საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლაშა შავდათუაშვილი ვარჯიშს ოქტომბრის მეორე ნახევრიდან განაახლებს. ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ახლახან ავსტრიაში საზარდულის ოპერაცია გაიკეთა, ექიმებმა უკვე ტატამზე დაბრუნების თარიღიც დაუგეგმეს, მაგრამ საწყის ეტაპზე მხოლოდ მსუბუქად დატვირთვა ურჩიეს.
“ავსტრიაში ჩვენი ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი დამხვდა და კლინიკაში მიმიყვანა. ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარა და რამდენიმე დღეში უკვე თბილისში დავბრუნდი. როგორც მითხრეს, ვარჯიშს ორ კვირაში დავიწყებ. რა თქმა უნდა მსუბუქად და დატვირთვებს ნელ-ნელა მოვუმატებ” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ლაშა შავდათუაშვილმა.
ოლიმპიური ჩემპიონი საერთაშორისო ტურნირებში სავარაუდოდ მომავალი წლიდან ჩაერთვება, თუმცა, შესაძლოა, წლის ბოლომდეც მოასწროს. საქართველოს ნაკრებს კი უახლოესი შეჯიბრება 3 კვირაში ელის - 27-28 ოქტომბერს ბრაზილია მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ოთარ მაღლაკელიძე







