უკრაინის პირველი ლიგაში მეორე პოზიციაზე მყოფ “ჰოვერლა-ზაკარპატიას” საუკეთესო ბომბარდირმა ლაშა ჯაკობიამ, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
- “ჰოვერლას” შემადგენლობაში ჩატარებული რომელი მატჩი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
- ნიკოლაევში ჩატარებული თამაში, რომელშიც გამარჯვების გოლი გავიტანე.
- თქვენი საყვარელი კლუბი რომელია?
- ბევრი კლუბი მომწონს, მაგრამ საყვარელი ისაა, რომელშიც ახლა ვთამაშობ.
- გჯერათ, რომ “ჰოვერლა-ზაკარპატიაში” პარტნიორებთან ერთად წარმატებას მიაღწევთ?
- რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ აქ იმისთვის შეგვკრიბეს, რომ “გოვერლას” მნიშვნელოვანი წარმატება მოვუტანოთ.
- ბავშვობიდან რომელ კლუბს გულშემატკივრობთ?
- იტალიის “მილანს”.
- ყველაზე მეტად რომელი ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატი მოგწონთ?
- ინგლისის ჩემპიონატი.
- დღესდღეობით, მსოფლიოს უძლიერეს საფეხბურთო პირველობად რომელს თვლით?
- ინგლისის პრემიერლიგას.
- შეგიძლიათ ყველა დროის “დრიმ-თიმი” დაასახელოთ?
-კასილიასი, დანი ალვეში, რობერტო კარლოსი, კანავარო, ნესტა, გატუზო, ზეედორფი, რონალდო, დი მარია, ზიდანი, მესი.
-კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად რომელი გოლი დაგამახსოვრდათ?
- ყველაზე მეტად ბელგიის ჩემპიონატში გატანილი პირველი გოლი დამამახსოვრდა, როდესაც “სტანდარდში” ვთამაშობდი და “გენკს” გავუტანე. მაშინ, მხოლოდ 19 წლის ვიყავი. გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბურთი გავიტანე ხარკოვის “მეტალისტის” შემადგენლობაში ბოლო წუთებზე კიევის “დინამოს” კარში.
- ფეხბურთის გარდა, ცხოვრებაში კიდევ რა გატაცება გაქვთ?
- მთელ თავისუფალ დროს ოჯახს ვუძღვნი.
- პარტნიორებიდან მოედანზე ყველაზე ადვილად საერთო ენას ვისთან პოულობთ?
- ყველაზე კარგად ერთმანეთს მე და ეღიშე მელიქიანი ვუგებთ, როგორც მოედანზე, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.
- ზაკარპატიული დიალექტის რამდენიმე სიტყვა უკვე იცით?
- ზაკარპატიული არა, ხოლო უკრაინული ისე რა. მაგალითად: ძალიან კარგი, არაფრის...
- უჟგოროდი მოგწონთ?
- ძალიან მიხარია, რომ ასეთ თვალწარმტაც მხარეში ვთამაშობ. აქ კარგი ხალხია და თავს საუცხოოდ ვგრძნობ.
- ღამის კლუბებში დადიხართ?
- ზოგჯერ, როდესაც დასვენების დღე მაქვს ან შვებულება.
- რომელი ფირმის ავტომობილი გყავთ?
- უჟგოროდში საკუთარი ავტომობილი არ მყავს.
- უკრაინული სამზარეულოდან ყველაზე მეტად რომელი კერძი მოგწონთ?
- ბორშჩი.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- ვისვენებ, მეგობრებს ვხვდები.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა









