ინტერვიუები

9:43 | 17.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლასანა დიარას მომავალზე წარმოდგენაც არა აქვს

მადრიდის “რეალის” ფრანგი ნახევარმცველი ლასანა დიარა, ბოლო დროს საკუთარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, დარჩება თუ არა “სამეფო კლუბში” და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, მომავალი წლის იანვარში აპირებს.
სეზონის დასაწყისში გავრცელდა ხმები, რომ ფრანგი მადრიდში თავს არაკომფორტულად გრძნობდა, გუნდის ახალ მწვრთნელთან სიტუაციას ვერ აგვარებდა და “ნისლიან ალბიონზე” დაბრუნება სურდა. გარკვეულწილად, ასეთი ინფორმაციის გავრცელება თავად ფეხბურთელის განცახადებებმაც განაპირობა, მაგრამ ახლა, გუნდში მისი მდგომარეობა შეიცვალა და ბუნებრივია, ჟურნალისტებსაც ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, დარჩება თუ არა ლასანა დიარა მადრიდის “რეალში”...
- ოქტომბრის თვეში ამბობდით, რომ იანვარში “რეალში” თქვენს ყოფას გადახედავდით და დარჩენა-არდარჩენის გადაწყვეტილებას მიიღებდით...
- დიახ, მშვიდად მოვიფიქრებ ყველაფერს და გადაწყვეტილებას მივიღებ. ახლა უფრო ბევრს ვთამაშობ და ყველაფერი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. შემიძლია ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლა და იმის დამტკიცება, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. ყოველ ჯერზე, მხოლოდ მომავალ მატჩზე ვარ კონცენტრირებული და რა მოხდება, ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის.
- ახლა გუნდში თავს როგორ გრძნობთ?
- “რეალში” თავს კარგად ვგრძნობ. ვმუშაობ, რათა ვითამაშო და გუნდს დასახული ამოცანების რეალიზებაში დავეხმარო. ასე მარტივადაა საქმე, თუმცა, თვანახევრის წინ გუნდში ძალიან რთული მდგომარეობა მქონდა. მოცემულ მომენტში, ჩემი ამოცანა ყოველ უქმეებზე თამაშია. მსურს, “რეალის” ძირითად შემადგენლობაში დავმკვიდრდე და ეროვნულ ნაკრებში დავბრუნდე. ახლა ჩემი მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე თვენახევრის წინ, თუმცა, მძიმე ფიქრებით თავს არც მაშინ ვიტვირთავდი. როდესაც მოედანზე ვარ, თამაშით ვტკბები და ვცდილობ, გუნდს სარგებელი მოვუტანო. მიმდინარე სეზონში, ზედიზედ ორი თამაში პირველად ჩავატარე, მაგრამ არ ვფიქრობ იმაზე, გამოვალ თუ არა მოედანზე მომავალ შეხვედრაში.
- როგორც ჩანს, მართლაც კარგად გქონიათ საქმე. თქვენი და მოურინიოს ურთიერთობა, გაუმჯობესდა?
- გუნდის ნაწილად თავს ყოველთვის ვთვლიდი და ნელ-ნელა ძირითად შემადგენლობასაც ვუბრუნდები. მწვრთნელს ვესაუბრე და ყველაფერი კარგადაა. როდესაც ფეხბურთელს თამაში არ უწევს, ის კონკურენტუნარიანობას კარგავს, მაგრამ მე მუშაობა არ შემიწყვეტია და მომავალშიც ასე გავაგრძელებ.
- მოდით, პირდაპირ გკითხავთ და თქვენც პირდაპირ მიპასუხეთ - რჩებით “რეალში”, თუ სხვა გუნდში გადასვლის ვარიანტებს განიხილავთ?
- “რეალის” ფეხბურთელი ვარ, მასთან კონტრაქტი მაკავშირებს და ვიმედოვნებ, აქ ბოლომდე დავრჩები, თუმცა, სათამაშო დროც მჭირდება. ახლა მხოლოდ მომავალ შეხვედრაზე ვფიქრობ, მერე კი, ყველაფერს მშვიდად ავწონ-დავწონი და გადაწყვეტილებას ისე მივიღებ. დღეს არ შემიძლია გითხრათ: დავრჩები, თუ კლუბს გამოვიცვლი.
- მართალია, რომ იკერ კასილასი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთთან არ მეგობრობენ?
- მათ შორის ყველაფერი რიგზეა. იკერი ჩვენი კაპიტანია, კრიშტიანუ ერთ-ერთი ლიდერი. ორივე თავის საქმეს აკეთებს.
- მოურინიო ცენტრალური თავდამსხმელის შეძენას გეგმავს, როგორ ფიქრობთ, ის თქვენ გჭირდებათ?
- ჩვენ ორი კარგი თავდამსხმელი გყავს - ბენზემა და იგუაინი ძალიან ძლიერები არიან, მოურინიოს ფიქრები და სურვილები კი, მხოლოდ მისი საქმეა.
- ისურვებდით ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ფრანგული კლუბის წინააღმდეგ თამაშს?
- მართლაც კარგი იქნება “მარსელის”, ან “ლიონის” წინააღმდეგ თამაში. “ლიონთან” სულაც რევანში გვაქვს ასაღები.
 

 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა  

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170402