“სალერის თასის” პირველ დღეს, მეორე მატჩში “საბურთალომ” ბენდელას სტადიონზე 2:1 სძლია ჰაიფას “მაკაბის”. შედეგი გასაგებია, თემურ შალამბერიძის გუნდმა მოიგო, მაგრამ ანგარიში არ შეესაბამება თამაშის სურათს – ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდათ მასპინძლებს და 6-7 საგოლე მომენტი გააცუდეს, როცა სტუმრებს გოლის გარდა, საერთოდ არ შეუქმნიათ ხიფათი.
მე-10 წუთზე ლუკა ბლიაძის დარტყმული ძელს მოხვდა, შემდეგ გიორგი თევზაძესა და გიორგი წივილაშვილს აუღო “მაკაბის” მეკარემ. “მაკაბი” იშვიათად გადადიოდა საბურთალოელთა ნახევარზე და ფაქტობრივად, ცალკარა ვიხილეთ, რაც გოლით დასრულდა: გიორგი ხარაიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში – 1:0.
მეორე ტაიმშიც ასე გაგრძელდა. ბლიაძემ ვარდნაში ააცილა, გოშთელიანს მეკარემ აუღო. თუმცა ოდნავ ტემპი შენელდა. “საბურთალომ” თავად გაირთულა სიტუაცია – მცველმა რატი კაკიაშვილმა შეცდომა დაუშვა, მოჰამედ ავადმა წაართვა ბურთი და კაკიაშვილმა ხელით დაქაჩა, რის გამოც, ბოლო იმედის ჯარიმისთვის, საბურთალოელთა მცველი გააძევეს. და მიუხედავად 10 კაცით თამაშისა, შალამბერიძის გუნდი პირველ ნომრად თამაშს აგრძელებდა.
ამიტომაც, კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი გოლი, რომელიც სტუმრებმა გაიტანეს 78-ე წუთზე: ავადმა სისწრაფეში აჯობა მცველებს, ტყვიასავით შევარდა საჯარიმოში და დაბალი, ზუსტი დარტყმით გაათანაბრა – 1:1. ამ გოლიდან ერთ წუთში, ავადი გააძევეს, რადგან იუხეშა და შემდეგ მსაჯსაც ეკამათა.
ბოლო წუთებში კიდევ რამდენიმე შანსი ჰქონდა “საბურთალოს” და აქედან ერთი გამოიყენა: შეცვლაზე შესულმა სანდრო ალთუნაშვილმა მარჯვნიდან ჩაწოდებულს თავური შეაგება და 2:1.
მატჩის შემდეგ თემურ შალამბერიძეს ვთხოვეთ კომენტარი:
- თამაშის ხარისხი კარგი იყო, თუმცა იოლად მოსაგებ შეხვედრაში სიტუაცია გაირთულეთ.
- პირველი თამაში იყო და მაინც იგრძნობოდა დაძაბულობა. გეთანხმებით, საშიშროებას არაფერი წარმოადგენდა და მაინც გავუშვით გოლი. ვეცდებით, მომდევნო მატჩებში ასეთი შეცდომა აღარ დავუშვათ.
- “დნიპროსა” და “ატლეტიკოს” შეხვედრას უყურეთ. ბევრად ძლიერები არიან “მაკაბიზე”?
- “დნიპრო” ნამდვილად არაა “მაკაბიზე” ნაკლები, “ატლეტიკო” კი მართლაც ძლიერია.
საბურთალო – მაკაბი 2:1 (1:0)
საბურთალო: გოშაძე, წოწონავა, კაკიაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, ბარამიძე, ხარაიშვილი, წივილაშვილი, მამუჩაშვილი, გოშთელიანი, ბლიაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ბეროშვილი, მარგველაშვილი, რუხაძე, გვარაძე, ნადარაია, ალთუნაშვილი.
მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე.
მაკაბი: რობინოვი, გაბაი, სტუპინი, გურფაინკელი, ფადიდა, იამ კოენი, ველბლუმი, იარდენ კოენი, ბენ-სირი, ომერ კოენი, ავადი.
შეცვლაზე შევიდნენ: კატაბი, ბობორტი, ბაბა, როტემი, ჯეკი, ჰარაზი.
მწვრთნელი: ორი გუტმანი.
გოლები: 1:0 ხარაიშვილი (34), 1:1 ავადი (77), 2:1 ალთუნაშვილი (82).
გაძევება: კაკიაშვილი (62), ავადი (78).
მსაჯი: ლაშა სილაგავა.
შეხსენებისთვის, “სალერის თასის” გახსნის მატჩში “ატლეტიკომ” “დნიპროს” 4:2 სძლია. 19 დეკემბრის განრიგი ასეთია - 12:00: მაკაბი-ატლეტიკო, 15:00: საბურთალო-დნიპრო.







