გულშემატკივრის სვეტი

11:34 | 4.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

კულინარიული ცდუნებანი

არავინ იცის, ვინ უფრო საბრალოა, უარმიო გენერალი, თუ გურმანი და სმა-ჭამის მოყვარული, მაგრამ დიეტაზე მჯდომი სპორტსმენი. მეტადრე თუკი სპორტმენი ქართველია და საცივ-ხინკალ-ბოზბაშ-ჩახოხბილები აქვს გასინჯული. საკუთარი წონის კონტროლი მოჭადრაკეების გარდა, თითქმის ყველა სახეობაში მოღვაწე სპორტსმენების ერთ-ერთი უპირველესი ვალია. და არა მხოლოდ ვალი... არ დაიცავ დიეტას და იმხელა ღიპის მფლობელი გახდები, ბურთის დევნა კი არა, ჩამუხვლაც კი დაგეზარება. გამოსავალიც არსაიდან ჩანს. მაშინ როდესაც რაიმე დიდი რელიგიური თუ სახალხო დღესასწაულია და მთელი ლიხს აქეთ-იქითა ქართველობა დიდ ხარშვაში, ხრაკვასა და ქვაბ-ტაფების ბრახუნში არიან, მიღწევებზე მეოცნებე და რეჟიმის დამცველი სპორტსმენი, მოწყენილი სახით ჭამს ბანანს, აყოლებს ვაშლის წვენს და ცდილობს არ იფიქროს მეზობლის სახლიდან გამოსულ მწვადის სუნზე. ამ დროს კი, შეიძლება ამ დადარდიანებულ კაცში დიდი გურმანი იმალებოდეს. არადა, გურმანობაზე ხალხი ოცნებობს. განა ყველას შეუძლია კარგი და ცუდი, ხარისხიანი და უხარისხო კერძების გარჩევა, მაგრამ თავს ზემოთ როცა ძალა არ არის...
დარწმუნებული ვარ, რომ უნებისყოფო სპორტსმენი, მარტო მოედანზე ან ტატამზე არ არის შარიანი და მეწვრილმანე. თუ კაცი მეტოქისათვის შეგნებულად ტრავმის მიყენებას იკადრებს და საკუთარი კოლეგა, მასსავით ტრავმების მოშიში ადამიანი არ დაენანება, ის სხვა საქმეებშიც ვერ იქნება მთლად დალაგებული. იმდენი კარგი ამბავი და გახარება ჩვენ, რამდენჯერაც ასეთ სპორტსმენებს კვების რეჟიმი, ბოდიშით და ფეხებზე დაუკიდიათ და ჭეშმარიტად ლუარსაბისეულად მისძალებიან ჩახოხბილსა თუ ჩალაღაჯს, თართსა თუ ორაგულს, ბოზბაშსა თუ სუპ-ხარჩოს...
ჩვენ რა გვესაქმება სხვის თეფშზე და არც სხვისი სტომაქის სიგრძე-სიგანის გაზომვა გვწადია. შვებულებიდან დაბრუნებული ღიპდადებული სპორტსმენები საკუთარი თავის გარდა, სხვას აბა როგორ შეუქმნიან პრობლემებს? გუნდურ სახეობებში მოასპარეზე სპორტსმენთა სპორტული კარიერა, საშუალოდ, 10-დან 20-წლამდეა. ანუ, ყველაზე მეტი, ადამიანის ცხოვრების მხოლოდ მეოთხედი (ასწლიანებს არ ვგულისხმობთ). თუ მწვრთნელი თავის სიმაღლეზეა არაა, ამ “მეოთხედსაც” გვარიანად შეუმცირებს და “გაღიპოსნებულ” შეგირდს ვარჯიშის ნაცვლად, ლუდხანის გზას მიასწავლის. რად გვინდა შორს წასვლა და 9 მთის გადალახვა? აგერ აქვე, შედით თბილისურ ლუდხანებში. ამ ლუდხანებში ხშირად ნახავთ ღიპდადებულ ყოფილ სპორტსმენებს, რომლებსაც ცხოვრების “მიზნად” წუწუნი დაუსახავთ და თავიანთ დაკარგულ ტალანტზე ისე გოდებენ, იმგვარი მოთქმა სესილია თაყაიშვილსაც კი რომ გაუჭირდებოდა.
მასწავლებლად და ჭკუის დამრიგებლად ნამდვილად ვერ გამოვდგები და ამის არც პრეტენზია და არც სურვილი მაქვს, მაგრამ თუ ამ სვეტის სტრიქონებს თვალს რომელიმე ახალგაზრდა სპორტსმენიც აყოლებს, მეგობრული კეთილგანწყობით ვეტყვი, რომ არაფერია სმა-ჭამას გადაყოლილ და ამის გამო “დაბრაკული” სპორტსმენის მოსმენაზე არასასიამოვნო. როდესაც ამ ხალხს უსმენ, განცდა გიჩნდება, რომ საკუთარ მუცელღმერთობაში დამნაშავედ ყველა ჩვენთაგანს თვლიან და რაკი ყველა - მთელი საზოგადოება ასეთი “დამნაშავეები” ვართ მის წინაშე, ბოდიშის მოხდაც არ უნდა დავიზაროთ.
სპორტსმებისაგან სწორედ ამიტომაცაა აუცილებელი რამდენიმეწლიანი მოთმინება და სპორტული კარიერის განმავლობაში დავიწყება იმისა, რომ სადღაც გურჯაანში, მიტუას ბავშვის ნათლობაზე, ზედადგარზე შედგმული 200-კილოგრამიანი ხაშლამის ქვაბი თუხთუხებს. ქართველისაგან ასეთი “სპარტანული” მოთმინების გამოჩენა, რა თქმა უნდა, არც ისეთი ადვილია და არც მალი-მალ სასწორზე დგომა და საკუთარი წონის მონიტორინგია სასიამოვნო, მაგრამ გამარჯვების კვარცხლბეკზე შემდგარ ადამიანს, უმალ დაავიწყდება მისი ცხოვრების თანმდევი მარადიული კულინარიული დარდი და კაეშანი. აბა რომელმა ჭკუათმყოფელმა ადამიანმა შეიძლება ინანოს ის, რომ ჩალაღაჯი მედლებში, ტიტულებში, წარმატებულ კარიერასა და დამსახურებულად მოპოვებულ ბევრ ფულში გაცვალა. ეს ის “ბევრი” ფულია”, რომლითაც კარიერის დასრულების შემდეგ, უამრავი ხარის ბეჭი თუ შავთვალა კეფალი მოუვა. მერე ამ დალოცვილმაც, სახლში მოიმარაგოს მთელი დუნიის სამყოფი სასუსნავი, ჩაიცვას ფლოსტები, პიჟამო, ზოლიანი შარვალი... შემოდგას გაზქურაზე უზარმაზარი ქვაბ-ტაფები და იქამდე იღმურძლოს, სანამ ყბები დაეღლება. ერთი შეიძლება ცოლმა მისცეს შინიშვნა - რა მუცლის ხეთქვა აგიტყდაო, მაგრამ ამას რაიმენაირად აიტანს კაცი...

ლევან სეფისკვერაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161716