მოხარულნი ვართ, რომ “მსოფლიო სპორტის” რუბრიკამ, რომელიც მიზნად საქართველოს უმაღლესი საფეხბურთო ლიგის კლუბების პრეზიდენტთა მკითხველისთვის უკეთ გაცნობას ისახავს, დაინტერესება თვით მომავალ რესპონდენტებში ჰპოვა. რიგი არ დაგვდგომია, მაგრამ “პრეზიდენტების” სადებიუტო პუბლიკაციის შემდეგ ბევრმა გაიგო, რა გვინდა და რისკენ მივდივართ. სამწუხაროდ, ერთ-ერთი ახალგაზრდა, წარსულში ჩემპიონი კლუბის პრეზიდენტმა შემოგვითვალა, ჩემთან ინტერვიუს იმედი ნუ გექნებათო. არადა, ჟურნალისტებთან კომუნიკაციის პრობლემა სწორედ მას არ ჰქონია და არ გვეგონა, თუ მკითხველთან მის შესახვედრად “კოლეგიალური დიპლომატიის” მოშველიება დაგვჭირდებოდა. დიახ, ასეთიც არსებობს - რამდენიმე პრეზიდენტი დაგვპირდა, მასთან აუდიენციის მოწყობაში მე დაგეხმარებითო.
დღევანდელი ჩვენი სტუმარი ს/კ “ტორპედო ქუთაისის” პრეზიდენტი, კომპანია “ვისოლის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ფხაკაძე გახლავთ.
- ბატონო ლევან, თქვენს შესახებ გვიამბეთ.
- დავიბადე თბილისში, 1973 წლის 25 აპრილს. დავამთავრე I ექსპერიმენტალური სკოლა საირმეზე, რომელიც იმ პერიოდში ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ სკოლად ითვლებოდა. მე და ჩემი ძმა ბავშვობიდანვე სპორტით ვიყავით დაკავებულნი. 10 წლის განმავლობაში დავდიოდით ჯერ ცურვაში, მერე კი წყალბურთში. როცა აბიტურიენტები გავხდით, მხოლოდ მაშინ შევეშვით წყალბურთს, რადგან დავდექით არჩევანის წინაშე - სერიოზული სწავლა ან სერიოზული სპორტი.
არადა, ვიდრე უმაღლეს სკოლაში განვაგრძობდით სწავლას, წყალბურთში საკმაოდ სერიოზული შედეგები გვქონდა. ვთვლი, რომ იმ პერიოდში ურიგო შედეგად არ უნდა მიჩნეულიყო საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლები. არ დამავიწყდება, სსრკ-ს ჩემპიონატზე თბილისის გუნდი რამდენჯერაც მოუგებდა რომელიმე მოსკოვურ კლუბს, იმდენჯერ ან მსაჯს დასჯიდნენ, ან მწვრთნელს ან თავად ტურნირის ორგანიზატორებს. მიმაჩნია, რომ მაშინ ქართველი წყალბურთელები სერიოზულ ძალას წარმოადგენდნენ და ქვეყანაში რომ ეკონომიკური სიტუაცია არ შეცვლილიყო, უფრო სერიოზული მიღწევები გვექნებოდა.
- რა ამპლუაში თამაშობდით?
- მე მეკარე ვიყავი, ჩემი ძმა სოსო - თავდამსხმელი.
- არჩევანი სწავლაზე შეაჩერეთ...
- ჯერ იყო ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. სწავლის პარალელურად, II კურსიდან ვმუშაობდი ”თბილკომბანკში”, სადაც გავიარე გზა პრაქტიკანტიდან ბანკის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეობამდე. ეს ყველაფერი 6-7 წელი გრძელდებოდა.
