ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, “მილანის” ახალ მთავარ მწვრთნელ კლარენს ზეედორფს ამხნევებს და ამბობს, რომ მისგან დიდი მწვრთნელი დადგება.
მასიმილიანო ალეგრის გუნდიდან გაშვების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ სამუშაოდ ჰოლანდიელი მიიწვია, რომელსაც აქამდე მწვრთნელად არსად უმუშავია.
“მილანმა” საინტერესო არჩევანი გააკეთა. ზეედორფი ნამდვილი ჩემპიონია, რომელმაც კარიერის განმავლობაში ბევრი ტიტული მოიგო და ამ გუნდსაც ძალიან კარგად იცნობს. დიახ, კლარენსს არა აქვს სათანადო გამოცდილება, მაგრამ მას ვიცნობ როგორც მეტოქეს და შემიძლია ვთქვა, რომ ზეედორფი ყველა იმ თვისებითაა დაჯილდოვებული, რაც კარგი მწვრთნელობისთვისაა საჭირო. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - სულაც არა აქვს მნიშვნელობა სად დაიწყებ მუშაობას, მთავარია რას მიაღწევ” - განაცხადა კონტემ.









