ბაქოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს 17-18 აპრილს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დახურავენ. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ სრული ევროშემადგენლობა ოთხი დღის წინ, ბათუმში დაასახელა. ბაქოში კი გუნდი გუშინ გაემგზავრა.
კლასიკოსებმა ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი დასკვნითი 2-კვირიანი შეკრება აჭარაში გაიარეს. ქართული შვიდეული ჯერ კიდევ ბათუმამდე იყო ცნობილი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 84 კილოგრამში მოჭიდავე ბადრი ხასაია სიიდან ამოეწერა და მისი შემცვლელი შეკრების მიწურულსღა დასახელდა. წინასწარი ინფორმაციით, მწვრთნელს არჩევანი ვლადიმერ გეგეშიძესა და აკაკი ჯოხაძეს შორის უნდა გაეკეთებინა, მაგრამ საბოლოოდ მეშვიდე ქართველი ახალგაზრდებს შორის ევროპის პრიზიორი არსენ კახაბრიშვილი აღმოჩნდა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით გამოვა. გუნდს ხასაიასთან ერთად 4 ტიტულოვანი მოჭიდავეც დააკლდება. მანუჩარ ცხადაიასა (66 კგ) და რამაზ ნოზაძეს (96 კგ) ხელი ტრავმებმა შეუშალა. ხოლო დავით ბედინაძე (60 კგ) და მანუჩარ კვირკველია (74 კგ) ამ ეტაპზე მხოლოდ ვარჯიშობენ და ტურნირებში მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპიდან ჩაერთვებიან.
აზერბაიჯანულ ხალიჩაზე საქართველოს დროშის ქვეშ ლაშა გოგიტაძე (55 კგ), რევაზ ლაშხი (60 კგ), ანტონ მამაგეიშვილი (66 კგ), გენადი გოგიშვილი (74 კგ), არსენ კახაბრიშვილი (84 კგ), სოსო ჯაბიძე (96 კგ) და დიმიტრი ჯავახიშვილი (120 კგ) იჭიდავებენ. პირველი ოთხეული საქმეში 17 აპრილს ჩაერთვება. 18-ში კი მედლები ბოლო-სამ წონაში გათამაშდება.
ოთარ მაღლაკელიძე