სწორედ ბანკში მუშაობის დროს ჩაეყარა საფუძველი კომპანიას, რომელიც რებრენდინგის შედეგად მომავალში “ვისოლად” გარდაიქმნა. ეს იყო ”კანარგო სტანდარტ ოილი”, რომელიც 1996 წლიდან ახორციელებდა ნავთობპროდუქტების იმპორტს საქართველოში. ჩვენ ეს ჩავთვალეთ საინტერესო სფეროდ, გავხდით აქციონერები და მავანთა მიერ სისტემის სრული მონოპოლიზაციის პირობებში, გავხდით ”პირველი მერცხლები”, ვინც ცდილობდა შესაბამის ბაზარზე რაღაც სეგმენტის დაკავებას. ამას, ბუნებრივია მოჰყვა უკმაყოფილება, მუქარის ზარები, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ ისევ ვაგრძელებდით ჩვენს საქმეს.
ბანკში მუშაობის პერიოდში სწავლა განვაგრძე მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში. საბოლოოდ, იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მოვახმარე ჩვენი ბიზნესის ფეხზე დაყენებას და განვითარებას.
ჩვენი კომპანიის ”ვისოლად” გარდაქმნას (2005) დაემთხვა სფეროში კონტრაბანდული პროდუქციის შემოტანის შეჩერება. მოგეხსენებათ, 2004 წლამდე რა მდგომარეობა იყო ამ მხრივ - შემოტანილი ნავთობპროდუქტების 70% არალეგალური იყო, რაც ჩვენსავით გამჭვირვალედ მომუშავე კომპანიებს ცუდ დღეში აგდებდა.
ჩვენ პარალელურად ვაწარმოებდით საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებათა განვითარებას. ამ მხრივ ერთ-ერთი პერსპექტიული იყო ქართული სპორტი. ჩავთვალეთ, რომ არა მარტო დავხმარებოდით სპორტს გადარჩენაში, არამედ მიგვეცა მაგალითი სხვა ბიზნესმენებისთვის, რათა მათაც ანალოგიური არჩევანი გაეკეთებინათ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგვიწევს ჩვენ ქართული სპორტის გადარჩენაზე კი არა, მის აღორძინებაზე საუბარი.
- დაიწყეთ რაგბიდან...
- დიახ, საწყის პერიოდში ჩვენ მუდმივ დახმარებას ვუწევდით სარაგბო კლუბ ”ყოჩებს”. შემდეგ ჩავთვალეთ, რომ უფრო აქტიურად უნდა ჩავრეულიყავით მის მართვაში და სრულად შევიძინეთ იგი.
ანალოგიურად ხდებოდა ფეხბურთში, სადაც თავდაპირველად მცირე დოზით შევედით. პირველი, რაც გავაკეთეთ, ვიყიდეთ სახელოვანი ფეხბურთელის, მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო სკოლა ”ავაზა”, რომლის სრულ რეკონსტრუქციაში ორ მილიონამდე ლარი დავხარჯეთ.
მოვიდა 2010 წელიც, როცა გადავწყვიტეთ პროფესიული კლუბის, ქუთაისის ”ტორპედოს” შეძენა. მოგეხსენებათ, რა სიტუაცია იყო ქართულ ფეხბურთში ინვესტიციების მოზიდვის მხრივ. ჩვენ ამ სირთულეებმა არ შეგვაშინა. პირიქით, გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ასეთ დროს უნდა გადაგვედგა ეს ნაბიჯი და ვფიქრობ, სწორადაც მოვიქეცით.
- ქართულ ფეხბურთში შესვლისას, თუ გქონდათ არჩევანი, რომლის გაკეთებისასაც ქუთაისის ”ტორპედოზე” შეჩერდით?
- ამ მხრივ არჩევანი დიდი იყო. საბიუჯეტო დაფინანსების მქონე ნებისმიერ გუნდზე შეიძლებოდა დაგვედო ხელი. სახელდებოდა ბათუმის ”დინამო” და სხვა გუნდებიც. ამ საკითხში საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლება, რომელსაც ახლაც დიდი სურვილი აქვს, რომ უმაღლეს ლიგაში მაინც, ფეხბურთს სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი გუნდი არ თამაშობდეს.
ქუთაისის ”ტორპედო” ტრადიციული გუნდია, მას დიდი ხნის ისტორია აქვს, ჰყავს შესანიშნავი ქომაგი. თავად ქუთაისი გახლავთ დიდი საფეხბურთო ტრადიციების ქალაქი და ჩვენი არჩევანიც იმიტომ შეჩერდა მასზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კლუბი, რომელიც ჩვენ შევიძინეთ და მის აღორძინების საქმეს ვეწევით, ისევ იმ გულშემატკივრის საკუთრებაა, ვინც მის თამაშებზე მოდის და ყველაფრის მიუხედავად, მხარს უჭერს.
- თუ იმას გავითვალისწინებთ, რომელი გუნდის თამაშებს ჰყავს სტადიონზე მისული ყველაზე მეტი მაყურებელი, “ტორპედო” უცვლელი ჩემპიონია.
- ამ მხრივ ჩვენ მართლაც ძალიან კარგი მემკვიდრეობა გვერგო. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი პირველი ნაბიჯი მატჩზე დასასწრებ ბილეთზე კვლავ ფასის დადება იყო, “ტორპედოს” თამაშებს მაყურებელი მართლაც არ აკლია. მათ არც წვიმა აშინებთ, არც ყინვა და არც თოვლი. ასეთ მაყურებელს ამაგი ფეხბურთელებმაც უნდა დაუფასონ, მწვრთნელებმაც და რა თქმა უნდა, ჩვენც - კლუბის ხელმძღვანელობამ.
- არჩევანის გაკეთებისას, ალბათ იმაზეც დაფიქრებულხართ, რომ ქართული ფეხბურთი წამგებიანი ბიზნესია.
- როცა კლუბს ვყიდულობდით, ეს არ იყო გათვლილი იმაზე, რომ მოგება დაუყოვნებლივ მიგვეღო. ესაა სერიოზული კაპიტალდაბანდება - ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, რომელსაც კომპანია “ვისოლი” ახორციელებს. 2010 წლის ივლისიდან დღემდე ჩვენს მიერ გაწეული ხარჯი ამ მხრივ ათ მილიონ ლარზე მეტია.
ჩვენ პრაქტიკულად დავასრულეთ ცენტრალური საფეხბურთო არენის ინვესტირება. იქ ყველაფერი გაკეთებულია იმისათვის, რომ სტადიონმა საერთაშორისო დონის შეხვედრებს უმასპინძლოს. ინვესტიციების ჩადება გრძელდება საწვრთნელ ბაზასთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ევროპის წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში აპრობირებულ მეთოდზე.
ძალიან ბევრი კლუბის საწვრთნელი ბაზა დავათვალიერე ევროპაში, ჩვენი არქიტექტორიც გაეცნო უცხოურ გამოცდილებას და მხოლოდ ამის შემდეგ შევჯერდით, როგორი უნდა იყოს “ტორპედოს” ბაზა.
ერთ მაგალითს გეტყვით. ალბათ შეამჩნევდით, რომ საღორიის ბაზის ტერიტორიაზე არის დიდი შენობა, სადაც ფეხბურთელები თამაშამდე იკრიბებოდნენ, ზოგი ცხოვრობდა კიდეც, იქვე იკვებებოდნენ და ა.შ. მთელი ევროპა შემოვიარე და ვერსად ასეთი ტიპის და დანიშნულების შენობა ვერ ვნახე. მათ აქვთ მხოლოდ გასახდელები, საშხაპეები და ვარჯიშის შემდეგ მოსასვენებელი კაფეები.
ფეხბურთელს იქ არავინ აკონტროლებს, თუ როგორ იკვებება ის შინ, როგორ ატარებს თავისუფალ დროს. ისინი პროფესიონალები არიან და მწვრთნელმა იცის, რომ იგი ისეთი მოვა ვარჯიშის თუ თამაშის წინ, როგორიც მას სჭირდება მოედანზე.
