საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა “ოქროს გრან-პრის” სერიის ფინალური ტურნირი 2 მედლით ჩაამთავრა. ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის დარბაზის ხალიჩაზე გუშინ ბეგი დარჩიას ოცი შეგირდი გავიდა და დილის პროგრამის დასრულების შემდეგ სამეულისთვის ბრძოლას ოთხიღა შერჩა. ფინალის საგზური მხოლოდ 74 კილოგრამში მოჭიდავე გიორგი ცირეკიძემ მოიპოვა. იმავე წონაში მოასპარეზე მანუჩარ კვირკველიამ და მძიმეწონოსნებმა – დიმიტრი ჯავახიშვილმა და შოთა გოგისვანიძემ კი რეპეშაჟის ფინალში იჭიდავეს. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 41 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა. პირველზე აზერბაიჯანი გავიდა, 67 ქულით, ხოლო მეორეადგილოსანმა ირანმა საქართველოს 7 ქულით გაუსწრო. მეოთხე-მეხუთე პოზიციები კი 37-ქულიან ყაზახეთს და 35-ქულიან უნგრეთს ერგოთ. დარჩიას ოცეულის ბაქოური გამოსვლის დეტალებს წონითი კატეგორიების მიხედვით გაგაცნობთ.
55 კგ - ოქრო-ვერცხლის გზა სამივე ქართველს პირველსავე წრეში ჩაეკეტა. ლაშა გოგიტაძე აზერბაიჯანელ ორხან ახმადოვთან სამსეტიან დაძაბულ შეხვედრაში დამარცხდა. ზურაბ კეკელიძემ და გიორგი გვენეტაძემ კი ინდოელ კუმარ რაჯენდერთან და იაპონელ კოჰეი ჰასეგავასთან უშანსოდ წააგეს. დამამშვიდებელ ეტაპზე მხოლოდ გვენეტაძე გავიდა, მაგრამ უმალ დამარცხდა, სამხრეთკორეელ იუნბეკ ლისთან.
60 კგ - ეს წონა ერთადერთი იყო, სადაც ქართველებმა სტუმრებისთვის დაწესებული კვოტა ბოლომდე ვერ გამოიყენეს და ხალიჩაზე 2 სპორტსმენი გავიდა. რევაზ ლაშხმა მშვენივრად დაიწყო – რუს გამზატ იბრაგიმოვს ორ სეტში მოუმთავრა საქმე, მაგრამ ნორვეგიელ შტიგ ანდრე ბერგესთან აღარაფერი გამოუვიდა და რეპეშაჟში გადასასვლელად მის ფინალში გასვლას დაელოდა. ბერგე ნახევარფინალს ვერ გასცდა და ლაშხისთვის “ოქროს გრან-პრი” დასრულდა. ირაკლი ჭოჭუა ხალიჩაზე ერთადერთხელ გავიდა - პირველსავე მეტოქესთან, აზერბაიჯანელ გადირ სულეიმანოვთან დამარცხდა.
66 კგ - სამივე ქართველმა მხოლოდ თითო მოწინააღმდეგის ჩამოშორება შეძლო. საქართველოს 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენმა მანუჩარ ცხადაიამ უკრაინელ დენის დემიანკოვს სამ სეტში მოუგო და შემდეგ ყაზახ აიბეკ იენსეხანოვთან ასევე სამ სეტში დამარცხდა. მუხრან მაჭუტაძე პოლონელ მატეუშ ვანკეს იოლად გასცდა და ბელარუს მიხაილ სიამიონაუსთან ძალა აღარ ეყო. ანტონ მამაგეიშვილმა კი ყაზახი ნურბაკიტ ტენგიზბაევის ძლევის შემდეგ, მომავალ ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ ვიტალი რაჰიმოვთან წააგო. დამამშვიდებელ ეტაპზეც მხოლოდ მამაგეიშვილი გადაერთო, მაგრამ პირველსავე მეტოქესთან – ხორვატ დანიელ იანეჩიჩთან წაიფორხილა.
74 კგ - ყველაზე შედეგიანად ბეგი დარჩიას შეგირდებმა ამ წონაში იჭიდავეს. გიორგი ცირეკიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო მანუჩარ კვირკველია მეხუთე ადგილზე გავიდა. ჰეიდარ ალიევის სახელობის დარბაზში შეკრებილი მაყურებელი სულაც ქართულ ფინალს იხილავდა და საქართველოს ჰიმნსაც მოუსმენდა, კვირკველიას ნახევარფინალში უნგრელ პეტერ ბაკშისთან რომ არ წაეგო. ტურნირის მიმომხილველი ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მანუჩარ კვირკველიამ პირველ სეტში 3:0 იმარჯვა, შემდეგ კი ორჯერ ერთნაირი ანგარიშით – 0:5 წააგო და რეპეშაჟის ფინალში გადაინაცვლა, სადაც ასევე 0:5 დამარცხდა. სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრების ყველაზე ტიტულოვან წევრს უნგრელთან შეხვედრა არ დაუსრულებია და არც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მიუღია მონაწილეობა. 0:5-ებიც ტექნიკურ მარცხს უფრო ჰგავს. ნახევარფინალამდე კვირკველიამ ძლიერი ირანელი მეტოქეები – ჰამიდ აბდოლრაჰმან რეიჰანი და მეჰდი რაჰმან მოჰამადი ჩამოიცილა. ცირეკიძემ კი გადამწყვეტ ბრძოლაში ბაკშისთან წაგებამდე აზერბაიჯანელ სამურაი მუსტაფაევს, ყაზახ რომან მელიოშინსა და პოლონელ იაკუბ კაზიმიეჟ ტიმს აჯობა. ამავე წონაში გენადი გოგიშვილიც გავიდა ხალიჩაზე, მაგრამ ერთადერთხელ – ბელარუს ალექსანდრ კიკინიუსთან დამარცხდა.
