ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს საქმეში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამი წევრი: რევაზ ლაშხი (60 კგ), გიორგი ცირეკიძე (84 კგ) და ვასილ იმერლიშვილი (96 კგ) ჩაერთვება.
სამეულიდან ამ რანგის შეჯიბრებზე გამოსვლის გამოცდილება მხოლოდ ლაშხს აქვს. ევროპის ჩემპიონსა (2011) და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტს ბუდაპეშტური მსოფლიოს პირველობის 39 მონაწილეს შორის წილისყრამ 37-ე ნომერი არგუნა და იმ 14 მონაწილეს შორის მოხვდა, ტურნირს პირველივე წრით რომ გახსნიან. სხვა 25 მოჭიდავე კი მეორე წრით დაიწყებს.
პირველ მეტოქედ რევაზ ლაშხს იაპონელი კაზუმა კურამოტო ერგო. თუ დაამარცხებს, შემდეგ ბრძოლას მოლდოველ დონიორ ისლამოვსა და ირანელ მოჰამად ნასერ ნურბახშს შორის მოგებულთან ჩაატარებს. მერვედფინალის შესაძლო მეტოქეთა შორის კი არიან კუბელი ისმაელ ბორერო მოლინა და უნგრელი იშტვან კოზაკი. სატურნირო ბადეში ქართველის მხარეს მოხვდნენ რუსი ივან კუილაკოვი, თურქი არიკ მევლუტი და უზბეკი ელმურატ ტასმურადოვი. მათი და ლაშხის გზები მეოთხედფინალში იკვეთება.
ცირეკიძე ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთვება, უკრაინელ ვასილ რაჩიბასთან შეხვედრით. გამარჯვების შემთხვევაში კი უზბეკი რუსტამ ასაკალოვისა და ბულგარელი ხრისტო დანილოვ მარინოვის წყვილიდან გასულს დაეჭიდება. მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის აზერბაიჯანის ნაკრების წევრ სამან აჰმან ტაჰმასებსა და უნგრელ ვიქტორ ლორინცს გამოვარჩევთ. ბადის ამავე მხარესაა ევროპის 6-გზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, რუსი ალექსანდრ მიშინი.
ვასილ იმერლიშვილი პირველივე წრით და ჰოლანდიის ნაკრების წევრ მეჰდი აბასი დაზმირით დაიწყებს. თუ ჩამოიშორებს, უკრაინელ დიმიტრი ტიმჩენკოსა და ფინელ ტიმო ანტერო კალიოს შორის მოგებულს დაუპირისპირდება. მერვედფინალში ქართველის გზა რუსი ნიკიტა მელნიკოვის გზას კვეთს. ფინალამდე კი ყველაზე სავარაუდო მეტოქე აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე ევროპის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი შალვა გადაბაძეა.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 15 საათიდან დაიწყება.