ასეთი უზარმაზარი შენობები თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის კლუბს ჰქონდა. მათი შენახვა მიზნად ისახავდა მხოლოდ ერთს - როგორ გავაკონტროლოთ ფეხბურთელი მატჩამდე და მატჩის შემდეგ. ჩვენ უარი ვთქვით ასეთ შენობაზე და გადავწყვიტეთ, რომ ყოველი მატჩის წინ გუნდი შეიკრიბება სასტუმროში.
აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას გამოგვიჩნდა ახალი სპონსორი. ესაა წყალტუბოში მდებარე ახალი სასტუმრო “პრომეთე”, რომლის მეპატრონემ სიამოვნებით მიიღო ჩვენი წინადადება სპონსორობასთან დაკავშირებით. ჩვენი გათვლებით, წლის განმავლობაში დაახლოებით 45 მატჩის გამართვა მოგვიწევს და სპონსორი საკუთარ თავზე იღებს სასტუმროში “ტორპედოს” უფასოდ განთავსებას. ეს კლუბს მინიმუმ 100-ათასიან წლიურ ეკონომიას მისცემს.
- როგორც ვიცით, იმ დიდ შენობას ახალი დანიშნულება უკვე მოუძებნეთ.
- ჩვენი მუდმივი პრიორიტეტია ბავშვთა ფეხბურთი, რომლითაც მოვედით ქართულ ფეხბურთში. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ გვყავს მთავარი მწვრთნელი, რომელიც ანალოგიურად ხედავს ფეხბურთის განვითარების პერსპექტივას.
ქართველები უდავოდ ნიჭიერები ვართ. ნახეთ, რამდენი კარგი ფეხბურთელი გაიზარდა იმ სიტუაციაში, როცა ბავშვობისას ელემენტარული სავარჯიშო და საყოფაცხოვრებო პირობები არ ჰქონდა. წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, როცა მომავალ თაობას ისეთ პირობებს შევუქმნით, როგორიც მათ უცხოელ თანატოლებს აქვთ. ჩვენი მიზანი სწორედ ესაა და როცა მომავალი წლის სექტემბერში მობრძანდებით ქუთაისის “ტორპედოს” საწვრთნელ ბაზაზე, ნახავთ, რომ ნახსენებ შენობაში განთავსებული იქნება საფეხბურთო აკადემია. ჩვენ იმ ტერიტორიაზე გვექნება 6 საფეხბურთო მინდორი, რომელთაგან მინიმუმ 4 იქნება ბალახის. ხელოვნურსაც იმიტომ ვაკეთებთ, რომ უამინდობის დროს, გუნდებს ვარჯიშის საშუალება მიეცეთ.
- საბავშვო და პროფესიული მიმართულების სწორად წარმართვას კვალიფიცირებული მწვრთნელებიც ესაჭიროება.
- ჩვენი მენეჯმენტის წარმატების საწინდარი ყოველთვის იყო კვალიფიცირებული კადრების შერჩევა. ჩვენ გვყავს ერთ-ერთი საუკეთესო მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე. რა საკითხიც ამ ადამიანმა მისი გუნდში მოსვლის დღიდან დააყენა ხელმძღვანელობის წინაშე, ყველა ობიექტური და “ტორპედოს” უკეთესი მომავლისთვის აუცილებელი ელემენტია.
ვთვლი, რომ ჩვენ მწვრთნელების მხრივ ნამდვილად არ გვიჭირს - ისინი ჩვენთან ყველა დონეზე მუშაობენ და მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბებას ხელს აუცილებლად შევუწყობთ.
