საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ჰელსინკიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვების სამი შანსიდან ორი გამოიყენა და ბეგი დარჩიას გუნდის ლონდონურ განაცხადში უკვე ხუთი სპორტსმენია.
რევაზ ლაშხი (60 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) ცოტა ხნის წინ ფინური ტურნირის ფინალში გავიდნენ და შესაბამისად, ოლიმპიური ნორმატივიც შეასრულეს. ოქროს მედლის მოსაპოვებლად ლაშხი ნორვეგიელ სტიგ ანდრე ბერგეს დაუპირისპირდება, ხოლო გეგეშიძე – ბულგარელ ხრისტო მარინოვს.
უკვე ისიც გარკვეულია, რომ 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში კლასიკოსთა ქართულ გუნდს ოლიმპიადაზე წარმომადგენელი არ ეყოლება. ბოლო შანსის გამოყენებას ქემალ ხარაბაძე ცდილობდა, მაგრამ ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში გამოეთიშა.
მეექვსე ლიცენზიის მოსაპოვებლად კვირას ფინურ ხალიჩაზე მძიმეწონოსანი გურამ ფერსელიძე გავა.
ოთარ მაღლაკელიძე







