გუშინ, გვიან ღამით, “ბოინგ 737-800”-ის თვითმფრინავმა ავიაკომპანია Air Europa-ს მორიგი რეისი შეასრულა და კატალონური “ბარსელონა” ლონდონში ჩაიყვანა. მოთამაშეებსა და მწვრთნელებთან ერთად, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში კლუბის პრეზიდენტი სანდრო როსელიც გაემგზავრა. გუნდმა ღამე სასტუმრო Hotel The Groove-ში გაატარა, დღეს დილით კი, “არსენალის” საწვრთნელ ბაზაზე დაბანაკდა, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის გაივლის მზადებას. კატალონელ ფეხბურთელთა ახლობლებს რაც შეეხება, ისინი Turkish Airlines-ის თვითმფრინავით ხვალ ჩავლენ ლონდონში და იმავე საფრენი აპარატით, შინ გადამწყვეტი მატჩის დასრულების შემდეგ გაფრინდებიან.
ნისლიან ალბიონზე გაფრენის წინ, ბარსელონელმა ფეხბურთელებმა “კამპ ნოუზე” დახურული ვარჯიში ჩაატარეს, რომელზეც 150-მდე გულშემატკივარმა მაინც მოახერხა შეღწევა. მათ შორის რამდენიმე ჟურნალისტიც იყო, რომელთაც “ბარსელონას” არგენტინელ ვარსკვლავს, ლეო მესის ბლიც-ინტერვიუ ჩამოართვეს.
- 2009 წელს, რომში ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედს” აჯობეთ და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეთ. ამჯერად, როგორ განვითარდება მოვლენები, ლონდონის “უემბლიზეც” ფავორიტი “ბარსელონაა”?
- ცალსახა ფავორიტად ჩვენ გუნდს ნამდვილად ვერ დავასახელებდი. “ბარსა” და პირადად მე, ცხადია, კვლავინდებურად მოსაგებად გავალთ სათამაშოდ, მაგრამ რაც რომში მოხდა, მომავალ შაბათს უნდა დავივიწყოთ. ის ფინალი უკვე ჩვენი ლამაზი ისტორიის სასიამოვნო და ემოციური ისტორიაა. წარსული “მანჩესტერ იუნატედის” დამარცხების საქმეში ვერ დაგვეხმარება. “ბარსელონა” პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დაუპირისპირდება. დარწმუნებული ვარ, ამჯერად უფრო სხვა თამაში იქნება, ვიდრე ორი წლის წინათ, იტალიის დედაქალაქში გვქონდა. ბევრი ამტკიცებს, რომ “მანჩესტერი” ამჟამად უკეთეს ფორმაში იმყოფება. ჩემთვის ამის ან საპირისპიროს მტკიცება რთულია. ყველაფერი მინდორზე გამოჩნდება, მე კი მხოლოდ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თანაბარძალოვანი გუნდების ფინალი გველის.
- სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს ორიოდე სიტყვით როგორ დაახასიათებდით?
- “ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნაიტედი” გარკვეულწილად ერთი ყაიდის გუნდებია – ორივეს ბურთის კონტროლი და შეტევაში სათამაშო დროის დიდი ნაწილის გატარება უყვარს. ჩვენი საშაბათო მოწინააღმდეგის დაცვის საიმედოობაც უნდა გამოვარჩიო. “იუნაიტედის” უკანახაზელები უკვე კარგა ხანია ერთად თამაშობენ და მათი სინქრონული მოქმედება თითქმის არასდროს ირღვევა. ერთი სიტყვით, “მანჩესტერს” ბევრი საფეხბურთო ღირსება აქვს, მაგრამ უნაკლო გუნდი ჯერჯერობით არ ჩამოყალიბებულა. ფინალამდე დარჩენილ დროს მეტოქის შესწავლას მოვანდომებთ, ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ და ინგლისელთა განეიტრალების გზებსა და მეთოდებსაც დავსახავთ. უპირველესად რუნის, ჩიჩარიტოსა და ვალენსიას “ჩაკეტვაზე” უნდა ვიზრუნოთ. წარმოუდგენელია, გუნდი, რომელმაც ინგლისური პრემიერლიგა მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიაღწია, ძალიან ძლიერი არ იყოს, მაგრამ “ბარსელონა” ნებისმიერი რანგის ნებისმიერ მატჩში მხოლოდ მოსაგებად გადის საასპარეზოდ.
- როგორი განწყობით ხვდებით ლონდონურ ფინალს?
- “უემბლიზე” იმ განწყობით გავალ, თითქოს საფეხბურთო კარიერის ბოლო მატჩს ვატარებდე. გრძნობა კი ისეთი მაქვს, რომ აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ამის თქმის საფუძველს ჩემი პარტნიორების კლასი და განწყობა მაძლევს. თუკი “ბარსა” ლონდონში თავის საუკეთესო თვისებებს გამოავლენს, ჩემპიონთა ლიგის თასს კიდევ ერთხელ დავეპატრონებით.
- მოდი, პრიმერა დივიზიონზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა...
- ინდივიდუალურ პრიზებზე მეტად ყოველთვის კოლექტიური ჯილდოების მოგება მახარებს და “ბარსას” მორიგი გაჩემპიონება ჩემთვის ბედნიერების მომტანია, თუმცა, არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ “პიჩიჩის” (ლა ლიგას საუკეთესო ბომბარდირი) ტიტულის დაუფლებაც გულით მეწადა. კრიშტიანუ რონალდუს კი წოდებას ვულოცავ – პრიმერას ბოლო ტურებში იგი შესაშური შედეგიანობით გამოირჩა.
გოჩა კაჭარავა