შეამჩნევდით ალბათ, რომ დუბლშემადგენლობის მწვრთნელად დავაბრუნეთ გია გიგატაძე, რომელმაც გასულ სეზონში შეუძლებელი შეძლო. იგი პირველი გუნდიდან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ წავიდა, რომ “ტორპედოს” უფრო მეტი ჰქონდა მიზნად დასახული. ვფიქრობდით, რომ უფრო ძლიერი და გამოცდილი მწვრთნელი უნდა გვყოლოდა, რომელიც გუნდს ევროტურნირებზე გაიყვანს და იქაც წარმატებით ათამაშებს.
- ეს ზოგად მიზნებზე. მიმდინარე სეზონში კონკრეტულად რის მიღწევას გეგმავს “ტორპედო”?
- დასანანია, რომ თასზე ვეღარ ვაგრძელებთ ასპარეზობას. დასანანი იყო ის, როგორ გამოეთიშა ჩვენი გუნდი თასისთვის ბრძოლას. ამის მიუხედავად, მინდა მთელ გუნდს დიდი მადლობა ვუთხრა თავდადებისთვის, რადგან “ზესტაფონის” სახით, ყველაზე ღირსეული მეტოქე გვყავდა მეოთხედფინალში და მასთან ბოლო წუთებამდე ასე ღირსეული თამაში დასაფასებელია.
რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი პირველ სამეულში გასვლა და მერე ევროტურნირზე ღირსეული თამაშია. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მწვრთნელთა ამ შემადგენლობისთვის კლუბს ჯერ არაფერი გაუკეთებია, რომ რაღაც შედეგი მოვთხოვოთ. მისი ხელმძღვანელობით ამ ზამთარში პირველი შეკრება ანთალიაში გვექნება, სადაც აუცილებლად დაგვემატებიან ახალი ფეხბურთელები და დარწმუნებული ვარ თებერვლიდან სულ სხვა ფეხბურთს ვაჩვენებთ.
- ისეთს, რომ ტრიბუნები ბოლომდე გაივსება და თან ყველა ბილეთი გაიყიდება?
- ჩვენთვის მტკივნეულ თემას შეეხეთ. 12 ათასივე ბილეთი რომ გაიყიდოს ჩვენს სტადიონზე, ამ გზით მიღებული შემოსავალი მაინც ვერ დაფარავს მატჩისთვის მომზადების ხარჯებს. ჩვენ ხომ არაერთხელ ვთქვით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გვინდა წინსვლა. თორემ მადრიდის “რეალის” და სხვა გრანდების თამაშის დღის შემოსავლებამდე კარგა ხანს რომ ვერ მივალთ, კარგად გვესმის. თუ დღეს კინოს ბილეთში 10 და 15 ლარს იხდის ქართველი მაყურებელი, როცა კარგ სანახაობას მოედანზე აჩვენებ, იგი ამ თანხას ფეხბურთის ბილეთშიც გადაიხდის.
არასდროს დამავიწყდება, ბავშვობაში რა სიხარულით მივდიოდი თბილისის “დინამოს” თამაშზე. ისეთი ინტერესი იყო იმ დროს, პრაქტიკულად პარალიზებული იყო ტრანსპორტით გადაადგილება და საბურთალოდან სტადიონამდე ფეხით წასვლა-წამოსვლაც კი, ბედნიერება იყო.
ვფიქრობ, ქართველი გულშემატკივარი გარკვეულწილად სცოდავს ჩვენი ფეხბურთის მიმართ. ძალიან ბევრმა ის უფრო იცის, რა შედეგით ითამაშა გუშინ “რეალმა”, “მანჩესტერმა” ან “ბაიერნმა”, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატის შედეგი კი არა, მონაწილე გუნდებს ვერ დაასახელებენ. ამ მხრივ, ძალიან დასაფასებელია ის შრომა, რასაც ქართულ ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტები ასრულებთ. თუმცა, რაც არ უნდა ყოჩაღები იყოთ თქვენ, ჩვენ - კლუბები, გულშემატკივრის მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ.
