ინტერვიუები

16:56 | 1.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

კობა ჟორჟიკაშვილი: “სულ მესიას ვეძებთ – ერთი ადამიანი ქართულ ფეხბურთს ვერ უშველის”

 კობა ჟორჟიკაშვილის თავკაცობით, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდის მე-6 ჯგუფში, რომელსაც საფრანგეთმა უმასპინძლა, ბოლო ადგილი დაიკავა და ქულის აღება კი არა, მეტოქის კარში გოლი არ გაუტანია. ნაკრების თბილისში დაბრუნების შემდეგ, “მსოფლიო სპორტი” ჟორჟიკაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც საქართველოში ბავშვთა ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე ღიად ისაუბრა.


- რა იყო ელიტ-რაუნდში წარუმატებლობის მიზეზები? ბუნებრივია, მხოლოდ ერთი არ იქნებოდა?
- ეს მიზეზები კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. მთავარია, რომ განვლილი ტურნირიდან სწორი დასკვნები გავაკეთოთ. უნდა გავაანალიზოთ არა მხოლოდ ერთი ტურნირი, არამედ, მთლიანად ქართულ ფეხბურთში არსებული სურათი. შემთხვევით არაა, რომ 11 წელია, რაც ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები ელიტ-რაუნდიდან არ გასულან. ბოლოს 17-წლამდელთა ნაკრები მოხვდა ჩემი ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. საქართველოში საფეხბურთო მეურნეობა არ გვაქვს. კარგ შედეგს გამართული საფეხბურთო სისტემა სჭირდება. უპირველესად, ეს სისტემა უნდა მოვაწყოთ. ფეხბურთელები იზრდებიან კლუბებში და არა ნაკრებებში. ისინი სწორედ ამ სისტემის პროდუქტები უნდა იყვნენ. ჩვენმა ფეხბურთელებმა კი, გახსნა, თავით თამაში და სტანდარტული სიტუაციების დროს როგორ უნდა დადგნენ ისიც არ იციან. ბაჩანა არაბული “მანჩესტერ სიტიში” სინჯებზე რომ ჩავიდა, მიუთითეს თუ როგორ უნდა გაიხსნას. ჩვენ საფეხბურთო სკოლებში თითოეული მწვრთნელი ბავშვს თავისებურად ავარჯიშებს და ერთიანი სისტემა არ არსებობს. ამიტომ, შესაძლოა, ლოკალური წარმატება გქონდეს, მაგრამ ტურნირის მოგებას სულ სხვა რამ სჭირდება. არ გვაქვს ბავშვთა ფეხბურთის განვითარების სისტემა, რომელიც სწორად იმუშავებს. ახლა თუ დავიწყებთ მის შექმნას, შედეგი დაახლოებით 15 წლის შემდეგ გვექნება. ჩვენ დღეს არაფერს ვაკეთებთ სწორად და გვინდა ხვალ საფრანგეთში ამ ქვეყნის ნაკრებს მოვუგოთ.
- პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები სწორედ ფრანგებთან დამარცხდა და ამის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსები მიზერული გახდა...
- საფრანგეთის ნაკრები ჩვენთან სათამაშოდ მოედანზე ძალიან მობილიზებული გამოვიდა. ერთგვარი “ცუდი” სამსახური იმანაც გაგვიწია, რომ თბილისში ინგლისთან ფრე ვითამაშეთ და ესპანეთის ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩი კარგ დონეზე ჩავატარეთ. ფრანგები ყველანაირად მომზადებულნი დაგხვდნენ. ისინი ჩვენთან თამაშამდე 10 დღე შეკრებას ნანტში გადიოდნენ. სხვათა შორის, ნანტის “ლე ბოჟუარის” სტადიონზე ფრანგებმა ერთადერთი შეხვედრა ჩაატარეს და ისიც ჩვენს წინააღმდეგ. ფრანგები ჩვენზე ძლიერები იყვნენ და გვაჯობეს. ეს ტურნირი სხვა განრიგით რომ დაგვეწყო, შესაძლოა, წარმატების მეტი შანსი გვქონოდა. შეიძლებოდა, რომ ძირითადი აქცენტი ბელარუსთან და ნორვეგიასთან შეხვედრაზე გაგვეკეთებინა, მაგრამ პირველსავე მატჩში ფრანგებთან მარცხით ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს მაინც ვკარგავდით. საფრანგეთი ტურნირის საუკეთესო ნაკრები იყო. მართალია, საქართველოდან გამარჯვების იმედით წავედით, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა სახარბიელო არ იყო. ფეხბურთის ფედერაციას არ აქვს იმის საშუალება, რომ ასაკობრივ ნაკრებებს თვენახევრიანი შეკრებები გაუკეთოს და ფეხბურთელებმა ისწავლონ ის ელემენტარული, რასაც წესით კლუბებში უნდა სწავლობდნენ. საქართველოში კი, ისეთი მდგომარეობაა, რომ კლუბებში განათლებული მწვრთნელები არ ჰყოფნით, მარტო “კვადრატით” და “გაიყავით, ორი გოლი ითამაშეთ” საერთაშორისო დონეზე წარმატებაზე ფიქრი ძალიან ძნელია. მითუმეტეს, ზოგიერთ ფეხბურთელს ესპანეთთან ამხანაგური მატჩების შემდეგ, სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ ჰქონია. ძნელია, საქართველოს “ჭაბუკთა ლიგაში” მოასპარეზე ფეხბურთელებით, “მარსელისა” და პსჟ-ს მოთამაშეებს დაუპირისპირდე.
