ავტოსპორტი

5:03 | 17.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

კუბიცას ჰაიდფელდი შეცვლის

 

„ლოტუს რენოს“ ტრავმირებულ პოლონელ რობერტ კუბიცას ადგილს გერმანელი ნიკ ჰაიდფელდი დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია ინგლისურ-ფრანგულ-შვეიცარულმა გუნდმა გაავრცელა. გუნდის ხელძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება ხერესის ტესტების შემდეგ მიიღო, სადაც ჰაიდფელდს კარგი შედეგები ჰქონდა. 33 წლის ჰაიდფელდი „ლოტუს რენოს“ ოფიციალური წევრის სტატუსით დაიწყებს მორიგ სატესტო სესიას, რომელსაც ბარსელონა უმასპინძლებს.

„ძალიან მიხარია, რომ ფორმულა 1-ში დაბრუნების საშუალება მეძლევა. რა თქმა უნდა, მერჩივნა, რომ ეს სხვა გარემოებაში მომხდარიყო, მაგრამ ვამაყობ, რომ მე ვარ ის პილოტი, რომელზეც გუნდმა არჩევანი შეაჩერა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. გუნდის ბაზა ენსტოუნში უკვე მოვინახულე და კმაყოფილი დავრჩი. ყველანი დიდი მონდომებით მუშაობენ, რამაც თავისი შედეგი უნდა გამოიღოს. ხერესის ტესტებმა დიდი სიამოვნება მომანიჭა. გუნდს კარგად შევეწყე, მანქანითაც კმაყოფილი ვარ. ის საკმაოდ ინოვაციურია. მეც ძალიან მონდომებული ვარ და ერთი სული მაქვს, სეზონი როდის დაიწყება“ - ამბობს ჰაიდფელდი (ფოტოზე).

გერმანელი პილოტის თანაგუნდელი, რუსი ვიტალი პეტროვი იქნება, სარეზერვო პილოტებად კი, გუნდში ბრაზილიელი ბრუნო სენა და ფრანგი რომენ გროჟანი არიან გამწესებულნი.

„ჩვენს გუნდს ძალიან ძნელი დრო დაუდგა და ჩვენ სწრაფად უნდა გვემოქმედა. ხერესში ნიკს შანსი მივეცით და მანაც აღტაცებული დაგვტოვა. ის სწრაფი, გამოცდილი და ტექნიკურად გაწაფული მრბოლია, ვისაც ინჟინრებთან ურთიერთობა შეუძლია და თავადაც მანქანა კარგად იცის. ჩვენ ისედაც ვამბობდით, რომ გამოცდილი პილოტი გვჭირდებოდა და ვფიქრობ, ამ საქმისთვის იდეალური კაცი ვიპოვნეთ. იმედია, ბაჰრეინში მასთან ერთად კარგ სტარტს ავიღებთ“ - ამბობს გუნდის შეფი, ერიკ ბუიე.

 

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160937