სიმართლე გითხრათ, ამ მხრივ ყველაზე ნაკლები პრეტენზიები ქუთაისის “ტორპედოს” ხელმძღვანელებს გვაქვს, მაგრამ ქართული ფეხბურთი ხომ სხვაგანაცაა. იცით, როგორი გულსატკენია, როცა მივსულვართ ჩვენი გუნდის თამაშზე და სულ რაღაც 50-100 ადამიანი დაგვხვედრია მასპინძელთა მხრიდან? არ არსებობს ფეხბურთელისთვის იმაზე მეტი სასჯელი, ვიდრე ცარიელი ტრიბუნების გარემოცვაში თამაში.
- მინდა ჩვენი ფორუმელების (რომელთა რიცხვი ქართულ სპორტულ საიტებში ყველას სჭარბობს) უმრავლესობის თხოვნა შევასრულო და გკითხოთ. ხშირად ხაზს უსვამთ, რომ “ტორპედო” ტრადიციული გუნდია და ძირითადად ამ ძველმა ბრენდმა გადაგაწყვეტინათ მისი შეძენა. ის ძველი სათამაშო ფორმის შავ-თეთრი ფერები კი, დაივიწყეთ. აპირებთ გუნდისთვის მის დაბრუნებას?
- ჩვენ ნებისმიერი გულშემატკივრის აზრს ვცემთ პატივს. ის, რომ “ტორპედო” ასეთ ფერებშია შემოსილი, ერთ დღეში არ გადაგვიწყვეტია. კარგა ხანი გვქონდა ჩვენი ემბლემა და სათამაშო ფერები გამოქვეყნებული საიტზე და თითქმის არავითარ წინააღმდეგობას არ შევხვედრივართ. ძალიან ბევრისაგან მოგვისმენია, რომ ჩვენი კომპანიის კორპორატიული ფერები ძალიან ხალასი, სასიამოვნო, თანამედროვე და მისაღებია ფეხბურთელთა ფორმებისთვის. გემოვნებაზე არ დავობენ - შეიძლება ვინმეს “ტორპედოს” ძველი ფერები მოსწონდეს, ზოგს ახალი. ვფიქრობ, ეს არაა ის საკითხი, რომელზეც ამ ეტაპზე ღირს დავა.
იმის ფონზე, რომ ჩვენ გვინდა შევქმნათ სრულიად ახლებური ყაიდის გუნდი, ვფიქრობ “ტორპედოს” ფეხბურთელთა სათამაშო ფერების ასეთი გადაწყვეტა სავსებით სამართლიანია.
- არიან გუნდები, რომლებსაც საკუთარ არსენალში ფერების 3 კომბინაცია აქვთ. თუ ძველისკენ დაბრუნების მსურველთა თხოვნებსაც გაითვალისწინებთ, იქნებ ამ გზით მაყურებლის ის ნაწილი მოაბრუნოთ, ვინც გუნდის ახლებურად შემოსვას თავისებურად აპროტესტებს.
- მადლობა მესიჯისთვის. ჩვენ ამ თემას ჩავუღრმავდებით და თუ ვნახავთ, რომ ამის მოთხოვნა არსებობს, არა მგონია პრობლემა იყოს ამ საკითხის გულშემატკივრის სასარგებლოდ გადაწყვეტა. შესაძლოა, საშინაო ან საგარეო ფორმად სწორედ ის ძველი ფერები შევარჩიოთ.
- ქართულ ფეხბურთში მოღვაწე კლუბის პრეზიდენტებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- ნებისმიერი იმ კომპანიის მენეჯმენტთან, რომელიც ჩვენს სფეროში მუშაობს, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. იგივეს ვაკეთებთ ფეხბურთში. პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი ქართულ ფეხბურთში არიან და ამით უკვე ბევრი რამაა ნათქვამი.
