახი იყო. არავის ეგონა, რომ ამის შემდეგ “ინტერში” წავიდოდა. მსგავსი რამ რომ არ ელაპარაკა, მის გადასვლას სხვაგვარად აღიქვამდნენ. თუმცა, მისი ნებაა, “ინტერში” გადავა თუ “იუვენტუსში”. მე ამ ნაბიჯს ღალატად არ ვთვლი.
- თავად თუ გადახვიდოდით ოდესმე “ინტერში”?
- მსგავს სიტუაციაში რომ აღმოვჩენილიყავი ვერ გეტყვით, როგორ მოვიქეოდი. უნდა შემეფასებინა, იმ მომენტში “მილანში” რა მდგომარეობა მექნებოდა. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი... თუმცა, “ინტერში” ჩემთვის არავის დაუძახია.
- ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “შახტარი” “რომას” ბარიერს გადალახავს?
- რთული სათქმელია. “რომა” ძალიან კარგი გუნდია. “შახტარი” ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს. ძალიან საინტერესო თამაში იქნება. რომაელებს ნახევარდაცვა და თავდასხმა ძლიერი ფეხბურთელებით ჰყავთ დაკომლექტებული. გამოვარჩევდი ვუჩინიჩს, რომელიც ძალიან კარგ სათამაშო ფორმაშია, ასევე ბორიელოს, სწრაფ მენეზსა და დე როსის.
- მათთან გამკლავება როგორ  შეიძლება?
- ლუჩესკუმ ჩემზე უკეთ იცის როგორ უნდა განაწყოს ფეხბურთელები. გასათვალისწინებელია, რომ “რომა” კონტრშეტევებზე კარგად გამოიყურება და დიდი ხანია ერთი და იგივე შემადგენლობით გამოდის. თუმცა, წინა ხაზთან შედარებით, რომაელებს დაცვაში პრობლემები აქვთ. “შახტარს” ამის გამოყენება შეუძლია. საერთო ჯამში, ყველაფერს რაღაც წვრილმანები გადაწყვეტს. ბუნებრივია, ჩემი სიმპათია დონეცკელებისკენ იხრება, როგორც უკრაინული კლუბისკენ. მრავალი წელია ახმეტოვი გუნდში სულს და გულს დებს, რათა ის მაღალ დონეზე თამაშობდეს. უდავოა, დონეცკელები ბევრს იმსახურებენ.    
- ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის მონაწილეთაგან, ტურნირის პოტენციურ გამარჯვებულად ვინ მიგაჩნიათ?
- “ბარსელონა”- იმის გათვალისწინებით, თუ როგორ თამაშობს გუნდი ბოლო წლებში.  
- უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მარჩელო ლიპის სავარაუდო დანიშვნაზე იტალიაში რას საუბრობენ?
- ახლა არაფერს – სიჩუმეა. თუმცა, ორი თვის წინ წერდნენ, რომ უკრაინელებმა მას წინადადებით მიმართეს. ვფიქრობ, უკრაინისთვის ეს კარგი არჩევანია.
- ლიპი უკეთესია თუ უკრაინელი მწვრთნელი?
- ვფიქრობ, უცხოელი უკეთესია. ლიპის სახელი აქვს, მან ბევრი ტიტული მოიგო.  “ვარსკვლავებთან” მუშაობა და მათთან ურთიერთობა იცის.  
- ზოგიერთი სპეციალისტი უკრაინაში თვლის, რომ ლიპიმ ფეხბურთში საკუთარი თავი ამოწურა და უკრაინის ნაკრებს ვერაფერს მისცემს...
- თუ უკრაინაში რომელიღაც სპეციალისტი ამას ამბობს, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. მართალია, ახლა ლიპი უმუშევარია, მაგრამ მისი დონის მწვრთნელები თითზე ჩამოსათვლელნი არიან.
- ლიპის მთავარი კოზირი რა არის?
- მასთან არ მიმუშავია, მაგრამ ის ბიჭები, ვინც ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით თამაშობდნენ, ამბობენ, რომ იგი ძლიერი ტაქტიკოსი და ფსიქოლოგია. მის გუნდში ფეხბურთელებს ერთმანეთთან ურთიერთობის პრობლემა არ აქვთ. ლიპი კარგ გუნდს ჩამოაყალიბებს.
- ანდრეი შევჩენკოსთან ურთიერთობა გაქვთ? ერთხელ თქვით კიდეც, რომ მასთან ერთად გოლფს თამაშობდით...
- გოლფს ცუდად ვთამაშობ. ანდრეი კი, ბოლოს ახალწლამდე ვნახე, როდესაც ერთი დღით კიევში ვიყავი ჩამოსული.  
- პირველ ჯერზე, როდესაც ინტერვიუსთვის დაგიკავშირდით, თქვით, რომ ვერ ისაუბრებდით, რადგან კონოთეატრში იყავით. რას უყურებდით?
- ახალ ფილმს – “ავატარს”. თუმცა, ახლებურად – სათვალეებში.
- 3D-ში?
- დიახ.
- მერე როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- ასე კინოფილმს პირველად ვუყურე და ძალიან მომეწონა. საერთოდ, ბოლო დროს, ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კინოფილმმა “Romanze Criminale"-მ მოახდინა.
- “ავატარის” სანახავად ვისთან ერთად იყავით?
- მეუღლესთან ერთად. შვილი ლევანი სახლში, ძიძასთან დავტოვეთ.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.103569