84 კგ - ქართველებმა პირველსავე წრეში დაკარგეს ფინალისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი. თბილისის “ოქროს გრან-პრის” მომგებ ვლადიმერ გეგეშიძეს ბაქოში კენჭისყრამ აშკარად არ გაუმართლა და საწყის ეტაპზევე ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, რუს ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსანდრ მიშინს შეხვდა და ორ სეტში მინიმალური სხვაობებით დამარცხდა. დავით ხეთაგურს და დავით ქარჩავას კი ირანელმა მეტოქეებმა – დავოოდ ალიაშრაფ ახბარმა და დავოოდ მოჰამად აბედინზადე ჩადორჩიმ აჯობეს.
96 კგ - რამაზ ნოზაძეს და იოსებ ჯაბიძეს პირველ წრეში რომ ემარჯვათ, შემდეგ ერთმანეთის პირისპირ უწევდათ დადგომა, მაგრამ საწყისი ბარიერი მხოლოდ ჯაბიძემ დაძლია. მან აზერბაიჯანელ საბუჰი ჰუმბატოვს ორ სეტში მოუმთავრა საქმე. ნოზაძემ კი ასევე ორ სეტში წააგო უნგრელ ივან ნემეტთან. ამ უკანასკნელს რიგიანი წინააღმდეგობა ვერც ჯაბიძემ გაუწია და ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას მეორე ქართველიც გამოეთიშა. ცოტა ხანში ნემეტმაც წაიფორხილა და ბეგი დარჩიას გუნდის წევრებს დამამშვიდებელ ეტაპზე გადართვის შანსიც გაუქრათ. სერგო ნინუა ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო და უზბეკეთის სახელით მოჭიდავე ქართველთან, დავით სალდაძესთან ვერაფერი გააწყო.
120 კგ - ქართველი მძიმეწონოსნები კენჭისყრამ ბადის ერთ მხარეს მოახვედრა. დიმიტრი ჯავახიშვილი და ოთარ ბოლქვაძე ერთმანეთს საწყის ეტაპზევე დაუპირისპირდნენ და ჯავახიშვილმა იმარჯვა. შოთა გოგისვანიძეს ირანელი მოჰამად ჩორბანი გოლდასტეჰისთვის რომ მოეგო, ნახევარფინალში ჯავახიშვილს შეხვდებოდა, მაგრამ ეს ვერ შეძლო და... ცოტა ხანში ირანელმა მეორე ქართველის ძლევით ფინალში გააღწია. ჯავახიშვილი და გოგისვანიძე კი რეპეშაჟის ფინალში დაეჭიდნენ ერთმანეთს და კვარცხლბეკზე ჯავახიშვილი ავიდა.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
“ოქროს გრან-პრი”
18 ივლისი
55 კგ
1 პეტერ მოდოში (უნგრეთი)
2 კოჰეი ჰასეგავა (იაპონია)
3 იუნბეკ ლი (სამხრეთ კორეა)
3 აშკატ კუდაიბერგენოვი (ყაზახეთი)
60 კგ
1 ჰასან ალიევი (აზერბაიჯანი)
2 ეუსებიუ იანკუ დიაკონუ (რუმინეთი)
3 ფუად ალიევი (აზერბაიჯანი)
3 შტიგ ანდრე ბერგე (ნორვეგია)
66 კგ
1 ვიტალი რაჰიმოვი (აზერბაიჯანი)
2 რუსტამ ალიევი (აზერბაიჯანი)
3 მიხაილ სიამიონაუ (ბელარუსი)
3 დარჰან ბაიახმეტოვი (ყაზახეთი)
74 კგ
1 პეტერ ბაკში (უნგრეთი)
2 გიორგი ცირეკიძე (საქართველო)
3 სამურაი მუსტაფაევი (აზერბაიჯანი)
3 ალექსანდრ კიკინიუ (ბელარუსი)
84 კგ
1 ტელებ ნარიმან ნემატპური (ირანი)
2 შალვა გადაბაძე (აზერბაიჯანი)
3 დავოდ მოჰამად აბედინზადე ჩადორჩი (ირანი)
3 ოლეგ სოკალოვი (რუსეთი)
96 კგ
1 ბაბეკ ჰოსეინ ჩორბანი გოლდასტეჰი (ირანი)
2 მოჰამად აბდელფატაჰი (ეგვიპტე)
3 აჰმეტ ტაჩილდიზი (თურქეთი)
3 დიმიტრი ტიმჩენკო (უკრაინა)
120 კგ
1 რიზა კაიაალპი (თურქეთი)
2 მოჰამად გორბანი გოლდასტეჰი (ირანი)
3 დიმიტრი ჯავახიშვილი (საქართველო)
3 მიჰალი დიკ-ბარდოში (უნგრეთი).
ოთარ მაღლაკელიძე







