ინტერვიუები

10:11 | 3.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

კობა ჟორჟიკაშვილი: “ელიტ-რაუნდში მოედანზე შიშით ნამდვილად არ გავალთ”

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს, რომლის მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილია, ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში მეტოქეებად – საფრანგეთი, ნორვეგია და ბელარუსი შეხვდა. VI ჯგუფის მატჩები 25-დან 30 მარტის ჩათვლით საფრანგეთში ჩატარდება. პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 25 მარტს მასპინძლებთან გამართავს, 27 მარტს ბელარუსს შეხვდება, ხოლო 30-ში – ნორვეგიას.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირს, 2011 წლის 3-დან 15 მაისამდე, სერბეთი უმასპინძლებს და იქ, მასპინძლებთან ერთად, ელიტ-რაუნდის ჯგუფების (7 ჯგუფი) პირველადგილოსნები იასპარეზებენ.   
ჟორჟიკაშვილს 17-წლამდელების ფინალურ ტურნირზე გაყვანის გამოცდილება აქვს - 2002 წელს, მისმა გაწვრთნილმა 1985 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა ნაკრებმა შვეიცარიაში ითამაშა და 1/4-ფინალშიც გავიდა, სადაც მასპინძლებთან, საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებულ შვეიცარიასთან, 0:3 დამარცხდა. ბუნებრივია, ყველა ქართველი გულშემატკივრის სურვილია, რომ 17-წლამდელებმა მსგავსი წარმატება გაიმეორონ.
 “მსოფლიო სპორტი” ჟორჟიკაშვილს განვლილ კენჭისყრაზე, მეტოქეებზე და ნაკრების მზადების გეგმებზე ესაუბრა.      
- ელიტ-რაუნდის კენჭისყრისას, საქართველოს ნაკრებს რამდენად გაუმართლა?
- შესაძლოა, უარესი შედეგი მიგვეღო. გავიმართლა, რადგან პირველი კალათიდან, სადაც ესპანეთი, იტალია და გერმანია იყვნენ, მეტოქედ ნორვეგია შეგვხვდა. მე-3 კალათიდან ბელარუსი ამოვიდა და ბოლომდე გამართლება იქნებოდა თუ მე-4 კალათიდან ჩვენთან საფრანგეთი არ მოხვდებოდა. თუმცა, რაც შეგვხდა ესაა და წარმატების მიღწევაზე უნდა ვიფიქროთ.
- კალენდარმა თუ დაგაკმაყოფილათ?
- კმაყოფილი ვერ ვიქნები, რადგან ტურნირის მასპინძლებთან პირველი თამაშის ჩატარება სასურველი არაა. თუმცა, ამას მეორე მხარეც აქვს - მომდევნო თამაშებში რომ შევხვედროდით, შესაძლოა, დაღლილები ვყოფილიყავით და უფრო გაგვჭირვებოდა. ახლა დასვენებული ვიქნებით. მოკლედ, ყველაფერი ისე უნდა მივიღოთ, როგორც არის.   
- ჯგუფის ფავორიტად ვის მიიჩნევთ?
- ჩვენი ჯგუფის მატჩები საფრანგეთში ტარდება და ბუნებრივია, ფავორიტად მასპინძელი ითვლება. საფრანგეთის ნაკრებმა ჩემპიონატის შესარჩევ პირველ ეტაპზე კვიპროსში ითამაშა, სადაც მასპინძლების გარდა, იტალიასა და სლოვენიას შეხვდა (ჯგუფში პირველი ადგილი 9 ქულით იტალიამ დაიკავა, ფრანგები 4 ქულით მეორეზე გავიდნენ – რედ.). მე უკვე ველაპარაკე სოსო ჭედიას, თემურ ქეცბაია რომ ჩამოვა, მასაც შევხვდები, რათა, მათი დახმარებით, კვიპროსელებისგან საფრანგეთის თამაშის ვიდეოფირი მოვიპოვოთ. ბელარუსის ნაკრებს ვიცნობ, რადგან პალანგის ტურნირზე შევხდით. მართალია, 2:1 მოვუგეთ, მაგრამ ამ გუნდს ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. შეტევის ხაზი კარგი ჰყავს. ნორვეგიაზე არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს.
- საქართველოს ნაკრებს ,ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების და ფინალურ ეტაპზე გასვლის რა შანსი აქვს?
- ცხადია, ჯგუფში გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ყველაფერი ჩვენს ხელთაა. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ სათამაშო ფორმაში ვიქნებით და მეტოქეები როგორი მომზადებულები შეგვხდებიან. ელიტ-რაუნდში, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთული ჯგუფიდან გავედით და საკმაოდ ნორმალურად გამოვიყურებოდით. ბიჭებს საკუთარი თავის რწმენაც მოემატათ. ელიტ-რაუნდში მოედანზე შიშით ნამდვილად არ გავალთ და თავისუფლად ვითამაშებთ, მაგრამ კონცენტრირებულნიც ვიქნებით.
- ელიტ-რაუნდისთვის მზადებას როდის დაიწყებთ?
- კენჭისყრას ველოდით, რათა ამხანაგური თამაშები ისე დაგვეგეგმა, რომ მომავალ მეტოქეებს არ შევხვედროდით. გვსურს, იანვრის ბოლოს, თებერვალში და მარტის დასაწყისში, ყველაზე ცოტა 2-3 საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ჩავატაროთ. კენჭისყრაზე ლევან ფანიაშვილი იმყოფებოდა, რომელსაც სპარინგების თაობაზე მოლაპარაკების გამართვაც ჰქონდა დავალებული. “გრასრუტის” პროგრამის ფარგლებში, გაიოზ დარსაძე უელსშია წასული და მასაც ვთხოვეთ, რომ უელსის ფეხბურთის ფედერაციას ამხანაგური შეხვედრის გამართვის თაობაზე მოლაპარაკებოდა.
- ცხადია, 17-წლამდელთა ნაკრების ბირთვი შენარჩუნდება, მაგრამ ახალი სახეების გამოჩენა თუ არის მოსალოდნელი?
- განვლილმა თამაშებმა დაგვანახა, ნაკრებს გაძლიერება რომელ პოზიციებზე სჭირდება. ბირთვი შენარჩუნდება, მაგრამ ზოგიერთ პოზიციებზე ფეხბურთელების შეცვლაც არაა გამორიცხული. მითუმეტეს, გრძელი სათადარიგოთა სკამი დაგვჭირდება. რამდენიმე მოთამაშე მონიშნული გვყავს, რომელთაც გამოვცდით.
- საქართველოს ნაკრებს რომელ კომპონენტებში სჭირდება მომატება, რომ ელიტ-რაუნდის დაძლევა შეძლოს?
-  ეს ისეთი ასაკია, როცა ევროპის ქვეყნებში თვლიან, რომ უკვე ფეხბურთელის პროფესიონალური განვითარება უნდა დაიწყოს ყველა მიმართულებით – ტაქტიკური თვალსაზრისით, ფიზიკური კონდიციების მხრივ, საბაზისო ტექნიკის კიდევ სრულყოფა, პიროვნული თვისებების წამოწევა. ცხადია, იგივე ეხება ჩვენი ნაკრების წევრებსაც, რომელთა ფეხბურთელად ჩამოყალიბება, ძირითადად კლუბებში უნდა ხდებოდეს.


ლაშა თაბაგარი  

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.082031