ჭიდაობა

18:10 | 12.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას ოქრო და ნოზაძის წარუმატებლობა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები, მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74 კგ) და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი რამაზ ნოზაძე (96), საერთაშორისო ხალიჩას ესპანეთში დაუბრუნდნენ. 10-11 ივლისს მადრიდში ჩატარებულ ესპანეთის გრან პრიზე, საქართველოს სახელით სწორედ ეს ორი მოჭიდავე გამოვიდა. ნაკრების მწვრთნელისა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობის წინასწარ გეგმაში, მადრიდული ტურნირი არ შედიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ორ ტიტულოვან სპორტსმენს თბილისის “ოქროს გრან პრი” ტრავმიანობის გამო გაუცდა, გეგმას თავიდან გადახედეს.
კვირკველია წარმატებულად დაბრუნდა, თან ჩვეულზე ერთი წონითი კატეგორიით მაღლა – 84 კილოგრამში. კენჭისყრამ პირველ წრეში დაასვენა. იტალიელი ზენერესა და ფინელი რინტამაკის ძლევის შემდეგ კი ფინალში გავიდა, სადაც შვედი ლუნგბაკი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. ნოზაძემ კი, მადრიდულ ხალიჩაზე ერთადერთი ბრძოლა ჩაატარა – პირველ წრეში 21 წლის რუმინელ პაპთან დამარცხდა.
16-18 ივლისს, საქართველოს ნაკრები ბაქოში, “ოქროს გრან პრის” სერიის ფინალურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.090459