ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე არსენ კახაბრიშვილი საქართველოს ნაკრების წევრთაგან ერთადერთი აღმოჩნდა, მსოფლიოს ჩემპიონატის კვარცხლბეკზე ასვლა რომ შეძლო. გუშინ ბუდაპეშტში კლასიკოსთათვის მედლების ბოლო-ოთხი კომპლექტი გათამაშდა. ვლადიმერ ადეიშვილის ოთხეულიდან სამმა ჭიდაობა დილის პროგრამაშივე დაასრულა და მხოლოდ 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე კახაბრიშვილი შერჩა ხალიჩას, ისიც რეპეშაჟის ფინალში საჭიდაოდ.
ოქრო-ვერცხლის შანსი კახაბრიშვილმა ნახევარფინალში, სამხრეთკორეელ სე-იოლ ლისთან სამსეტიან შეხვედრაში დაკარგა. იქამდე ქართველმა თურქმენი ილიას ესენოვი, ამერიკელი ბენჯამინ ეროლ პროვისორი და თურქი ასლან ატემი ჩამოიშორა. რეპეშაჟის ფინალში კი ბერძენ გეორგიოს დალარასს აჯობა.
მინდია წულუკიძე (55 კგ), საჩინო დავითაია (66 კგ) და სერგო გოგისვანიძე (120 კგ) ძირითად ბადეში მომავალ ჩემპიონებთან დამარცხდნენ და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთნენ, მაგრამ სამეულს მაინც ვერც ერთი ვერ შეწვდა.
წულუკიძემ პირველსავე წრეში რუსეთის სახელით მოჭიდავე სტეპან მარიანიანთან წააგო, რეპეშაჟში კი ლიტველ რამუნას დაგისთან წაიფორხილა. დავითაია ჩემპიონატში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო და სერბ ნენად სოლარს იოლად გასცდა, მაგრამ რუს ჩინგიზ ლაბაზანოვთან ვეღარას გახდა და “ბრინჯაოს ფრონტზე” გადაინაცვლა, სადაც უმალ დამარცხდა, ამერიკელ ელის კოლემანთან. გოგისვანიძემ ფინალში ჭიდაობის შანსი უკრაინელ იგორ დიდუკთან დაკარგა. რეპეშაჟში კი ირანელ პარსა ჰამდალაჰ ნაზარის ვერ გასცდა. სულ ქართველმა მძიმეწონოსანმა 4 შეხვედრა ჩაატარა. ძირითადი ბადის პირველ წრეში ჩინელი დონგ ჰანი დაჩაგრა, ხოლო დამამშვიდებელი ეტაპი ლიტველი მარიუს გრიგელის ძლევით გახსნა.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 14 ქულა დააგროვა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან და შვედეთთან ერთად მე-9 ადგილი დაიკავა. თუმც აქვე შეგახსენებთ, 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართულ გუნდს მონაწილე არ ჰყავდა.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
მსოფლიოს ჩემპიონატი
ბუდაპეშტი. 21 ივლისი
55 კგ
1 სტეპან მარიანიანი (რუსეთი)
2 გასიმ მაჰამადოვი (აზერბაიჯანი)
3 ოლივერ რუნგე (გერმანია)
3 სამან აბდული (ირანი)
66 კგ
1 ჩინგიზ ლაბაზანოვი (რუსეთი)
2 დომინიკ ეტლინგერი (ხორვატია)
3 ელის კოლემანი (აშშ)
3 რასულ ჩუნაევი (აზერბაიჯანი)
84 კგ
1 არტურ ალექსანიანი (სომხეთი)
2 სე-იოლ ლი (სამხრეთ კორეა)
3 არსენ კახაბრიშვილი (საქართველო)
3 ჟან ბელენიუკი (უკრაინა)
120 კგ
1 იგორ დიდუკი (უკრაინა)
2 დავიდ ოგანესიანი (რუსეთი)
3 ედუარდ პოპი (გერმანია)
3 ბაირამ ნიგარი (თურქეთი)
გუნდური ჩათვლა
1 რუსეთი 64
2 აზერბაიჯანი 37
3 ირანი 33
4 უკრაინა 32
4 სომხეთი 32
6 გერმანია 30
7 თურქეთი 25
8 ყაზახეთი 19
9 აშშ 14
9 საქართველო 14
9 შვედეთი 14
12 ბელარუსი 11
ოთარ მაღლაკელიძე







