დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეების შემდეგ, ჩემპიონ-პრიზიორები ქალებშიც გამოვლინდნენ, დღეს-ხვალ კი ლეიბი ბერძენ-რომაელებს დაეთმობათ.
დღეს მედლები 55, 66, 84 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების წევრთაგან, საქმეში ლაშა გოგიტაძე (55 კგ), ანტონ მამაგეიშვილი (66 კგ), მათე სოფაძე (84 კგ) და დიმიტრი ჯავახიშვილი (120 კგ) ჩაერთვებიან.
გოგიტაძის პირველი მეტოქე სლოვაკი ნიკოლას ლაკატოში იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი, გაცილებით ძლიერ მოჭიდავესთან, ევროპის ჩემპიონ, მსოფლიოს ვერცხლის და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ სომეხთან, რომან ამოიანთან მოუწევს დაჭიდება.
მამაგეიშვილი ჩემპიონატს სომეხ სასუნ ჩამბარიანთან შეხვედრით გახსნის, ხოლო თუ გასცდება, ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, რუსეთის სახელით მოჭიდავე ქართველის, ამბაკო ვაჩაძის პირისპირ მოუწევს დადგომა. ძნელი წარმოსადგენია, ვაჩაძემ პირველ წრეში, პორტუგალიელ მანუელ ალმეიდასთან წაიფორხილოს.
ნაკრების დებიუტანტ სოფაძეს პირველ მეტოქედ სლოვენიელი დეიან სერნეკი ერგო. ამ წყვილში გამარჯვებული ბელარუს ალიმ სელიმაუსა და თურქ აჰმეტ ილდირიმს შორის საუკეთესოს დაეჭიდება. ბადის ამავე ნახევარში არიან აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე ირანელი, მსოფლიოს 2-გზის პრიზიორი აჰმან სამან ტაჰმასები, რუსი ალან ხუგაევი და ხორვატი ევროპის პრიზიორი ნენად ზუგაი.
ჯავახიშვილი პირველ წრეში სერბ მილოშ სპასიჩს შეხვდება. ქართველი მძიმეწონოსნის სატურნირო ბადეში, ნახევარფინალამდე ერთადერთი ტიტულოვანი ფალავანი, ესტონელი მსოფლიოს პრიზიორი ჰეიკი ნაბია. ნახევარფინალში კი, სავარაუდო კონკურენტთა შორის ყველაზე გამოსარჩევი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპისა რუსი ჩემპიონი ხასან ბაროევია.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ოთარ მაღლაკელიძე







