ბელარუსის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გეორგი კონდრატიევი, მსოფლიოს საფეხბურთო 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოსთან მატჩში, შემადგენლობაში ბევრ ცვლილებას გეგმავს. ამის შესახებ, თამაშამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გეორგი კონდრატიევი: “ყველა ჯანმრთელადაა. გუნდთან ერთად ივარჯიშა დმიტრი ვერხოვცევმა, რომელმაც ტრავმის გამო ესპანეთთან ვერ ითამაშა. ის სრულად გამოჯანმრთელდა და ქართველებთან სათამაშოდ მზად არის. შემადგენლობაზე, ჯერ კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ შემიძლია გავიმეორე, რომ დიდი ცვლილებები იქნება. თუმცა, გასაგებია, რომ ის, როდიონოვს არ შეეხება, რომელიც აუცილებლად ითამაშებს”.
- როგორც ადრე აღნიშნეთ, საქართველოსთან მატჩში შემადგენლობა, უფრო შემტევი იქნება. შესაძლოა, მოედანზე ერთდროულად გლები და ბრესანი ვიხილოთ?
- ასეთი ჩანაფიქრი გონებაში მართლაც მაქვს. მათ ერთდროულად გამოყენებას შევეცდები. უნდა მოვიგოთ და ამიტომ, შემტევი მოთამაშეები გვჭირდება.
- თამაშს რა ტაქტიკით აპირებთ?
- ჯერჯერობით, 2 ვარიანტს განვიხილავ: 4-2-3-1, ან 4-3-2-1 განაპირა ნახევარმცველების გარეშე, რათა შეტევას განაპირა მცველებიც დაეხმარონ.
- ესპანეთთან მატჩში, ფეხბურთელებმა უბურთოდ ბევრი ირბინეს და შესაბამისად, ძალიან ბევრი ძალა დახარჯეს. ფეხბურთელების ძალების აღდგენასთან დაკავშირებით, პრობლემა ხომ არ შეიქმნება?
- ეს, შემადგენლობაში ბევრი ცვლილების კიდევ ერთი მიზეზია. ჩვენ დასვენებული ფეხბურთელები გვჭირდება. ბევრმა მოძრაობამ, შეიძლება, მომავალ თამაშში გადაგვარჩინოს. საქართველოს სასტარტო შემადგენლობაში სერიოზულ ცვლილებებს არ ველი, ამიტომ, რაც შეიძლება ხშირად, პრესინგი უნდა ვითამაშოთ და მეტოქე წნეხის ქვეშ მოვაქციოთ, რომ არაქათი გამოვაცალოთ. ამისთვის, ძალებით აღსავსე ფეხბურთელები აუცილებელია.
- ესპანეთთან მარცხმა, გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ძალიან იმოქმედა?
- მშვიდად ვმუშაობთ და ამ მარცხის შემდეგ, გუნდში ვითარებას არ ვძაბავთ. შეგნებული გვაქვს, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან წავაგეთ. ბიჭებს არ ვადანაშაულებ. ცხადია, უკეთ შეგვეძლო გვეთამაშა და 4 გოლი არ გაგვეშვა. მეორე ტაიმის პირველ ნახევარში, ესპანელებს არცერთი სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ, მაგრამ შემდეგ ჩვენ თვითონ შევცდით სწორ ადგილზე.
- “დინამოს” სტადიონი, ზედიზედ 2 მატჩს, გაუძლებს?
- ესპანეთთან მატჩში მოედნის საფარი კარგ მდგომარეობაში იყო. რაიმე პრეტენზიის წაყენება რთულია. წვიმა თუ არ მოვა, ვფიქრობ, მოედანი კარგ მდგომარეობაში იქნება.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა









