ჩოგბურთი

20:34 | 21.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლეიტონ ჰიუიტი: "ჩემი ცხოვრების პრინციპია - არასდროს დანებდე"

მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ჩოგანი ლეიტონ ჰიუიტი ერთ ერთი ყველაზე მებრძოლი სულის მქონე ჩოგბურთელია დღევანდელ კლასიფიკაციაში. ამერიკის ქალაქ მემფისში მიმდინარე ტურნირზე ლეიტონმა  იენ სუნ ლუ დაამარცხა (2;6, 7:6, 6:4) და მატჩის მიმდინარეობისას 2 მატჩბოლის მოგერიება მოუხდა.ATP-ის ოფიციალური საიტის ანალიტიკოსი მეტ ფიცჯერალდი ესაუბრა ჰიუიტს პირად ცხოვრებაზე, განვლილ კარიერასა და მომავალ გეგმებზე.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ ბოლოს როდის შეძელით მატჩის შემობრუნება, როდესაც ანგარიშში ასე ჩამორჩებოდით, როგორც ეს დღეს მოახერხეთ?
- ძნელი სათქმელია. აი მაგალითად 2 წლის წინ ისევ მემფისის ტურნირზე, მეორე წრის მატჩში მეორე სეტში 2 მატჩბოლის მოგერიება მოვახერხე და შემდეგ მესამე წრის საგზურიც მოვიპოვე. რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცეები ყოველდღიურად არ ხდება. თან ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ მიღებული ტრავმების შედეგად დიდი დრო გამიცდა და ბევრი ტურნირის გამოტოვება მომიხდა.
- თქვენ ყოველთვის გამოირჩეოდით მებრძოლი სულით, რისი დემონსტრირებაც არაერთხელ მოგიხდენიათ, დღევანდელი მაგალითის ჩათვლითაც. სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდა ტანსაცმელთა ახალი ბრენდი, რომელიც თქვენ შექმენით და სახელწოდებაც შეურჩიეთ C'mon! გვიამბეთ როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე.
- იცით, მე ვიზრდებოდი ცხოვრების ასეთი პრინციპით: "არასდროს არ დანებდე". ძალიან ხშირად საქმისადმი ასეთი მიდგომა ძალიან მშველოდა  და ამის ხარჯზე უამრავი ქულა, ბურთი და მატჩი გადამირჩენია. ეს დევიზი არამარტო საჩოგბურთო კორტებზე მახასიათებს, არამედ პირად ცხოვრებაშიც.
დიახ, მე ხშირად ვყვირივარ C'mon!-ს და ჩემ გულშემატკივრებს ეს კარგად მოეხსენებათ. ბევრი ავსტრალიელისათვის სწორედ ამ სიტყვასთან ვასოცირდები. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე გამომეშვა სპორტული ტანსაცმლის ახალი მიმდინარეობა, რომელსაც სახელად სწორედ ჩემი საყვარელი ფრაზა შევურჩიეთ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციას, რადგან ისინი ხელს უწყობენ ჩემი ბრენდი პოპულარიზაციას და ახალ თაობას შეუძლია სპეციფიკური ფორმებით ისარგებლოს.
- პირადად თქვენ მონაწილეობთ ტანსაცმლის დიზაინის შექმნაზე?
პირადად მე არ ვმონაწილეობ, უბრალოდ ყველა პროცესი ჩემ მიერ იმართება და ირგვლივ ტრიალებს. რა თქმა უნდა უდიდეს ყურადღებას ვაქცევ ყველა იმ მოვლენას, სადაც ჩემი სახელი სარეკლამო სახედ არის წარმოდგენილი.
-საჩოგბურთო სეზონის მიმდინარეობისას თქვენ ძალიან ცოტა დროის გატარება გიწევთ საკუთარ მეუღლესთან და 3 შვილთან. როგორ ეგუებიან ამ ფაქტს ოჯახის წევრები? რთული არ არის თქვენთვისაც?
- რა თქმა უნდა, ეს უძნელესი საქმეა. სან ხოსეს ტურნირზე ბეკი და ბავშვები თან მახლდნენ, თუმცა ეხლა მემფისში გამოფრენა ვეღარ შეძლეს. ყოველთვის ძალიან მიჭირს, როდესაც ისინი ჩემს ახლოს არ არიან. თუმცა ლეიტონ ჰიუიტში ჯერჯერობით ისევ ცოცხლობს მებრძოლი სული და მე განვაგრძობ საჩოგბურთო კარიერას. მუდამ ვერ გაგრძელდება ჩემი პროფესიული კარიერა, როდისღაც აუცილებლად დასრულდება, თუმცა ჯერჯერობით ცხოვრების ამ ეტაპზე ვარ და ჩემი ოჯახი ამაში ძალიან მეხმარება.
- როგორ ცხოვრობენ თქვენი შვილები?
- ქალიშვილები მია და ევა ძალიან გვანან დედას და ეს ძალიან მახარებს. ჩემი ბიჭი კრუზი საკუთარ ბავშვობას მაგონებს. როდესაც ერთად ვართ სულ ვთამაშობთ და ნამდვილად კარგი მეგობრები ვართ.
- დარჩა კი რაიმე ისეთი საინტერესო ფაქტი თქვენს შესახებ, რომელიც თქვენმა გულშემატკივრებმა ჯერჯერობით არ იციან?
არ მგონია. მე კარიერის განმავლობაში იმდენი ინტერვიუ და პრესკონფერენცია  მაქვს ჩატარებული, რომ ჩემს შესახებ პირად გულშემატკივრებს ყველანაირი ინფორმაცია გააჩნიათ. საიდუმლო ნამდვილად არ გახლავთ რომ სპორტის სხვა სახეობებსაც დიდი სიამოვნებით ვადევნებ თვალყურს, განსაკუთრებით ავსტრალიურ ფეხბურთს. ასევე ვმეგობრობ კალათბურთელებთან, ევროპელ ფეხბურთელებთან.
- თქვენ და თქვენს მეუღლეს რომ გაგეცვალათ პროფესიები, როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო წარმატებული გამოდგებოდა მსახიობი ლეიტონ ჰიუიტი თუ ჩოგბურთელი რებეკა ჰიუიტი?
- ჰა ჰა (იცინის). ამ შემთხვევაში უპირატესობა ნამდვილად მე მაქვს, რადგან რამდენიმე წლის წინ მონაწილეობა მივიღე ცნობილი ავსტრალიური სერიალის Home and Away-ის რამდენიმე სერიაში. ბეკი თამაშობს ჩოგბურთს, თუმცა მხოლოდ მოყვარულის დონეზე, რამდენიმეჯერ საქველმოქმედო მატჩშიც მიუღია მონაწილეობა ჩემთან ერთად შერეულ წყვილში. თუმცა ეხლა რომ დავფიქრდი, მეც სერიოზულად გამიჭირდებოდა პროფესიონალი მსახიობის კარიერის გაკეთება.

მოამზადა გიორგი ბარბაქაძემ

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166933