ფეხბურთი

23:28 | 9.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“კოლხეთის” ცუდი სტარტი

  საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა, უმაღლეს ლიგაში აღზევებულმა ფოთის “კოლხეთმა” ქუთაისის “ტორპედოს” წინააღმდეგ გამართა. მატჩი ლანჩხუთში შედგა, მიუხედავად ამისა, “კოლხეთის” და “ტორპედოს” გულშემატკივრები უხვად იყვნენ ტრიბუნებზე.

 სანამ შეხვედრა დაიწყებოდა, ”ტორპედოს” რამდენიმე გულშემატკივარმა ფოთელთა ერთ-ერთი ბანერი მოხსნა სტადიონზე, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა  ფოთელ და ქუთაისელ გულშემატკივრებს შორის, საბოლოოდ ბანერი დაუბრუნეს მასპინძლებს და სიტუაციაც განიმუხტა.

  მატჩი “ტორპედოს” სრული უპირატესობით წარიმართა და პირველი შეტევაც ქუთათურებმა განახორციელეს, შეხვედრის მე-6 წუთზე გოგი ფიფია ხელსაყრელი ადგილიდან დაემუქრა სეფიაშვილის კარს, თუმცა მეკარე მშვიდად დაეუფლა ბურთს.

 ფოთელებმა შეტევით უპასუხეს სტუმრებს, “ტორპედოს” საჯარიმოსთან კარგად გაისწორა ბურთი დათა სიჭინავამ და დარტყმაც კარგი გამოუვიდა, ბობღიაშვილმა ნახტომში კუთხურზე მოიგერია ბურთი.

 მე-12 წუთზე მაინც გაიტანა “ტორპედომ”. ტუღუშმა კარგად ჩააწოდა მეტოქის საჯარიმოში, იქ კი ყველას კვასხვაძემ დაასწრო და ანგარიშიც გაიხსნა 0-1.

 “კოლხეთმა” სწრაფად სცადა ანგარიშის გათანაბრება და ასეც მოხდებოდა ნიკა სიჭინავას მიერ ჩაწოდებული ბურთი ნევუჩეს რომ მისვლოდა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ნიგერიელი ფორვარდი ერთ-ერთი გამორჩეული იყო ფოთელთა რიგებში, თუმცა მან გოლის გატანა ვერ შესძლო ამ შეხვედრაში.

 თუ პირველ ტაიმში “კოლხეთი” ასე თუ ისე კონტრიერიშებს მაინც ახორციელებდა, მეორე ტაიმში მოედნის ბატონ-პატრონი ქუთაისელები იყვნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც 56-ე წუთზე კვერნაძემ 0-2 გახადა ანგარიში.

 მატჩის 70-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში 0-3 ჩიკვილაძემ დააფიქსირა.

 ამის შემდეგ ფოთელთა დაცვა საერთოდ მოიშალა, გუნდი შეტევებსაც ვერ ახორციელებდა და საბოლოოდ შეეგუა მარცხს. უფრო მეტიც, რომ არა სეფიაშვილი, “ტორპედო”  უფრო დიდი ანგარიშით დაამარცხებდა ალბათ “კოლხეთს”. საბოლოოდ, შეხვედრა “ტორპედოს” გამარჯვებით 3-0 დასრულდა.

 

ზაზა ინაშვილი: “ძალიან ცუდად ითამაშა გუნდმა, შეკრებიდან გამომდინარე ასე არ უნდა ეთამაშათ. კატასტროფული მდგომარეობა გვქონდა დაცვის ხაზში, რამაც იმოქმედა მთლიანად სათამაშო სისტემაზე. მინდა ფოთელ გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო ასეთი თამაშისთვის. შევეცდებით, რომ მომავალ თამაშებზე  გამოვასწოროთ ეს ხარვეზები”.

რევაზ ძოძუაშვილი: “უპირველესად, ყველას ვულოცავ ეროვნული ჩემპიონატის დაწყებას. რაც შეეხება თამაშს, პირველი ტაიმი უფრო დაძაბული იყო და თანაბარი თამაში იყო. თუმცა მეორე ტაიმში ჩვენმა ბიჭებმა უფრო კარგად ითამაშეს და ღირსეულად მოვიგეთ. ვულოცავ ჩემს გუნდს ამ გამარჯვებას. ”კოლხეთს” კი წარმატებები მინდა ვუსურვო”.

 


კოლხეთი (ფოთი) – “ტორპედო (ქუთაისი) 0:3  (0:1)

9 აგვისტო. ლანჩხუთი, . შევარდნაძის სახელობის ცემტრალური სტადიონი

კოლხეთი: სეფიაშვილი , კილასონია, ჩადუნელი, ცხვიტარია, ლემონჯავა (გულუა, 59), გოგონაია, გუგუჩია (გუგუშვილი, 68), დ. სიჭინავა, შარაშენიძე (ქორჩილავა, 66), ნ.სიჭინავა , ნევუჩე

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

ტორპედო: ბობღიაშვილი, ტაბატაძე, თოდუა, აბრამიძე, ჩადუნელი, ჩაკვეტაძე, ჩიკვილაძე, კვასხვაძე (გელაშვილი, 72), ტუღუში (მარკოზაშვილი, 46) , ფიფია (ქებურია, 60), კვერნაძე

მთავარი მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი

გოლები0-1 კვასხვაძე (12), 0-2 კვერნაძე (56), 0-3  ჩიკვილაძე (70)

გაფრთხილებაჩიკვილაძე (70)    

მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

 

                                                                                                                              ედემი ელერჯია   

0.182083