ფეხბურთი

19:26 | 11.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურა” და ტატანაშვილი სრული სვლით

საჩხერის “ჩიხურამ” ჩემპიონატში მეათედ მოიგო და კვლავაც მყარადაა მეორე ადგილზე. სოსო ფრუიძის გუნდს მარტვილის “მერანთან” ბრძოლა კი გადახდა, მაგრამ სადავეები ხელიდან არ გაუშვია და დამსახურებულად იმარჯვა: შეხვედრის დასაწყისში და მიწურულს გატანილი გოლებით.

მე-8 წუთზე ნიკა კვასხვაძემ გივი ქარქუზაშვილს წაართვა ბურთი, დიმიტრი ტატანაშვილს გაუკეთა პასი, რომელიც ერთ კაცს გასცდა, დაარტყა და მართალია, მეკარემ რეაგირება მოახდინა, მაგრამ ბურთი მაინც შევარდა კარში – 1:0. ეს ტატანაშვილის მე-12 გოლია ამ სეზონში და საუკეთესო ბომბარდირთა დავაში 3-ბურთიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. უკვე მერამდენე ქართულ კლუბში თამაშობს “ტატანა” და ყველგან გამოირჩეოდა ბომბარდირული თვისებებით.

თამაშის სურათს რაც შეეხება, “მერანი” სულაც არ ჩანდა წასაგებად განწირული. დაახლოებით თანაბარი თამაში იყო, თუმცა “ჩიხურას” ფეხბურთელთა შედარებით მაღალი კლასი იგრძნობოდა.  მე-20 წუთზე პაპუნა ფონიავამ შორიდან დაარტყა და რევაზ თევდორაძეს აღება გაუჭირდა, ხოლო მალევე კვასხვაძეს ჰქონდა საგოლე შანსი: ბესიკ დეკანოიძის პასის შემდეგ, ცაციით ურტყამდა და მეკარე ჯონი შეროზიამ მოიგერია.

“მერანმა” მთელ მატჩში ყველაზე აქტიურად პირველი ტაიმის ბოლო 5-წუთიანი მონაკვეთი ჩაატარა. კუჭუხიძეს თავური აუცდა, დამატებაზე კი კიჭი მელიავამ ააცილა. მეორე ნახევრის შუაში “მერანს” ორი მომენტი ჰქონდა, თუმცა ასპროცენტიანს ვერცერთს ვერ დავარქმევთ: კუჭუხიძის მორიგი თავური კვლავ არაზუსტი გამოდგა, შეტევაში ჩართულ გივი ქარქუზაშვილს კი ხელს არავინ უშლიდა ახლოდან დარტყმაში, თუმცა ბურთი საჩხერელთა მცველს მოხვდა და ოდნავ ასცდა კარს.

ეს მომენტები მაინც მწირი ხასიათისა იყო, საერთოდ კი, “ჩიხურა” თამაშს აკონტროლებდა. ბოლოს, მე-80 წუთზე ტატანაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან მარჯვნივ გააყოლა ბურთი გიგა ბეჭვაიას, რომელმაც ერთი შეხებით საჯარიმოში ჯაბა ჯიღაური მოძებმა და ჯიღაურმაც ერთი შეხებით გაიტანა – 2:0. მშვენიერი კომბინაცია იყო.

ბოლოს საინტერესო არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით შოთა ბაბუნაშვილის ორ შორეულ დარტყმას: ერთხელ ოდნავ ააცილა, მეორედ კი თევდორაძემ იოლად აუღო. “ჩიხურა” იოლად პოულობდა სივრცეებს მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან, თუმცა იქ ეფუშებოდა შეტევები.  

“ჩიხურას” მდგომარეობაზე უკვე ვთქვით, “მერანი” კი საპირისპიროდ – ბოლოდან მეორეა ცხრილში. კახა ჩხეტიანის თავკაცობით, მარტვილელებს ჩემპიონატში ჯერ არ მოუგიათ.   

მატჩის შემდეგ:

სოსო ფრუიძე: “საკმაოდ რთული თამაში იყო თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ორი დღის განმავლობაში გუნდი ისვენებდა და სავარჯიშო ციკლი დარღვეული ჰქონდა. და მაინც, ცუდად არ გვითამაშია და 3 ქულაც ავიღეთ”.

კახა ჩხეტიანი: “ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, მეშვიდე თამაში წავაგეთ. “ჩიხურას” კარგი გუნდი ჰყავს, საშემსრულებლო ოსტატობა ჩვენზე მეტი აქვს. ვცდილობდით, კონრშეტევებზე გვეთამაშა, მომენტებიც იყო, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. უნდა გამოვასწოროთ თამაში, ბევრი სამუშაო გვაქვს ყველა კომპონენტში”.

11. 12. 2013. 14:00. მცხეთა. “მცხეთა პარკი”. 100 მაყურებელი

ჩიხურა (საჩხერე) – მერანი (მარტვილი) 2:0 (1:0)

ჩიხურა: თევდორაძე, ოდიკაძე, ლომაშვილი, რეხვიაშვილი, კაშია, ბეჭვაია, დათუნაიშვილი, ნიკა კვასხვაძე (ჯიღაური 66), დეკანოიძე (ქიმაძე 83), გაბედავა, ტატანაშვილი.

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

მერანი: შეროზია, გეგეჭკორი, ფარულავა, გაბუნია, ლაშა ღონღაძე, ქარქუზაშვილი (შულაია 73), მელიავა, ბაბუნაშვილი, ფონიავა, ქათამაძე (სანტოსი 58),  კუჭუხიძე.

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი.

გოლები: 1:0 ტატანაშვილი (8), 2:0 ჯიღაური (81).

გაფრთხილება: ქარქუზაშვილი (28).

 

 

მეგოლეები:

12 - დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)

9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”), დორინ გოგა (“დინამო”),

8 - ჩისკო (“დინამო”)

6 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)

5 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა დვალი (“დინამო”), ჯამბულ ჯიღაური (“ჩიხურა”)

 

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08879