გორის “დილას” ბრაზილიელმა ლეგიონერმა ლეონარდო რამოსმა ბელარუსულ ინტერნეტგამოცემა goals.by-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მინსკის “დინამოდან” წასვლის შემდეგ, კარიერის დასრულება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა და საქართველოში ჩამოვიდა.
- ფეხბურთში როგორ დაბრუნდი?
- ორი თვის გასვლის შემდეგ, აგენტს შევატყობინე, რომ კარიერის გაგრძელება მსურდა. მან ცოტა წაიმუშავა და “დილას” ვარიანტი გამოძებნა. უფრო დიდი ხელფასი შემომთავაზეს, ვიდრე “დინამოში” მქონდა. ამასთანავე, საქართველო ბელარუსისგან შორს არაა. სურვილის შემთხვევაში, ჩემს მეგობრებს ჩამოსვლა შეუძლიათ. კონტრაქტი ერთი წლით გავაფორმე. ის ძალაში 1 ივნისამდეა. არ ვიცი, შემდეგ რა იქნება. შესაძლოა, “დილასთან” თანამშრომლობა გავაგრძელო, შესაძლოა – არა.
- ახლა თავს როგორ გრძნობ?
- ყველაფერი კარგადაა. იმედია, მომავალშიც ასე იქნება. უკვე ერთი კვირაა, ჩვენი გუნდი თურქეთში ვარჯიშობს. ყოველდღე დავრბივართ. ბევრს ვვარჯიშობთ ფიზიკურად. მთავარმა მწვრთნელმა მაშინვე გვითხრა: “თურქეთში გატარებული ორი კვირის შემდეგ, მთელი წელი ფიზიკურად მზად იქნებით”. ამიტომ, ვვარჯიშობთ, ვვარჯიშობთ და ვვარჯიშობთ.
- რა იცოდი საქართველოს შესახებ ამ ქვეყანაში გადასვლამდე?
- მხოლოდ ის, რომ საქართველოში ტექნიკური ფეხბურთელები არიან. სხვთა შორის, აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში ბრაზილიელების მიმართ კარგი დამოკიდებულება ჰქონიათ, თუ ისინი ნორმალურად იქცევიან. ეს მომწონს.
- რას იტყვი ქართული ფეხბურთის შესახებ?
- ჩემი აზრით, ქართველებს ფეხბურთის მიმართ ბელარუსებზე უკეთესი დამოკიდებულება აქვთ. ტრიბუნებზე უფრო მეტი ხალხია. თამაშს საპატიო ყურადღება ექცევა. მოთამაშეთა კვალიფიკაციის მხრივ საქართველო ბელარუსს ჩამორჩება. თუმცა, ქართული სტილი უფრო მომწონს. ის ბრაზილიურს ჰგავს. ყველაფერი მშვიდ ტემპში ხდება, შეიძლება ითქვას, ნელ ტემპში. შესაძლებელია, ბურთი მიიღო და მოიფიქრო, შემდეგ რა გააკეთო. ბელარუსში უფრო სწრაფი რეაგირებაა საჭირო, რადგან იქ ძალიან კონტაქტურად და ათლეტურად თამაშობენ.
- რომელი ჩემპიონატია უფრო ძლიერი?
- აი, ეს არ ვიცი... ვფიქრობ, უფრო ბელარუსისა. თუმცა, ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ.
- საქართველოში კარგ ფეხბურთელად მიგიჩნევენ?
- პრინციპში, ასეა. მატჩების მსვლელობისას მწვრთნელს არცერთხელ არ შევუცვლივარ. თუმცა, ერთი შემთხვევა მოხდა, რის გამოც ცოტა ხანი თამაშისგან დასვენება მომიწია.
- მოგვიყევი...
- თბილისის “დინამოს” ვხვდებოდით. ჩვენთვის ეს დერბი იყო. გამარჯვებული სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე პოზიციას იმყარებდა. თუმცა, 0:3 წავაგეთ. ერთ ეპიზოდში მეტოქის მცველი ორთაბრძოლაში შემოვიდა და იდაყვი თავში ჩამარტყა. წარმოგიდგენიათ? პირდაპირ თავში. მადლობა ღმერთს, საფეთქელში არ მომხვდა. ძალიან გავბრაზდი და მას შევაფურთხე. შემდეგ ჩხუბი დაიწყო...
- დისკვალიფიკაცია მოგცეს?
- დიახ. ერთი თვე არ მითამაშია.
- რატომ იფურთხებოდი?
- გაბრაზებული ვიყავი. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ეს ცუდია. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. პლუს ამას, კარგ პრემიებსაც შეგვპირდნენ.
- და როგორი პრემიებია “დილაში”?
- უფრო მეტი, ვიდრე მინსკის “დინამოში”.
- რა თანხას იღებდი “დინამოში” პრემიის სახით?
- “დინამოში” 1000 დოლარს ვიღებდი.
- “დილაში”?
- 1500-1600-ს მაძლევენ.
- შენი მეგობარი გოგო როგორაა? ის ხომ ბელარუსია...
- ეს დრამატული ისტორიაა. ბრაზილიაში წავედი. ცოტა ვიჩხუბეთ. მოკლედ, დავშორდით. 4-5 თვის განმავლობაში ურთიერთობა არ გვქონია. თუმცა, საქართველოში ჩემი გადასვლის შემდეგ, ისევ შევრიგდით. როდესაც თურქეთში შეკრება დასრულდება, ის თბილისში ჩამოსვლას აპირებს. შესაძლოა, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დავქორწინდეთ კიდეც.
- ე.ი. თბილისში ცხოვრობ?
- ჩვენი გუნდი გორიდანაა და “დილა” ჰქვია. თუმცა, თბილისში ვვარჯიშობთ და იქ ვცხოვრობთ. გორში მეტოქეებს ვმასპინძლობთ.
- მოგწონს საქართველოში ცხოვრება?
- ბევრი ძველი შენობაა, ფარღალალაც კი. თუმცა, ხალხი ყველგან ძალიან კეთილია. რუსულად ყველა საუბრობს. ბელარუსში რუსული ტყუილუბრალოდ არ მისწავლია. საქართველოში ცხოვრება მომწონს.
- სადაა უფრო ძვირი ბინის ქირა – ბელარუსში თუ საქართველოში?
- ბელარუსში. მინსკში ბინის ქირაში 700 დოლარს ვიხდიდი, თბილისში – 650-ს.
- როგორ ატარებ თავისუფალ დროს საქართველოში?
- თბილისი ჯერ კარგად არ შემისწავლია. თუმცა, ერთი საინტერესო კაფე ვიპოვე.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა









