2012 წლის ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაზე, 20 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ერთადერთი ქართველი აღმოჩნდა, რომელმაც უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვება შეძლო. ეს მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ძიუდოისტისგან ასეთ დიდ შედეგს ბევრი ნამდვილად არ ელოდა. ლაშა ხომ იუნიორებიდან ძიუდოისტთა ძირითად ნაკრებში სულ რამდენიმე თვის გადასული იყო და ოლიმპიადის მსგავს დიდ ტურნირზეც პირველად ასპარეზობდა. მაგრამ, მონდომებამ, ტალანტმა და საკუთრი ქვეყნის დიდმა სიყვარულმა თავისი საქმე მაინც გააკეთა და ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადაზე საქართველოდან წარგზავნილთაგან რიგით 34-ე სპორტსმენი გახდა, რომელმაც ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები, ალბათ, ყველა სპორტსმენისათვის ესოდენ სანუკვარი ოქროს მედლის დაუფლება შეძლო. მსოფლიო სპორტის ისტორია დიდი გამარჯვებების ისტორიაა. სპორტის მოყვარულებს არაერთი დიდი სპორტსმენი ახსოვთ, რომლებმაც კარიერა ოლიმპიური ჩემპიონობის გარეშე დაასრულეს და რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ასეთი სპორტსმენების უმეტესობის სახელი, დღეს დავიწყების ნისლშია გახვეული. 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა კი უკვე შექმნა ისტორია და ეს მაშინ, როდესაც წარმოშობით ქართლელი სპორტსმენი სულ ახალგაზრდაა და შესაბამისად, ჯერ ყველაფერი წინ აქვს.
ოლიმპოიადის დასრულების შემდეგ თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ ლაშას გამარჯვება სულ თვალწინ მიტრიალებს და ახლაღა შევძელი მასზე ორი სიტყვის დაწერა. ოლიმპიური ოქროს მოპოვების შემდეგ, ლაშა შავდათუაშვილმა საჯაროდ დადო პირობა და ეს მისმა მშობლებმაც დაადასტურეს, რომ ლაშა კვლავ ძველებურად გააგრძელებს ვარჯიშს და მინიმუმ, მომდევნო ათი წლის მანძილზე არაფრის დიდებით არ აპირებს სპორტის იმ სახეობაზე უარის თქმას, რამაც ეს პატარა ბიჭი დიდების კვარცხლბეკზე აიყვანა. მთავარი კი, სწორედ ესაა! ჩვენ გვახსოვს არაერთი გულსატკენი შემთხვევა, როდესაც მნიშვნელოვანი წარმატებების შემდეგ, ქართველი სპორტსმენები სპორტულ კარიერაზე უარს ამბობდნენ და ამას სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებით ხსნიდნენ. დიდი ჩემპიონების გაზრდას წლები სჭირდება და როდესაც ქვეყანას უკვე მომზადებული ტალანტი ხელის გულზე ჰყავს, ნამდვილად გულდასაწყვეტია მისი სპორტიდან ნაადრევად წასვლა. ლაშა შავდათუაშვილის სახელი, ახლა უკვე მთელმა ქვეყანამ იცის და ყველას სჯერა, რომ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ოქროს მედალი, ლაშას კარიერაში მომავალი წარმატებების მხოლოდ დასაწყისი იქნება!
ლაშა შავდათუაშვილი წარმოშობით სოფელ კარალეთიდანაა. იმ სოფლიდან, რომელიც 2008 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე, რუსული საჯარისო ნაწილების მიერ იყო ოკუპირებული. ოკუპაციის დროს, როდესაც რუსული ჯარი კარალეთში და შიდა ქართლის სხვა სოფლებში იდგა, დარწმუნებით, რა თქმა უნდა, არავინ ვიცოდით, საბოლოოდ როგორ განვითარდებოდა მოვლენები და როგორ წარიმართებოდა ამ სოფლებში მცხოვრებთა ბედი. კარალეთელებმა იმ უმძიმეს პერიოდში დაამტკიცეს, რომ უკიდურესად რთულ და საშიშ ვითარებაშიც კი შეიძლება, რომ ადამიანებმა ღირსება შეინარჩუნონ და არ დაკარგონ მომავლის რწმენა. ლაშა შავდათუაშვილიც ხომ კარალეთელია... იმ სოფლისა და იმ კუთხის შვილი, რომელმაც ათასგვარ უბედურებას გაუძლო და მაინც მყარად დგას ფეხზე. აი, ასეთ სოფელში გაიზარდა მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი და იმედია, კიდევ მრავალნი გაიზრდებიან. მით უმეტეს, რომ ამ მხრივ, ტალანტების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივით.
აი, ასეთ გარემოში გაიზარდა ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა შავდათუაშვილი. ჭიდაობა მისი და მისი კუთხის ცხოვრების წესია და იმედია, ეს წესი არასოდეს დაიკარგება!
ლევან სეფისკვერაძე









