ინტერვიუები

14:17 | 21.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ: “დროა, “ბარსელონა” ციდან მიწაზე ჩამოვიყვანოთ”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ამჟამად თურქეთში ისვენებს, სადაც ერთ-ერთი ანატოლიური გამოცემის, “ვატანის” ჟურნალისტი შეხვდა და პირენელს გულშემატკივართათვის საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვა.


- ახალი სეზონიდან მოურინიოს განკარგულებაში თურქული წარმოშობის 3 ფეხბურთელი იქნება...
- იოზილი უკვე თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ “რეალის” ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად. მან ძალიან მალე აუღო ალღო ესპანურ პრიმერა დივიზიონს, ადაპტაციის გავლა პრაქტიკულად არც კი დასჭირვებია და თავიდანვე ფენომენალური ასპარეზობა დაიწყო. შახინსა და ალტინტოპს რაც შეეხება, მათ შესაძლებლობებს ნაკლებად ვიცნობ. მათი მონაწილეობით ბუნდესლიგის რამდენიმე თამაში მაქვს ნანახი. არაფერს დავიშურებ საიმისოდ, შეძლებისდაგვარად დროის მცირე მონაკვეთში ორივე ჩვენი გუნდის სრულუფლებიანი წევრი  რომ გახდეს. დარწმუნებული ვარ, შახინიცა და ალტინტოპიც დასახული ამოცანების გადაჭრაში “რეალს” დახმარებას გაუწევენ.

- შახინი კარგად ასრულებს საჯარიმო დარტყმებს. მას ამის გაკეთების საშუალებას მისცემთ?
- თუკი საჯარიმო დარტყმა ჩემთვის სასურველ და საყვარელ პოზიციაზე დაინიშნება, ნურის ბურთთან არ გავაკარებ. სხვა შემთხვევაში, დაარტყას, პირიქით, მოხარული ვიქნები.
- მომავალ სეზონში მადრიდის “რეალის” უმთავრესი საზრუნავი კატალონური “ბარსელონას” გადასწრება იქნება. ამის გაკეთებას მოახერხებთ?
- პრიმერა დივიზიონის ჩემპიონები რომ გავხდეთ, მინიმუმ პეპ გვარდიოლას გუნდის დამარცხება უნდა შევძლოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გვექნება პირველობის წონადი და რეალური პრეტენზია. გარწმუნებთ, ახალ სეზონში “რეალი” თამაშს კიდევ უფრო მოუმატებს და ვფიქრობ, “ბარსასაც” მოვუგებთ. დროა, ჩვენი უმთავრესი მოწინააღმდეგე ციდან მიწაზე ჩამოვიყვანოთ.
- ლეო მესიზე რას გვეტყვით? რომელი საფეხბურთო ასპექტებით ჩამორჩებით არგენტინელს და რომელით ჯობნით?
- ჩემი და მესის სათამაშო მანერას ყურადღებას ნუ მიაქცევთ და ნუ შეეცდებით მათ შედარებას. მხოლოდ ფეხბურთი და მადრიდის “რეალის” წარმატება მაინტერესებს. დანარჩენი გემოვნების საკითხია.
- თითქმის ყოველთვის იდეალურ სპორტულ ფორმაში ხართ. ეს იმის დამსახურებაა, რომ დაუღლელად ვარჯიში არ გბეზრდებათ და საღამოობით სხვადასხვა შეხვედრებსა და ბარებში სიარულისგან თავს იკავებთ?
- ვერ ვიტყოდი, რომ “რეალის” რომელიმე ფეხბურთელზე მეტს ვმუშაობ. დასვენების ყველაზე კარგი საშუალება კი ძილია. დასაძინებლად ყოველთვის ადრე მივდივარ ხოლმე და დილაობით ენერგია სრულად მაქვს აღდგენილი.
- არის საიმისო შანსი, რომ კრიშტიანუ რონალდუ როდესმე თურქულ საფეხბურთო ლიგაში მოასპარეზე ვიხილოთ?
- წინასწარ გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება. ფეხბურთში ყველაფერი ხდება და თუკი როდესმე რომელიმე თურქული კლუბიდან სარფიანი წინადადება მივიღე, რატომ უნდა ვუპასოხო შეთავაზებას უარით?
- რამდენად ეთანხმებით ინგლისურ პრესაში გავრცელებულ თვალსაზრისს, თითქოს თქვენი წასვლის შემდეგ უეინ რუნიმ საგრძნობლად მოუმატა და “იუნაიტედის” ლიდერად ჩამოყალიბდა?
- გასულ სეზონში უეინს არცთუ ბევრი გოლი (11 გოლი - რედ) გაჰქონდა, მაგრამ  სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო. თუმცა, იგი უწინაც არა მარტო “მანჩესტერის” შემადგენლობაში იყო საუკეთესო, არამედ მთელს პრემიერლიგაშიც. რუნი წარმატებით ჩემი არყოფნის გამო კი არ თამაშობს, არამედ იმიტომ, ძალიან კარგი ფეხბურთელი რომაა.
- უეინს ხშირად უკავშირდებით?
- საკმაოდ ხშირი კონტაქტი მაქვს არა მარტო რუნისთან, არამედ რიო ფერდინანდთან, ნემანია ვიდიჩთან, პატრის ევრასთან. საუბრის მთავარი თემა ფეხბურთია, თუმცა, სხვა ამბებსაც არ ვტოვებთ უყურადღებოდ.
- მაინც რაა მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ინგლისურ პრემიერლიგასა და ესპანურ პრიმერას შორის?
- ესპანური ფეხბურთი უფრო ტექნიკურია, ინგლისში კი აქცენტი ათლეტიზმზე კეთდება. აქედან გამომდინარე, ნისლიან ალბიონზე შედარებით სწორხაზოვნად თამაშობენ. ყველაფრის მიუხედავად, ინგლისელთა უპირველეს დივიზიონს, ესპანელთა უძლიერესი ლიგის გვერდით, პლანეტის საუკეთესო ჩემპიონატად მოვიხსენიებ.
- მადრიდის “რეალში” ძალიან მაღალი ანაზღაურება გაქვთ. როგორ ხარჯავთ ასტრონომიული სიდიდის ხელფასს?
- სპეციალურ საბანკო ანგარიშზე ვინახავ.

 
გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162068