ინტერვიუები

10:26 | 13.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა სალუქვაძე: "ბერდიევს დაველაპარაკები – თამაში მინდა "რუბინშიც" და ნაკრებშიც"

ლაშა სალუქვაძისთვის 2010 წელი შარშანდელივით წარმატებული ვერ გამოდგა, რადგან ჯერ ერთი, ყაზანის “რუბინი” რუსეთის ჩემპიონი ვეღარ გახდა და მესამეობას დასჯერდა, მეორეც, კლუბში სტაბილურად ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდებოდა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც სათადარიგო გახდა.
“რუბინისთვის” სეზონი დასრულდა და სალუქვაძეც თბილისშია. “მსოფლიო სპორტი” ლაშას დაუკავშირდა და აქვე, ინტერვიუც:
- “რუბინით” დავიწყოთ. რატომ არ გათამაშებდათ მწვრთნელი ყურბან ბერდიევი?
- “რუბინში” დიდი კონკურენციაა, პლუს, ლეგიონერების ლიმიტმაც იმოქმედა. მე მითხრეს, რუსული პასპორტი გააკეთეო, მაგრამ უარი ვთქვი. ამიტომაც, ევროტურნირებზე უფრო მიწევდა თამაში, ვიდრე პრემიერლიგაში. და მაინც, ასე არ მინდა გაგრძელება. ხშირად ხდებოდა, ვთამაშობდი, იმ მატჩს ვიგებდით და გოლს არ ვუშვებდით, მაგრამ მეორე მატჩში არ მაყენებდნენ.
- ბერდიევმა მიზეზი რა გითხრათ?
- ჯერ არ მილაპარაკია, 9 იანვარს გვეწყება შეკრება, ჩავალ კლუბში და გავესაუბრები ბერდიევს. ნაკრების ფეხბურთელი ვარ და მითუმეტეს არ მაწყობს უთამაშებლად ყოფნა.
- “რუბინიდან” წასვლაზე ხომ არ ფიქრობთ?
- კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ მიმთავრდება. “რუბინს” ჩემი დატოვება სურს, მაგრამ ჯერ უნდა გავარკვიო, მომიწევს თუ არა თამაში.
- გაქვთ სხვა გუნდებიდან წინადადებები?
- თუ გამოვაცხადებ, რომ “რუბინიდან” წასვლა მსურს, მსურველები ნამდვილად გამოჩნდებიან. შესაძლოა, “რუბინის” დონის გუნდებიდან არ დაინტერესდნენ, მაგრამ მაინც. თუმცა, ჯერ საკითხი ისე არ დგას, თითქოს, “რუბინიდან” გაქცევაზე ვიყო.
- “რუბინისთვისაც” მთლად წარმატებული ვერ იყო ეს სეზონი – რუსეთის ჩემპიონობა დაკარგეთ.
- არც ეს სეზონი იყო ცუდი, ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშეთ და “კოპენჰაგენთან” ბოლო წუთზე დასანანი გოლი გავუშვით, თორემ ვინ იცის, ჯგუფიდან გავსულიყავით კიდეც. საბოლოოდ, მესამე ადგილი დავიკავეთ და ევროპის ლიგაზე გადავედით. გარდა ამისა, რუსეთის სუპერთასი ავიღეთ. ჩემპიონი კი ყოველ წელს ვერ გახდები, რუსეთში მაღალი დონის პირველობაა, რვა გუნდს აქვს ლიდერთა ჯგუფში ყოფნის პრეტენზია და მესამეზე გავედით. “ლოკომოტივი”, “დინამო” და “სპარტაკი” ჩამოვიტოვეთ, რაც იოლი საქმე არაა.
- დავით კვირკველიას მომავალი როგორი იქნება “რუბინში”, შეგიძლიათ გვითხრათ?
- კონტრაქტი დაუმთავრდა და როგორც ვიცი, აქვს სხვა გუნდებიდან წინადადებები.
- ყაზანელთა დუბლებში ახალგაზრდა ქართველი მცველი ავთანდილ ბრაჭული თამაშობდა. მასზე რას გვეტყვით, კმაყოფილები არიან?
- ბრაჭული ექვსთვიანი არენდით იყო “რუბინში”, დუბლებში თამაშობდა და მწვრთნელს მოსწონდა კიდეც. გაგრძელდება თუ არა ხელშეკრულება, ვერ გეტყვით.
- ახლა საქართველოს ნაკრებზეც ვთქვათ. ბევრს უკვირს, რომ ნაკრებში სათადარიგო ხართ...
- მწვრთნელის გადასაწყვეტია და ვერაფერს ვიტყვი. ოქტომბერში ისე მოხდა, რომ მალტასთან მოვიგეთ, გოლი არ გაგვიშვია, ოთხ დღეში კი ლატვიასთან მატჩში მაინც ვერ მოვხვდი ძირითადში. ალბათ, იმის ბრალიცაა, რომ იმ პერიოდში უკვე სტაბილურად ვეღარ ვთამაშობდი “რუბინში”. ნაკრები ჩემთვის ყოველთვის უმაღლესია და იმედია, მომდევნო მატჩებში უფრო ხშირად ვიქნები მინდორზე.  
- რეალურად იმედი გაქვთ, რომ ნაკრების წარმატებული სერია გაისადაც გაგრძელდება?
- რა თქმა უნდა, იმედიანად ვარ. გუნდი შეიკრა. წინა წლებთან შედარებაც არაა, ისეთი შედეგია. უკეთესობას ყველა ხედავს. კარგი ახალგაზრდებიც მოდიან გუნდში.  
- ხშირია ამაზე საუბარი და გვითხარით - ლაშა სალუქვაძე მარჯვენა მცველია თუ ცენტრალური მცველი?
- ჩემთვის უფრო მისაღები ცენტრში თამაშია, თუმცა “რუბინში” ისეთი კონკურენციაა, ოღონდ გათამაშონ და არც ერთი პოზიცია არ უნდა იუკადრისო.
- “ბარსელონასთან” სამ შეხვედრაში ითამაშეთ და აქედან არც ერთი არ წაუგია “რუბინს”. იქნებ, გაიხსენოთ ეს მატჩები...
- “ბარსელონა” – “რუბინის” მეოთხე მატჩი ამასწინათ იყო ჩემპიონთა ლიგაში, რომელშიც არ მითამაშია და წავაგეთ. მეგობრები მეხუმრებოდნენ, აი, ხომ ხედავ, გვარდიოლამ გაიგო შენ რომ არ თამაშობდი და ძირითადი შემადგენლობა დაასვენაო. ისე კი, ჩემი შეფასება რად უნდა, “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში რამდენადაც რთულია, იმდენად საინტერესოცაა.
- ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ვინ მოახდინა თქვენზე? მესიმ?
- ამაზე საუბარიც ზედმეტია – რა თქმა უნდა, მესიმ. “ბარსა” მესის გარეშე სულ სხვა გუნდია და ეს ყაზანში თამაშისას აშკარად გამოჩნდა, როცა 1:1 ვითამაშეთ. თავიდან მინდორზე არ იყო, მაგრამ გამოვიდა და თამაში შეცვალა.     

 

ილია ნანობაშვილი

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090672