დღეს “ენფილდ როუდზე” ლივერპულური დერბი ჩატარდება. “ლივერპულისა” და “ევერტონის” ნებისმიერი დაპირისპირება უაღრესად პრინციპულ ხასიათს ატარებს და გამონაკლისი არც მომავალი პაექრობა იქნება. წინასამატჩო განწყობას რაც შეეხება, გუდისონ პარკელები უკეთეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან – დევიდ მოიესის გუნდს ხომ ბოლო 7 საპრემიერლიგო ასპარეზობა არ წაუგია, “ლივერპულმა” კი, დღევანდელი დერბის წინ, მიჯრით 3 მარცხი განიცადა. “წითლების” შოტლანდიელი თავკაცი კენი დალგლიში თანაქალაქელებთან დაპირისპირებას მაინც ოპტიმისტურად ელის და უიღბლო სერიის შეწყვეტის იმედიც არ ტოვებს.
- ოთხშაბათს 10 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც გუდისონ პარკელებს სათავეში დევიდ მოიესი ჩაუდგა. როგორ მიულოცავთ მას ამ საიუბილეო თარიღს?
- ვიმედოვნებ, დევიდისთვის ერთადერთი სადღესასწაულო ეს თარიღიღა იქნება. “ლივერპული” მინდორზე მხოლოდ მოსაგებად გავა და “ევერტონის” დამარცხებას შეეცდება. ისე კი, მოიესის მიერ ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაწეული სამუშაო მხოლოდ საქებარ სიტყვებს იმსახურებს. წელსაც გუნდი სოლიდურად გამოიყურება. ბოლო შვიდ საპრემიერლიგო მატჩში ევერტონელები დაუმარცხებლები არიან, თანაც მათ ისეთ გუნდებს დააყრევინეს ფარ-ხმალი, როგორებიც “მანჩესტერ სიტი” და “ტოტენჰემია”. ლივერპულს თავისუფლად შეუძლია იამაყოს, 2 ასეთი კარგი გუნდი რომ ჰყავს.
- უშუალოდ თქვენ რა განწყობით ხვდებით თანაქალაქელებთან შეხვედრას?
- ორივე გუნდის გულშემატკივრებისთვის თვალსასეირო მატჩის ჩატარების იმედი და განწყობა მაქვს. ბოლოდროინდელი გამოსვლის ფონზე, შესაძლოა, “ევერტონი” უფრო ოპტიმისტურად იყოს მომართული. ვფიქრობ, მეტოქე უკეთაა განწყობილი იმ მატჩთან შედარებით, როდესაც სეზონის დასაწყისში მათ “გუდისონ პარკზე” ვესტუმრეთ.
- ამბობენ, ლივერპულური დერბის წინ ნაკლებად მნიშვნელოვანია, რომელი გუნდი როგორ სათამაშო ფორმაშია, “ლივერპულისა” და “ევერტონის” ნებისმიერ დაპირისპირებას თავისი, “საკუთარი კანონები” აქვს...
- ამ გუნდების მატჩებში გადამწყვეტი, სპორტულ ფორმაზე მეტად, ფსიქოლოგიური განწყობაა. ლივერპულისთვის ეს დღე ყოველთვის სადღესასწაულოა, ჩვენ კი ყოველმხრივ შევეცდებით, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ გახარებული “ლივერპულის” ბანაკის ქომაგები დავტოვოთ. დანამდვილებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ მატჩი ორივე გუნდისთვის ურთულესი იქნება. დერბის ფაქტორს თავი რომ დავანებოთ, სატურნირო ცხრილი გვაიძულებს თავდადებით თამაშს. ამასთან, “ევერტონი” მხოლოდ 2 ქულით ჩამოგვრჩება და წარმატების შემთხვევაში, გადაგვისწრებს კიდეც. იმედია. ასე არ მოხდება და “ენფილდზე” შეკრებილ მაყურებელს გავახარებთ.
- ფრანგ ჟურნალისტებთან საუბრისას ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ მზადაა ლივერპულიდან პარიზში გადავიდეს და თანანაკრებელ დიეგო ლუგანოსთან ერთად პსჟ-ს ღირსება დაიცვას...
- ლუგანოს რაც შეეხება, მას კარლო ანჩელოტი ხშირად არ უშვებს მინდორზე სათამაშოდ. აქედან გამომდინარე, ლუის სუარესს პსჟ-ში მისი პარტნიორობა პრაქტიკულად არ მოუწევს. არ ვარ დარწმუნებული, თქვენმა ფრანგმა კოლეგებმა მართალი ინფორმაცია რომ გაავრცელეს. იგივე წარმატებით საუბრობენ პარიზში ედინსონ კავანის გადაბარგებაზეც, მაგრამ სინამდვილეში იგი ნეაპოლიდან აბარგებაზე არ ფიქრობს.
- ლუის სუარესი არსენ ვენგერმა გააკრიტიკა, აქაოდა, სამხრეთამერიკელი ფორვარდი ჩვენთან მატჩის მსვლელობისას მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, “არსენალის” საჯარიმოში “გაგორებულიყო”, მსაჯისთვის კი უსაფუძვლო პენალტი დაეტყუებინაო...
- ჩემი აზრით ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ცილისწამებისთვის არსენ ვენგერი უნდა დასაჯოს. ცოტა ხნის წინათ მწვრთნელებს ინგლისის ნაკრების მთავარმწვრთნელობის კანდიდატებზე საუბარი აგვიკრძალეს და რატომ უნდა დავუშვათ მწვრთნელთა მხრიდან თავდასხმა მეტოქე გუნდების ფეხბურთელებზე! “ლივერპულისა” და “არსენალის” შეხვედრის დასრულებისთანავე მე და ვენგერმა ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, მან მითხრა მშვენიერი მატჩი გამოგვივიდა და ბედმა გაგვიღიმა, 3 ქულა რომ მოვიპოვეთო. ლუის სუარესზე ფრანგს არაფერი დასცდენია...
მოამზადა გოჩა კაჭარავამ









