ინტერვიუები

14:42 | 14.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

კახა კალაძე: “იტალიაში ახალგაზრდა ფეხბურთელებს ნაკლებად ენდობიან”

საქართველოს ნაკრების კაპიტანს, თბილისის და კიევის “დინამოს”, “მილანის” ყოფილმა წევრმა და “ჯენოას” ამჟამინდელმა მცველმა კახა კალაძემ ინტერვიუ მისცა მილანში გამომავალ პოპულარულ სპორტულ გამოცემა La Gazzetta dello Sport-ს. ჟურნალისტთან დიალოგისას კალაძე გენუაში გადასვლის პერიოდს იხსენებს და გუნდის სამომავლო პერსპექტივაზეც საუბრობს.  


- სადღეისო გადასახედიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ “ჯენოასა” და თქვენი თანამშრომლობიდან იდეალური სიმბიოზი შეიკრა. ეთანხმებით ამგვარ თვალსაზრისს?
- ჯენოაში ჩემი ცხოვრება შეიცვალა. როდესაც აქ ჩამოვედი, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვიყავი ჩავარდნილი. მთელი ცხოვრების განმავლობაში “მილანის” მადლიერი დავრჩები, მაგრამ 2009-10 წლების სეზონი ჩემთვის ძალიან რთული გამოდგა. ტრავმის გამო პრაქტიკულად არ ვთამაშობდი. გენუაში უპირველესად ფიზიკური კონდიცია აღვიდგინე. ნებისმიერ სფეროში მოღვაწეობისას, წარმოუდგენელია პროფესიული ასპექტით წინ მიიწევდე, თუკი ბედნიერი არ ხარ. “ჯენოაში” ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია.
- სხვა კლუბებისგანაც ხომ გქონდათ წინადადება?
- ტურინის “იუვენტუსი” მეპატიჟებოდა, მაგრამ “ჯენოას” ვარიანტი ვარჩიე. ისე არ გამიგოთ, თითქოს “ბებერ სინიორაში” გადასვლის შემთხვევაში კონკურენციას ვუფრთხოდი, მაგრამ მაინც სხვაა, როდესაც გუნდი სასტარტოში მუდმივად თამაშის გარანტიით რომ გიწვევს. ბედმა გამიღიმა, საფეხბურთო კარიერა გენუაში რომ გავაგრძელე.
- “ჯენოა” თანდათან ამბიციურ კლუბად და პროექტად იქცა. თქვენც იზიარებთ ამგვარ მოსაზრებას?
- არ მსურს ძალიან ხმამარალი განცხადება გავაკეთო, მაგრამ უკვე დროა, ჩვენი გუნდი გათამაშების ცხრილის შუაგულში ყოფნით არ დაკმაყოფილდეს და უფრო მაღალი ამოცანების გადაჭრა დაისახოს მიზნად. იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი გვაქვს, გუნდი მაღალი კლასის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და რატომაც არ უნდა ვიფიქროთ მაღალი ადგილის დაკავებაზე?
- “ჯენოაში” საკმაოდ ბევრი ერის წარმომადგენელი ირიცხება. ეს კოლექტივში უხერხულობას ხომ არ ქმნის?
- არავითარ შემთხვევაში. გუნდში ბრწყინვალე ბიჭები არიან თავმოყრილნი, რომელიც ქალაქს, კლუბს და იტალიის ჩემპიონატს ადვილად გაუშინაურდნენ. უცხოელისთვის სწრაფი ადაპტაცია დიდწილად წარმატების მიღწევის გარანტიაა.
- იტალიური სერია A-ს ახალწვეულთა 40 პროცენტი უცხოელია. როგორ თვლით, ეს “სკუადრა აძურასთვის” ზიანის მომტანი არაა?
- ალბათ, ასეა. საერთოდ, იტალიაში ახალგაზრდა ფეხბურთელებს ნაკლებად ენდობიან. გამოუცდელი მოთამაშე შეცდომას რომ უშვებს, ამაში არაფერია მოულოდნელი. ამ დროს მას გვერდით უნდა დაუდგე, მიუთითო და კლასის ამაღლებაში დაეხმარო. იტალიაში კი ამის გაკეთება არ უყვართ და კლუბებს მზამზარეული ფეხბურთელის აყვანა ურჩევნიათ. ახალგაზრდა მოთამაშეების დაფრთიანების თვალსაზრისით, ბოლო 10 წლის განმავლობაში აპენინის ნახევარკუნძულზე მდგომარეობა გაუარესდა.
- გასულ სეზონში ჯან პიერო გასპერინისთან მუშაობდით, რომელიც ამჟამად მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელია...
- მასთან ერთად მხოლოდ 3 თვე ვიმუშავე, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ვიგრძენი, გასპერინი მაღალი დონის სპეციალისტი რომაა. მისი წვრთნები, ტაქტიკური განსწავლულობა და გუნდში დისციპლინის დამყარების უნარი პატივისცემას იმსახურებს.
- თქვენ ფეხბურთელთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებიც პოსტსაფეხბურთო ცხოვრებაზე ჯერ კიდევ აქტიური სპორტული კარიერის დროს ზრუნავენ. ამასთან, იმ ადამიანების მომავალზე ზრუნვასაც არ ივიწყებთ, რომელთაც მატერიალურად უჭირთ...
- ფიქრი იმაზე, თუ რა გზას გაყვები ფეხბურთელობის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია. კარიერას დაახლოებით 35 წლის ასაკში ვასრულებთ და მომავალზე წინასწარ უნდა დაფიქრდე. შემდეგ კი, გარკვეული გეგმაც შეადგინო. ჩემი აზრით, ვალდებული ვარ, იმ ადამიანებს დახმარების ხელი გავუწოდო, რომლებიც თანადგომას საჭიროებენ. პროფესიონალ ფეხბურთელებს საამისო შესაძლებლობა გვაქვს.
- “ჯენოამ” წინასასეზონო მზადების პირველი ეტაპი მოილია. რას გვეტყოდით გუნდის სადღეისო მზადყოფნასთან დაკავშირებით?
- მოხარული ვარ, რომ ჩვენთან მხოლოდ მაღალი კლასის მოთამაშეები მოვიდნენ. განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება ზე ედუარდომ დატოვა. მისი სახით “ჯენოამ” დიდი ფეხბურთელი გადაიბირა.


მოამზადა გოჩა კაჭარავამ

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096579