ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატის მეორე დღეს, ქუთაისის სპორტის სასახლეში მედლები დარჩენილ სამ წონაში - 84, 96 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა. ნაკრების წევრთა და კანდიდატთა სრულმა შემადგენლობამ ვერც ამჯერად მოიყარა თავი. უმთავრესი დანაკლისი რამაზ ნოზაძის (96 კგ) არყოფნა იყო. ჩემპიონატში მონაწილეობაში ათენის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს ხელი მოსამზადებელი პროცესისას მიღებულმა ტრავმამ შეუშალა. ტრავმის გამო დააკლდა შიდა კონკურენციას მძიმეწონოსანი გურამ ფერსელიძეც, ხოლო თავისი წონის ერთ-ერთი ფავორიტთაგანი ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) ქუთაისში ჩავიდა, მაგრამ ავადმყოფობის გამო ვეღარ აიწონა.
84 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მოლოდინისამებრ, ყველას საქართველოს ნაკრების გამოცდილმა წევრმა, თბილისის სახელით მოჭიდავე ბადრი ხასაიამ აჯობა. ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში მან ახალგაზრდული ნაკრების წევრს, არსენ კახაბრიშვილს სძლია, ფინალში კი აკაკი ჯოხაძე დაამარცხა. ცნობისთვის, ჯოხაძე და კახაბრიშვილი გარდაბნის გუნდს წარმოადგენდნენ და კვარცხლბეკის მეორე-მესამე საფეხურებზე ავიდნენ. მეორე ბრინჯაო კი, ბაღდათელ მათე სოფაძეს ერგო.
96 კილოგრამში, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონს, ოზურგეთელ ვლადიმერ ქარჩავას საქართველოს ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება დააკლდა. ოქროს მედალი მას ბაღდათელმა სოსო ჯაბიძემ არ დაანება. მე-3 საპრიზო ადგილით ნაკრების კანდიდატობა ქუთაისელმა სერგო ნინუამ და რუსთაველმა გენადი ხელიამ გაინაღდეს.
მძიმე წონაში მთავარი სიურპრიზი მაყურებელს თბილისელმა გივი მორჩილაძემ შესთავაზა. მოჭიდავემ, რომელიც აქამდე 96 კილოგრამში გამოდიოდა, 120-ში ვერცხლის დებიუტი მოიწყო. ნახევარფინალში მან საქართველოს ნაკრების წევრი რეზო ჭელიძე ჩამოიცილა და ჩემპიონობისთვისაც გვარიანად გაიბრძოლა, მაგრამ ეს ტიტული საბოლოოდ დიმიტრი ჯავახიშვილმა მოიპოვა. ჭელიძემ ბრინჯაოს მედალი იკმარა, ახალგაზრდა სერგო გოგისვანიძესთან ერთად.
საქართველოს პირველობის მედალოსნებს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე, შეკრებებსა და საერთაშორისო ტურნირებზეც დააკვირდება და საბოლოო შვიდეულს, სავარაუდოდ, აპრილის დასაწყისში დაასახელებს. ევროპირველობა კი 13-18 აპრილს ბაქოში გაიმართება.
27-28 იანვარს საქართველოს ჩემპიონატში უკვე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან. შეჯიბრს ბათუმი უმასპინძლებს.
ოთარ მაღლაკელიძე
84 კგ
1 ბადრი ხასაია (თბილისი)
2 აკაკი ჯოხაძე (გარდაბანი)
3 მათე სოფაძე (ბაღდათი)
3 არსენ კახაბრიშვილი (გარდაბანი)
96 კგ
1 სოსო ჯაბიძე (ბაღდათი)
2 ვლადიმერ ქარჩავა (ოზურგეთი)
3 სერგო ნინუა (ქუთაისი)
3 გენადი ხელია (რუსთავი)
120 კგ
1 დიმიტრი ჯავახიშვილი (აჭარა)
2 გივი მორჩილაძე (თბილისი)
3 სერგო გოგისვანიძე (ქუთაისი)
3 რეზო ჭელიძე (ოზურგეთი)