მათ შორის არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე შექმნეს კლუბები, მიაღწიეს წარმატებას და ძალიან დასაფასებელია, რომ ამით სტიმული მისცეს სხვებს. მიმაჩნია, რომ ჩვენ მოწინააღმდეგეები მხოლოდ მინდორზე ვართ. მე ძალიან ერთგული ქომაგი ვიყავი “ზესტაფონის”, “დინამოსი”, როცა მათ თამაშებს ვესწრებოდი გასულ ევროტურნირებზე.
ვფიქრობ, რომ ის, თუ როგორ დამოკიდებულებაში ვართ ერთმანეთში პრეზიდენტები, ეს მუხტი ფეხბურთელებზეც გადადის. მე თუ კარგი განწყობა მაქვს “დინამოს” ხელმძღვანელობასთან, ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელებიც ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობიან მოედანზე.
დღიდან ფეხბურთში მოსვლისა, ძალიან ვცდილობ, რომ კოლეგებთან მქონდეს ჯანსაღი და სწორი ურთიერთობა. რამდენიმე მათგანს მანამდეც ვიცნობდი, ზოგი ახლა გავიცანი და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყოველთვის კორექტულები ვიყოთ. შესაძლოა, ქართულ ფეხბურთში ჩვენმა გამოჩენამ გარკვეული შიშიც გამოიწვია, იმ კუთხით, რომ “ვისოლისაგან” სიტუაციის არევ-დარევას მოელოდნენ, მაგრამ მინდა ყველა დავამშვიდო, ჩვენ ვიცით ბიზნესის კეთება და შესაბამისად, კოლეგიალური დამოკიდებულებაც კარგად გვაქვს გათავისებული.
ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი იყოს ძლიერი. ალბათ დამეთანხმებით, რომ წელს ძალიან საინტერესო ჩემპიონატია, რადგან დღესაც კი ძნელია იმის თქმა, ვინ გახდება ჩემპიონი. დღეს თუ 4-5 გუნდი აცხადებს ამ ტიტულზე პრეტენზიას, გვინდა, რომ ხვალ ასეთი 8 გუნდი იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიწყებს მაყურებელი ტრიბუნებზე დაბრუნებას. ამ მიზნის შესასრულებლად, მტრობა მინდორზე უნდა დავტოვოთ, მის გარეთ კი, ყველა ერთმანეთის მეგობრად უნდა ვიქცეთ.
- აზარტული თუ ხართ, ტოტალიზატორში თუ გითამაშიათ?
- არასოდეს. არც ტოტალიზატორში, არც კაზინოში მითამაშია. მოკლედ რომ ვთქვათ, ნაკლებად ემოციური ადამიანი ვარ. კი, როცა ჩვენი გუნდი თამაშობს, ვღელავ კიდეც, მაგრამ შეგუებული ვარ ისეთ აზრს, რომ ყოველთვის მოგებული ვერ ვიქნები. ყველაფერს ასე ვუყურებთ - ჩვენ მოვედით სხვებზე გვიან, მხოლოდ ახლა დავიწყეთ გუნდის შენება და ყველაფერი წინ გვაქვს. წარმატება ერთ დღეში ვერ მოვა, ან თუ იქნება - არ იქნება ხანგრძლივი.
- ბოლოს, თქვენი ოჯახიც გაგვაცანით.
- მყავს მეუღლე და 3 შვილი. გოგონაა 18 წლის. მან წელს ჩააბარა აშშ-ის ქალაქ ბოსტონში, სადაც ბიზნესი აირჩია სპეციალობად. ვაჟი 15 წლისაა და სწავლობს თბილისის ამერიკულ აკადემიაში. ისიც ამერიკაში აპირებს სწავლის გაგრძელებას და მასაც ბიზნესში უნდა მოსინჯოს საკუთარი ძალები. მყავს კიდევ 3 წლის ნიკოლოზი და მომავალი წლის მარტის დასაწყისში მეოთხეს ველოდებით.
ფრიდონ კერვალიშვილი









