ევროპის მოახლოებულ ჩემპიონატთან დაკავშირებით, უკრაინა-პოლონეთში გასამართი ტურნირის მონაწილეთა მიმართ ინტერესი იზრდება. ამ მხრივ განსაკუთრებული ადგილი პორტუგალიის ნაკრების ლიდერს კრიშტიანუ რონალდუს უკავია, რომელთან ინტერვიუ მადრიდის “რეალის” ვებგვერდმა გამოაქვეყნა.
- გასულ სეზონში უამრავი გოლი გაიტანეთ და მადრიდის “რეალთან” ერთად ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმეთ. ათბალიანი სისტემით საკუთარ გამოსვლას რამდენი ქულით შეაფასებდით?
- საკუთარ თავს ათიანს, გუნდის გამოსვლას კი ცხრიანით შევაფასებდი. “რეალს” ქულა იმიტომ დავაკელი, ჩემპიონთა ლიგის მოგება რომ ვერ შევძელით.
- მაინც რა დააკლდა ‘რეალს” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასავლელად?
- პენალტების სერიაში მარცხი უიღბლობას ბრალდება ხოლმე, მაგრამ თერთმეტმეტრიანები კაკამ, რამოსმა და მე გავაფუჭეთ და ამდენი გამოუყენებელი შანსი ფორტუნის ბრალი ნამდვილად არაა. უპირველესად საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ. “ბაიერნთან” გამნეორებით ნახევარფინალში პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მეორეში კი მოვიკოჭლებდით. შესაძლოა, ეს “ელ კლასიკოს” ბრალია. “ბარსელონასთან” დაპირისპირებამ დიდძალი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ენერგია გამოგვაცალა. თავს სულაც არ ვიმართლებ, მაგრამ ისიც ფაქტია, მიუნხენელებთან გადაღლილები ვჩანდით. ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხის მიუხედავად, “ბაიერნს” უდიდეს გუნდად ვთვლი და იუპ ჰაინკესის გუნდი ფინალში სავსებით დამსახურებულად გავიდა.
- ლა ლიგის მოგების შემდეგ მადრიდელი გულშემატკივრები თქვენგან ჩემპიონთა ლიგის თასის დასაკუთრებას ითხოვენ...
- დარწმუნებული ვარ, “რეალი” მალე მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საიუბილეო, მეათე თასს.
- თქვენი უპირველესი საფეხბურთო ოცნებაც ესაა?
- მთელი მადრიდი “რეალის” მიერ ჩემპიონთა ლიგის მეათედ მოგებას მოუთმენლად ელის და მათი იმედის აღსასრულებლად არაფერს დავიშურებთ. ჩემი მეორე ოცნება პორტუგალიის ნაკრებს უკავშირდება. ეროვნულ გუნდთან ერთად ტიტულის მოგება მწადია. ამასთან ძალიან ახლოს ვიყავით 2004 წელს, მაგრამ მაშინ სამშობლოში ჩატარებული ევროპის პირველობის ფინალში დავმარცხდით. ვფიქრობ, პორტუგალიის ნაკრები წლევანდელ ევროპირველობაზე კარგად გამოვა.
- ამ განცხადების გაკეთება იმის ფონზეც არ გაშინებთ, პორტუგალია “სიკვდილის ჯგუფში” რომ მოხვდა?
- გეთანხმებით, რომ ურთულესად დასაძლევი მოწინააღმდეგეები შეგვახვედრა წილისყრამ, მაგრამ არც ჩვენ მეტოქეებს ექნებათ იოლი თამაშები. ყველას ერთნაირად გაგვიჭირდება. არაფერს დავიშურებთ მეოთხედფინალში გასასვლელად, მიუხედავად იმისა, ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი ჰოლანდია და წინა ევროპირველობის გადამწყვეტი მატჩის მონაწილე გერმანია რომ გვყავს.
- კონტინენტის ჩემპიონატს ჰოლანდიასთამ მატჩით გახსნით...
- პირადად მე ძალიანაც მომწონს, სასტარტო შეხვედრა ასეთ ძლიერ ნაკრებთან რომ გვექნება. იტალიელებისგან განსხვავებით, ბენილუქსელები აქცენტს დაცვაზე არ აკეთებენ, რაც ჩვენ დაპირისპირებას არა მარტო საინტერესოს, სანახაობრივსაც გახდის. ჩვენც და ჰოლანდიელებიც ბურთი კონტროლზე ვაკეთებთ აქცენტს. იმედი მაქვს, ღია თამაში წავა და მაყურებელიც ლამაზ საფეხბურთო სპექტაკლს იხილავს. ვიმეორებ, რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ საბოლოო წარმატების განწყობით მივემგზავრებით ხარკოვში.
- ბურთის კონტროლის გარდა, ჰოლანდიელების ძლიერება რით გამოიხატება?
- მათ რობინ ვან პერსი და არიენ რობენი ჰყავთ. მათ განეიტრალებას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუმცა, არც სხვა ჰოლანდიელი ფეხბურთელების წინააღმდეგ პაექრობისას შეიძლება ყურადღების მოდუნება.
- გერმანიაზე რას გვეტყოდით?
- იოაჰიმ ლიოვის გუნდის დამარცხება ურთულესი საქმეა, მაგრამ შეუძლებელი სულაც არაა. ბუნდესგუნდის აწყობილ მექანიზმს მონდომება და ტექნიკური თამაში უნდა დავუპირისპიროთ.
- ევროპის მომავალი ჩემპიონატის ფავორიტებად რომელ ნაკრებებს მიიჩნევთ?
- ესპანეთს ტიტულის შენარჩუნების მშვენიერი პერსპექტივა აქვს. გერმანიას, ჰოლანდიასა და იტალიასაც ფავორიტთა შორის მოვიხსენიებდი. პორტუგალიაც ნებისმიერი მათგანისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. გულშემატკივრის გასახარებლად არაფერს დავიშურებთ, დანარჩენს უშუალოდ ევროპირველობის ასპარეზობები გამოავლენს.
- საუბრის ბოლოს ამ კითხვაზე გვიპასუხეთ – რომელი მწვრთნელია უკეთესი სერ ალექს ფერგიუსონი თუ ჟოზე მოურინიო?
- სერ ალექსი ჩემთვის მეორე მამასავით იყო. მან ბევრი რამ მასწავლა და მისი ხელმძღვანელობით მანჩესტერის “ოლდ ტრაფორდზე” დაუვიწყარი წლები გავატარე. ამის მიუხედავად, პლანეტის საუკეთესო მწვრთნელად მაინც ჟოზე მოურინიოს მივიჩნევ. მასთან მუშაობა შემდგომი წინსვლის შანსს მაძლევს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ.
გოჩა კაჭარავა









