იტალიური “რომას” მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ romanews-თან ინტერვიუში გუნდის გეგმები “გამოფინა” და იმედი გამოთქვა, მომავალი სეზონი შარშანდელზე არანაკლებ წარმატებული გვექნებაო.
თუმცა არა მარტო ეს – საუბარი შეეხო გასრულებულ მუნდიალს, “ინტერში” ჟოზე მოურინიოს რაფა ბენიტესით შეცვლას, “რომაში” ახალი მფლობელის მოსვლას (შეხსენებისთვის, არაბ შეიხზეა საუბარი, რომელსაც სენსის ოჯახის შეცვლა სურს).
- “რომამ” სეზონისთვის მზადება დაიწყო. პირველი შთაბეჭდილებები?
- ტრიგორიაში ნათლად ვხედავ, რომ ბიჭები ძალიან მონდომებულნი არიან. საერთოდ, საზაფხულო შეკრებებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ: აქ იყრება გუნდის საფუძველი. გასულ სეზონში დავინახეთ, რომ “რომას” დიდი საქმეების კეთება შეუძლია, ფეხბურთელები მშვენივრად იგებდნენ ჩემს აზრებს და ამიტომაც ვიყავით ფანტასტიკასთან ახლოს. “რომას” “ტიფოზებმა” იგრძნეს, რომ ჩვენით უნდა იამაყონ. არადა, გასული სეზონის დასაწყისი გაიხსენეთ, “რომა” რამდენიმე ტურის შემდეგ ბოლო ადგილზე იყო.
- რაც “რომაში” ხართ, სხვა კლუბის გაწვრთნაზე არ გიფიქრიათ?
- “რომაში” დარჩენა მინდა. სიმართლე გითხრათ, რამდენიმე წინადადებაზე უარი ვთქვი. როზელა სენსიმ ახალი კონტრაქტი შემომთავაზა და წესით, შეთანხმება არ უნდა გაგვიჭირდეს.
- რა მიზნები აქვს “რომას” მომდევნო სეზონში?
- ჩემპიონთა ლიგი, სერია A და იტალიის თასი. ამ სამ ტურნირზე ვითამაშებთ და გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ იტალიის სუპერთასი. პრიორიტეტებზე საუბარი არ მიყვარს, მე წინ ყურება მხიბლავს. არავის მოტყუება არ მინდა, ამიტომაც პირდაპირ ვიტყვი – მაქსიმუმის შესრულებაზე ვფიქრობთ. სხვა საქმეა, რამდენად მივაღწევთ ამას. “ტიფოზებს” დადებითი ემოციები უნდა ვაჩუქოთ და საერთოდ, უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ბოლოდროინდელი მოგებები შემთხვევითი არ ყოფილა.
- რამდენად შესაძლებელია, რომ ფაბიო სიმპლისიო ვიცე-პიზარო გახდეს?
- ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სიმპლისიო შევიძინე, ეს იყო. სიმპლისიო და პიზარო – სუპერ-ტექნიკური ფეხბურთელები გვეყოლება მოედნის ცენტრში. და მათ დაუმატეთ ორი არანორმალურად ბრძოლისუნარიანი ნახევარმცველი – დანიელე დე როსი და მატეო ბრიგი. ასე რომ, შუა ხაზში ყველაფერი კარგად გვაქვს.
- იტალიის სუპერთასი ახსენეთ, რომელსაც 21 აგვისტოს “ინტერთან” გამართავთ. იქ მოსაგებად ყველაზე მეტად რა არის საჭირო?
- ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კარგ ფორმაში იქნებიან ჩემი ფეხბურთელები. შარშან სუპერთასი “ლაციომ” მოიგო. რაზე მეტყველებს ეს? მხოლოდ ერთზე: სუპერთასზე გამარჯვება სულაც არაა სეზონის წარმატებით ჩატარების გარანტი. უბრალოდ, კონკრეტულად 21 აგვისტოს ვინც იქნება მზად, ის მოიგებს.
- “რომას” მფლობელის შესაძლო შეცვლაზე საუბარი გუნდზე ცუდად ხომ არ მოქმედებს?
- ფეხბურთელობისას თავად ვყოფილვარ კლუბის მფლობელის შეცვლის მომსწრე, მაგრამ მხოლოდ თამაშზე ვფიქრობდი. ასეა ახლაც.
- გასულ სეზონში ფრანჩესკო ტოტისა და ლუკა ტონის ერთად თითქმის არ უთამაშიათ.
- ტოტიც და ტონიც სერიოზულ ტრავმებს იშუშებდნენ. როდესაც ისინი მწყობრში ჩადგნენ, გუნდი უკვე საკმაოდ დაღლილი იყო საიმისოდ, რათა ჩესკოს და ლუკას გვარიანად მიხმარებოდნენ, ანუ თამაში მათზე აეწყოთ.
- რა განსხვავებაა ტონისა და ადრიანოს შორის?
- ადრიანოს შეტევების დასრულებაც შეუძლია და სიღრმიდან თამაშიც.
- და რა განსხვავებაა მოურინიოსა და ბენიტესს შორის? მოურინიო არ მოგენატრებათ?
- მომენატრება როგორ? მის გარეშე მოწყენილი ხომ არ ვიქნები? არა, ჩემი საქმეც მეყოფა და მაგისთვის დრო არ დამრჩება. ისე, მოურინიოც და ბენიტესიც იტალიური ყაიდის მწვრთნელები არიან, რომლებიც ჯერ დაცვაზე ფიქრობენ. ამიტომაც, ბენიტესის ხელშიც ისეთივე ორგანიზებულ “ინტერს” ველოდები, როგორიც ბოლოს იყო.
- თქვენი აზრით, ვესლი სნეიდერი “ოქროს ბურთს” იმსახურებს?
- ვფიქრობ, კი. “ინტერი” “რეალის” მადლობელი უნდა იყოს, ასეთი ფეხბურთელი რომ დაუთმო. დიეგო მილიტოც კარგი კანდიდატურა იქნებოდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშა.
- მუნდიალმა იტალიური ფეხბურთის კრიზისიც დაადასტურა.
- მარჩელო ლიპიმ ფეხბურთელების ფორმაში არყოფნის გამო წააგო. პირველ რიგში, სწორედ ეს გამოჩნდა. ვერ ითამაშეს ანდრეა პირლომ, ჯანლუიჯი ბუფონიმ, მაურო კამორანეზიმ. იტალიური ფეხბურთი მართლაც რთულ პერიოდს გადის, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ იტალიურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
- “რომას” ახალი მფლობელისგან რომელ, ან როგორი სტილის ფეხბურთელებს მოითხოვთ?
- იმედი მაქვს, რომ ახალი მფლობელი გაცილებით ბევრს მიაღწევს, ვიდრე სენსების ოჯახი. ამ ოჯახს სხვადასხვა სახის ბრალდებებს უყენებდნენ, მაგრამ დრო განსჯის ყველაფერს – მათ ხელში “რომამ” იტალიის საუკეთესო კლუბების ჯგუფში შეაღწია. ფეხბურთელები? ამას უშუალოდ ამხანაგური თამაშებისას გავარკვევთ.
მოამზადა ილია ნანობაშვილმა







