ლაფანყურში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს სამი ქართველი დაიღუპა, მათ შორის - ვეტერანი სამბისტი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, საქართველოს სამბისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი არჩილ ჩოხელი.
“ბოლო მომენტამდე გვქონდა იმედი, რომ ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ცუდი ამბავი უკვე დადასტურებულია”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს სამბოს ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გაბრიელ ბარჯაძემ.
არჩილ ჩოხელი 1971 წლის 23 მაისს მცხეთის რაიონის სოფელ გალავანში დაიბადა. იყო მსოფლიოს ჩემპიონი (1993), ორგზის მეორე (1994, 1997) და ექვსგზის მესამე (1992, 96, 98, 99, 2000, 02) პრიზიორი, მსოფლიოს თასის მფლობელი (1997) და მეორე პრიზიორი (1996), ევროპის ჩემპიონი (1998), მეორე (2001) და ექვსგზის მესამე (1993, 94, 97, 99, 2000, 02) პრიზიორი. ღირსების ორდენის კავალერი. საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად 4 თვის წინ დაინიშნა. “მსოფლიო სპორტი” მწუხარებას გამოთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს სპეცოპერაციის დროს დაღუპულების - არჩილ ჩოხელის, სოლომონ წიკლაურისა და ვლადიმერ ხვედელიძის ოჯახებს.







