ინტერვიუები

11:41 | 19.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ჩხაიძე: "ფინეთი ტრამპლინის ქვეყანაა, აზერბაიჯანი – ფულის"

ბოლო წლებია, არცთუ იშვიათად გვიწევს წერა ფინეთის ჩემპიონატზე, სადაც რამდენიმე ქართველი ფეხბურთელია. 32 წლის ნახევარმცველმა ლაშა ჩხაიძემ ფინეთს 2007 წელს მიაშურა და მას შემდეგ იქაა. ჩხაიძე სამოყვარულო ლიგის "კაიაანში" თამაშობს.
ლაშა წარსულში ცნობილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, თემურ ჩხაიძის ვაჟი გახლავთ. სტაჟიან გულშემატკივრებს ეხსომებათ, რომ თემურ ჩხაიძე ლანჩხუთის "გურიას" კაპიტანი გახლდათ – იმ პერიოდშიც, როცა გუნდმა ფურორი მოახდინა და პირველად გადავიდა საბჭოეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
როგორია ფინეთის ჩემპიონატი, რა სპეციფიკისაა, რამდენად რთულია ქართველისთვის შეჩვევა და უღირთ თუ არა აქაურ ფეხბურთელებს ჰოკეის ქვეყანაში წასვლა... ინტერვიუში სწორედ ფინეთში ფეხბურთის მდგომარეობაზეა საუბარი:     
ლაშა ჩხაიძე: "2007 წლიდან ვარ ფინეთში. ჩემამდე იქ მეკარე გიორგი ნიკურაძე თამაშობდა, რომელმაც ტპ-47-ში ჩემი მონაცემები გააგზავნა. მოწვევა გამომიგზავნეს, ჩავედი ამ კლუბში და მერე იქიდან "კაიაანში" გადავედი. ჩემი თანაგუნდელია კახა სამსონია - 25 წლის ფორვარდი. 
- შეგვახსენეთ, საქართველოში რომელ გუნდებში გითამაშიათ...
- თსუ, "გურია", "ლოკომოტივი", "მცხეთა", "სიონი", "ჩიხურა". ფინეთში თავიდან ნიკურაძე და მე ვიყავით, გიორგიმ მალევე დაასრულა კარიერა, შემდეგ კი სხვა ქართველი ფეხბურთელები ჩამოვიდნენ. ყველაზე კარგ გუნდში, რა თქმა უნდა, ირაკლი სირბილაძეა. ტურკუს "ინტერი" ფინეთში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და სირბილაძეზე დიდ იმედს ამყარებენ. სხვათა შორის, ირაკლი თავიდან "კაიაანში" მოიყვანეს ჩემი რეკომენდაციით, მაგრამ მწვრთნელმა დაიწუნა.
- "კაიაანში" დაიწუნეს?
- დიახ. არ ვიცი, რა არ მოეწონა მწვრთნელს, მაგრამ მას დღესაც დასცინიან სირბილაძის გაშვების გამო.
- ფინეთი ქართველებისთვის ეგზოტიკური ქვეყანაა: უცხო კლიმატი, უცხო ყაიდის ფეხბურთი... ალბათ, რთულია ფეხის მოკიდება...
- ძალისმიერი ფეხბურთია და აკი, ასეთი სტილის ფეხბურთელმა სირბილაძემ კარგადაც წარმოაჩინა თავი. მხოლოდ ტექნიკით და რბილი მანერით ფინეთში ძნელია დამკვიდრება. კლიმატს რაც შეეხება, ძალიან ცივა, განსაკუთრებით კი, ჩემს მხარეში. კაიანი ფინეთის სამხრეთში არაა. ჰელსინკიში და სამხრეთის სხვა ქალაქებში სიცივე იმდენად არ იგრძნობა. ხალხი ცივია, მაგრამ თუ დაინახეს, რომ წესიერად ცხოვრობ და პატიოსანი ხარ, ძალიან კარგად მოგექცევიან.
- იარი ლიტმანენის წინააღმდეგ როდესმე თუ გითამაშიათ? რა თქმა უნდა, თასს ან ამხანაგურს ვგულისხმობთ.  
- ვერა, ლიტმანენს ვერ შევხვდი. ისე, სიგიჟემდე უყვართ მთელ ფინეთში. პელე, მარადონა და ლიტმანენი – მათთვის ასეა.
- რას იტყვით, საქართველოს ჩემპიონატიდან ფინეთში გადასვლა თუ უღირთ ფეხბურთელებს?
- თუ ჰიკი-ი, "ჰაკა" ან "ინტერია", რატომაც არა. აქ ერთი მომენტია: ფინეთში ფულის გულისთვის არ უნდა წახვიდე. ვერ გამდიდრდები, ეს აზერბაიჯანი არაა. უბრალოდ, ფინეთიდან შედარებით იოლია ევროპის კარგ გუნდში წასვლა. მაგალითად, ტეემუ პუკი შარშან "შალკემ" შეიძინა. პლუს, ფინეთში ცხოვრების მაღალი დონეა. ანუ, პერსპექტივის მხრივ ფინეთი სჯობს, მაგრამ ფეხბურთში დიდი ფული არ ტრიალებს და გამდიდრების ილუზია არ უნდა გქონდეს.
- აი, ჰოკეი რომ იყოს...
- რა შედარებაა, ჰოკეიზე გიჟდებიან. შარშან ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ნახვა მინდოდა ტელევიზორში, მაგრამ ყველა არხზე ჰოკეი გადიოდა. ჩემი თანაგუნდელების უმეტესობას შვილი ჰოკეიზე დაჰყავს. როგორია, ფეხბურთელი შვილს ჰოკეიზე რომ ატარებს, მაგრამ მეტი პერსპექტივაა, მეტი პრესტიჟია.
- 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში საქართველო და ფინეთი ერთ ჯგუფში მოხვდნენ. როგორი თვალით უყურებენ ფინეთში საქართველოს ნაკრებს?
- გასვლის ილუზია არავის აქვს, რადგან ჯგუფში ესპანეთი და საფრანგეთი არიან. საქართველოსა და ბელარუსს კი თავიანთი დონის ნაკრებებად მიიჩნევენ. მართალია, ფინეთი კლასით არ გამოირჩევა, მაგრამ ნორმალური ნაკრებია და ვფიქრობ, ჰელსინკიში ჩვენებს გაუჭირდებათ. აი, საქართველოში კი, აუცილებლად უნდა მოვუგოთ.   
 

 

ილია ნანობაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162617