- ბელარუსთან (0:1) და ნორვეგიასთან (0:5) მატჩებში რა მოხდა? გუნდმა ტურნირი ისე დატოვა, არათუ ქულა არ აუღია, გოლი არ გაუტანია...
- ფრანგებთან მარცხის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი აღარ გვქონდა, მაგრამ მაინც შევეცადეთ, რომ ბიჭები ფსიქოლოგიურად სათანადოდ მოგვემზადებინა. მითუმეტეს, ბელარუსი ცუდი გუნდი არ იყო, მაგრამ არც - დაუმარცხებელი. გოლი კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გაგვიტანეს და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სტანდარტულ სიტუაციებში თამაში ჩვენი გუნდისთვის “აქილევსის ქუსლი” იყო. იგივე, ფიზიკური მომზადების მხრივ ბელარუსები უკეთ გამოიყურებოდნენ. ჩვენგან გოლის გატანის შანსი ვერ გამოიყენეს ზივზივაძემ, სამუშიამ, ხოლო გოგიჩაიშვილის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ბელარუსებთან მატჩში სანდოხაძე გვაკლდა, რომელიც მნიშვნელოვანი ძალაა –თავითაც კარგად თამაშობს და პოზიციურადაც. ნორვეგიასთან ბოლო თამაში გვქონდა და ბუნებრივია, არ გვინდოდა ტურნირი ისე დაგვეტოვებინა, რომ გოლი მაინც ვერ გავეტანა. თავიდან თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ 27-წუთზე, მეტოქემ საჯარიმო გავიტანა. თუმცა, ამის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა სამუშიამ ვერ გაიტანა, შემდეგ მარკოზაშვილმა ბურთს ფეხი ხელსაყრელი მდგომარეობიდან ააცილა. პირველი ტაიმის ბოლოს გოლი კუთხურიდან გაუშვით, მეორე ტაიმში ნორვეგიელებმა გოლი ანალოგიურ სიტუაციაში გაგვიტანეს და უკვე თამაშის შემოტრიალება ძნელი იყო.
- ბაჩანა არაბულის არყოფნამ გუნდზე რამდენად იმოქმედა?
- არაბული დიდი ძალაა ჩვენი გუნდისთვის – გოლის გატანა იცის, შეტევაში ბურთს იჭერს, მეტოქის შეტევის დროს მცველების დახმარებაც შეუძლია. მისმა არყოფნამ ბიჭებზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა. უშუალოდ თამაშების დროს გვიწევდა შეტევის წყვილის ოპტიმალური ვარიანტის ძებნა, რაც საბოლოოდ ვერ მოვახერხეთ.   
- თქვენ მიერ დაშვებულ შეცდომებზე რას იტყვით?
- შესაძლოა, ძალიან ბევრი მოვინდომე იმ სიტუაციაში, როდესაც ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენს სურვილებს არ ემთხვეოდა და რაღაც არასწორედ დავგეგმე. თუმცა, შედეგზე პასუხს არც მარტო მწვრთნელები აგებენ და არც ფეხბურთელები. გარკვეული პერიოდი გავა და დავინახავთ, რომ ასაკობრივ ნაკრებებში კვლავ არასახარბიელო მდგომარეობა გვექნება. ბავშვთა ფეხბურთს ყურადღება სხვაგავარად უნდა მიექცეს. საზღვარგარეთ მოზარდებს სულ სხვანაირად ამზადებენ და აქცენტებს სხვა რამეზე აკეთებენ. ჩვენ არ ვიცით გუნდური თამაში და ვართ ინდივიდუალისტების კრებული. გუნდების შთაბეჭდილებას ნაკლებად ვტოვებთ. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია, ავუხსნი, თუ რა უნდა გაკეთდეს სიტუაციის გაუმჯობესებისთვის. ერთ-ერთი თქვენი კოლეგა წერდა, რომ იგივე 17-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებისთვის ევროპაში წასვლა ადრეაო. ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, რადგან ფეხბურთელი ევროპაში თუ არ წავიდა, საქართველოში სად უნდა გაიზარდოს?! ჩვენ ყოველთვის ვეძებთ მესიას და ვსაუბრობთ - ხან უცხოელი გადაგვარჩენს, ხან - ქართველი. მხოლოდ ერთი ადამიანი ქართულ ფეხბურთს ვერ უშველის. ფეხბურთს სისტემური მიდგომა სჭირდება. ჩვენი ფეხბურთის მდგომარეობიდან გამომდინარე, რატომ უნდა დაგისახონ მიზნად, რომ საფრანგეთს მოუგო?! ვინმემ ერთი მიზეზი მაინც მითხრას, რატომ უნდა დაამარცხოს საქართველომ საფრანგეთი გასვლაზე.                                                                                                                                                                    
- ამ ნაკრების გაწვრთნას სამომავლოდ გააგრძელებთ?
- ჩვენთან არსებული სისტემის თანახმად, ამ ნაკრებს მანამდე გავყვები, ვიდრე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში არ ვითამაშებთ. ასე იყო გიორგი დევდარიანის შემთხვევაშიც. ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამ ნაკრების განვითარება და სხვა ასაკით უფროსი ნაკრებებისთვის ფეხბურთელების მიწოდებაა. მჯერა, რომ სწორი ვარჯიშის შემთხვევაში, ჩვენი გუნდიდან ორ-სამ ფეხბურთელს მომავალში ეროვნულ ნაკრებში თამაში შეუძლია.

 

ლაშა თაბაგარი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173116