როი ჰოჯსონის წასვლის შემდეგ, “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, შოტლანდიელ კენი დალგლიშის დაბრუნებამ, გუნდის ფანები გაახარა – “მეფე კენი” ხომ “მერსისაიდული” კლუბის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია. როდესაც 1977 წელს, ლეგენდარულმა ბობ პეისლიმ, დალგლიში “ენფილდზე” მიიწვია, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შოტლანდიელი ინგლისურ გრანდში ამდენს მიაღწევდა. იმდროინდელი ბევრი წარუმატებელი ტრანსფერისგან განსხვავებით, “სელტიკის” ყოფილმა ფორვარდმა თავიდანვე მოახერხა ლივერპულელთა მომხრეების გულების მონადირება. ეს, მით უფრო გასაკვირია იმის ფონზე, რომ 440 ათას გირვანქად შეძენილმა კენიმ, გუნდში “ჰამბურგში” წასული კევინ კიგანი შეცვალა. კიგანის ავტორიტეტი ძალიან მაღალი იყო და გარკვეული პერიოდით, ფანებს უიმედობის განცდაც კი დაეუფლათ, მაგრამ ისინი ოპტიმისტურ განწყობაზე კენი დალგლიშმა მოიყვანა. გლაზგოელმა ჭაბუკმა, “ლივერპულის” შემადგენლობაში პირველი მატჩი “მიდლსბროს” წინააღმდეგ ჩაატარა, მეორე შეხვედრა კი, უკვე “ენფილდზე” გამართა “ნიუკასლ იუნაიტედის” პირისპირ და ტრიბუნებზე მრავლად შეკრებილი გულშემატკივარი ეფექტური გოლითაც გაახარა. დალგლიში მალე იქცა ბობ პეისლის “წითელი მანქანის” ერთ-ერთ უმთავრეს მექანიზმად. მისი ავტორიტეტი და მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. “ენფილდმა” კენი ახალ გმირად აღიარა, რასაც დალგლიში მონდომებული და ოსტატური თამაშით პასუხობდა. კენი მალევე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, განსაკუთრებით ლამაზი ბურთი მან 1978 წელს, ლონდონის “უემბლიზე”, ჩემპიონთა თასის ფინალში, ბელგიურ “ბრიუგეს” გაუტანა, “ლივერპულს” ზედიზედ მეორედ მოაგებინა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო პრიზი, თავად კი, პირველად გახდა მნიშვნელოვანი გათამაშების გამარჯვებული. კენი დალგლიშისთვის განსაკუთრებულად წარმატებული, მომდევნო ანუ 1979 წელი გამოდგა. შოტლანდიელი ნისლიანი ალბიონის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა კენიმ კი, “ლივერპულს” ინგლისის ჩემპიონატი დამაჯერებლად მოაგებინა. დალგლიშს ლივერპულური პუბლიკა აღტაცებაში არა მარტო დიდოსტატურით თამაშით მოჰყავდა, არამედ თავდადებული ასპარეზობით პარტნიორებისთვის მაგალითის მიმცემი გახლდათ. გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, კენი დალგლიშისა და იან რაშის დუეტი “ლივერპულის” მიერ, საშინაო და საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული ტრიუმფების სულისჩამდგმელი იყო, შოტლანდიელს კი, ისეთი ვარსკვლავების გვერდით მოიხსენიებდნენ, როგორებიც დიეგო მარადონა, ზიკო, მიშელ პლატინი და კარლ ჰაინც რუმენიგე იყვნენ.
აი, ასეთი საყვარელი მოთამაშე ჩაუდგა სათავეში ამჟამად, არცთუ დალხინებულ “ლივერპულს”. ეს ამბავი “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრაში გახმაურდა და როდესაც “ოლდ ტრაფორდის” ტრიბუნაზე მოკალათებულმა ლივერპულელმა გულშემატკივრებმა, გასახდელიდან გამოსული კენი დალგლიში დაინახეს, ისეთივე გულითადი შეხვედრა მოუწყვეს, როგორი სიყვარულითაც ხვდებოდნენ ისინი თავიანთ კერპს “ენფილდ როუდზე” გამოჩენისას.
კენი დალგლიშს “ლივერპული” ადრეც გაუწვრთნია და ამ პოსტზეც არაერთხელ გაუხარებია გუნდის მომხრეები. “მეფე კენის” დამოძღვრილმა ენფილდელებმა 1986, 1988 და 1990 წლებში ინგლისის ჩემპიონობა მოიპოვეს, 1986 და 1989 წლებში ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასს დაეუფლნენ, 4-ჯერ კი, ინგლისის სუპერთასი მოიგეს (1986, 1988, 1989, 1990). 1991 წელს, დალგლიში “ლივერპულის” მთავარმწვრთნელობიდან გადადგა, 20 წლიანი პაუზის შემდეგ კი, კვლავ ენფილდელთა სათავეშია.
- როგორი განწყობით ჩაატარეთ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი “ლივერპულის” დამრიგებლის რანგში?
- დადებითი ემოციით აღსავსე ვარ. გულშემატკივრებმა დაუვიწყარი შეხვედრა გამიმართეს. იმდენად გახარებული გახლდით, კინაღამ ჟოზე მოურინიოს მივბაძე და იმ სექტორისკენ გავიქეცი, რომელშიც “ლივერპულის” გულშემატკივრები ისხდნენ. ჩვენს ერთგულ ფანებს ზუსტად იმავეს ვპირდები, რა განწყობითაც 1977 წელს პირველად დავდგი ფეხი “ენფილდ როუდზე” – კენი დალგლიშის იმედი გქონდეთ.
- უპირველესად, რის გაკეთებას აპირებთ “მერსისაიდელთა” დამრიგებლის პოსტზე?
- ჩემი ცხოვრების მომდევნო 6 თვე ფანტასტიკურ პერიოდად მეჩვენება. თუკი ისეთივე შთაგონებითა და თავდადებით ვითამაშებთ, როგორც “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ, წარმატება არ დაახანებს. ჩემს ამოცანას კი, იმად ვხედავ, რომ თითოეულ ფეხბურთელს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენაში დავეხმარო. ვფიქრობ, საერთო ძალისხმევით, ამას მივაღწევთ.
- სათასო მატჩის წინ, სერ ალექს ფერგიუსონთან გასაუბრება თუ მოასწარით?
- ფერგიუსონმა დაბრუნება მომილოცა და წარმატება მისურვა. ამისთვის მისი მადლობელი ვარ.
- თამაშის მსვლელობამ, კმაყოფილი დაგტოვათ?
- წაგებულმა თამაშმა კმაყოფილების გრძნობა როგორ უნდა დამიტოვოს, მაგრამ მთავარი ისაა, ბიჭებმა მონდომებითა და ცალკეულ ეპიზოდებში თავგანწირვით რომ იასპარეზეს. თუკი, ამგვარი მიდგომა სამომავლოდაც გამოვავლინეთ, მდგომარეობას სასიკეთოდ გამოვასწორებთ.
- დავუბრუნდეთ თქვენს სამომავლო საქმიანობას. “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელად მხოლოდ 6 თვის ვადით დაინიშნეთ. ეს, უხერხულობის გრძნობას არ გიჩენთ?
- როდესაც შაბათ დილით დამირეკეს და “ლივერპულის” დამრიგებლობა შემომთავაზეს, თანხმობა უმალ მივეცი. ჩემთვის, “ენფილდზე” დამრიგებლად მუშაობა დიდი პატივია და არასდროს მივცემ თავს უფლებას, კლუბის ხელმძღვანელებს რაიმე სახის პირობა წავუყენო. თავის მხრივ, არც მე მიმიცია პირობა. ყველამ იცის, თავდაუზოგავად რომ ვიმუშავებ. თუკი მწვრთნელობას თავს კარგად გავართმევ, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ მაინც შემცვლიან, ჩემთვის ეს ტრაგედია არ გახდება. საკაპიტნო ხიდურაზე ფეხი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ შევდგი, “ლივერპულს” რომ დავეხმარო და თუკი სხვა თანამდებობაზე გამოვადგები კლუბს, იქაც ენთუზიაზმით ვიმუშავებ.
- სამწვრთნელო პრაქტიკაში კარგახნიანი პაუზა გამოგივიდათ. ეს მომენტი, მუშაობაში ხელს ხომ არ შეგიშლით?
- არა. ამ ხნის განმავლობაში დიდი რაოდენობის მატჩი ვიხილე. არ მგონია, რომელიმე მწვრთნელს ამდენი შეხვედრის ხილვისა და გაანალიზების დრო ჰქონოდა. თუმცა ისიცაა, ასპარეზობებს მაინც დამკვირებლის სტატუსით ვუცქერდი და ამ დროს, შესაძლოა, რომელიმე მნიშვნელოვანი მომენტი თვალთახედვის არედან გამოგეპაროს.
- რა ნაბიჯებს გადადგამთ სამწვრთნელო ოსტატობის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით?
- ამჟამად, სპორტული მეცნიერება დიდ როლს თამაშობს ფეხბურთის შემდგომი განვითარების საქმეში. მეეჭვება, ჩემს ასაკში ყველა მნიშვნელოვან ნოვაციას გავეცნო და ავითვისო, მაგრამ გარწმუნებთ, ენერგიასა და დროს არ დავზოგავ, რათა თანამედროვე მოთხოვნებს ფეხი ავუბა. მართალია, 10 წლის განმავლობაში უმუშევარი გახლდით, მაგრამ საფეხბურთო ცოდნა და ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება მაქვს. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრებთან, კლუბის ხელმძღვანელებსა და ფეხბურთელებთან, საერთო ენის გამონახვა არ გამიჭირდება.
მოამზადა
გოჩა კაჭარავამ









